არჩეულ მასალაზე გადასვლა

ანატოლი ვილიტკევიჩი და მისი მეუღლე, ალიონა

2021 წლის 7 აპრილი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

განაჩენის მოლოდინში ძმა ანატოლი ვილიტკევიჩი სიმხნევეს არ კარგავს

განაჩენის მოლოდინში ძმა ანატოლი ვილიტკევიჩი სიმხნევეს არ კარგავს

განახლებული ინფორმაცია | რუსეთის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ანატოლის საჩივარი

2021 წლის 16 დეკემბერს ბაშკირეთის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ანატოლის საჩივარი და ძალაში დატოვა თავდაპირველი განაჩენი. მისთვის გამოტანილი სასჯელი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

2021 წლის 27 სექტემბერს უფაში მდებარე ლენინსკის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო ძმა ანატოლი და მას ორწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა.

ზოგადი ინფორმაცია

ანატოლი ვილიტკევიჩი

  • დაბადების წელი: 1986 (ხაბაროვსკის მხარე)

  • ბიოგრაფია: მუშაობს კარ-ფანჯრების ჩაყენებასა და ავეჯის აწყობაზე. 2008 წელს დაქორწინდა ალიონაზე. მათ უყვართ ლაშქრობებზე სიარული და ბუნებაში დროის ერთად გატარება.

    შემოქმედის სიყვარული მშობლებმა ჩაუნერგეს. მას განსაკუთრებით ხიბლავს ღვთის დაპირება იმის შესახებ, რომ ცხოველები და ადამიანები ზიანს აღარ მიაყენებენ ერთმანეთს. 1997 წელს მოინათლა 11 წლის ასაკში.

სასამართლო საქმე

2018 წლის 8 აგვისტოს ძმა ანატოლი ვილიტკევიჩი ეჭვმიტანილი ტერორისტების სიაში შეიყვანეს. დენის კრისტენსენთან ერთად, ანატოლი ერთ-ერთი პირველი მოწმე იყო, რომელიც წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს მას შემდეგ, რაც 2017 წლის აპრილში რუსეთის უზენაესმა სასამართლომ აკრძალა იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა.

გამომძიებლებმა ანატოლისა და ალიონას ბინაში ფარულად კამერები დაამონტაჟეს და ჩაიწერეს, როგორ ესაუბრებოდა ანატოლი მეგობრებს ბიბლიურ თემებზე, რაც მას „დანაშაულად“ ჩაუთვალეს. ახლა ანატოლის ბრალად ედება ეგრეთ წოდებული ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზება.

როცა ანატოლი დააკავეს, პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ალიონას ცინიკურად ურჩია, ახალი ქმარი ეძებეო. ანატოლი ამბობს, რომ გამოძიების პროცესში დიდი სტრესი განიცადა, რადგან გამუდმებული ემოციური წნეხის ქვეშ იყო. ის აღნიშნავს: „მათ მითხრეს, რომ თუ დანაშაულს არ ვაღიარებდი, არც ჩემს ცოლს დაადგებოდა კარგი დღე და არც იმათ, ვინც კრების მოსასმენად ჩვენს ბინაში იყო. ბევრჯერ დამემუქრნენ, რომ ჩემი მეუღლეც ჩემს ხვედრს გაიზიარებდა, რაზეც ძალიან ვნერვიულობდი. ასეთ დროს ვლოცულობდი და იეჰოვას ვთხოვდი, სულის სიმშვიდე მოეცა“.

ანატოლიმ წინასწარი დაკავების იზოლატორში ორი თვე დაჰყო, თითქმის ცხრა თვე — შინაპატიმრობაში. უკვე წელიწად-ნახევარია, რაც მას ქალაქიდან გასვლა ეკრძალება. იზოლატორში ყოფნის დროს ის ბლოკნოტში იწერდა იმ ბიბლიური პერსონაჟების მაგალითებს, რომლებმაც დევნას გაუძლეს. ანატოლი ამბობს: „მახსოვდა, რომ იეჰოვამ მათ არ ააცილა განსაცდელები, თუმცა არასოდეს მიუტოვებია ისინი. ამაზე ფიქრი ძალიან მაძლიერებდა და მარწმუნებდა, რომ იეჰოვა ჩემ შემთხვევაშიც მსგავსად მოიქცეოდა. მთავარი იყო, ერთგულება შემენარჩუნებინა“. ანატოლის მეუღლის წერილებიც ძალიან ამხნევებდა. ის გვიყვება: „თავის პირველ წერილებს ალიონამ ჩვენი მეგობრებისა და საყვარელი ადამიანების რამდენიმე ფოტოც დაურთო. ყოველ საღამოს ამ ფოტოებს ვუყურებდი და ვცდილობდი, გამეხსენებინა ის საინტერესო შემთხვევები, რაც მათთან ერთად მქონდა. ამ დროს ისეთი გრძნობა მეუფლებოდა, რომ ისინი ჩემ გვერდით იყვნენ“.

ანატოლისა და ალიონას ერთგულების მაგალითი ძალიან გვამხნევებს. გვიხარია იმის დანახვა, რომ დევნის მიუხედავად, რუსეთში მცხოვრები ჩვენი და-ძმები სულიერად კი არ ეცემიან, არამედ უფრო ძლიერდებიან. მადლობას ვუხდით იეჰოვას, რომ ისმენს მათთვის აღვლენილ ჩვენს ლოცვებს (2 კორინთელები 1:11).