არჩეულ მასალაზე გადასვლა

ანდრეი და ოლგა სტუპნიკოვები

2021 წლის 18 მაისი
რუსეთი

განახლებული ინფორმაცია | ანდრეი სტუპნიკოვი იეჰოვაზეა მინდობილი და მოთმინებით იტანს განსაცდელებს

განახლებული ინფორმაცია | ანდრეი სტუპნიკოვი იეჰოვაზეა მინდობილი და მოთმინებით იტანს განსაცდელებს

2022 წლის 3 აგვისტოს საერთო იურისდიქციის მერვე საკასაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ანდრეი სტუპნიკოვის მეორე საჩივარი. მას კვლავ საპატიმროში უწევს დარჩენა.

2021 წლის 7 სექტემბერს კრასნოიარსკის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ანდრეის საჩივარი და ძალაში დატოვა გამოტანილი განაჩენი.

2021 წლის 3 ივნისს კრასნოიარსკში მდებარე ჟელეზნოდოროჟნიეს რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო ძმა ანდრეი სტუპნიკოვი და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის სასამართლო დარბაზიდან პირდაპირ საპატიმროში გადაიყვანეს.

ზოგადი ინფორმაცია

ანდრეი სტუპნიკოვი

  • დაბადების წელი: 1973 (ნორილსკი, კრასნოიარსკის მხარე).

  • ბიოგრაფია: პროფესიით არის ინჟინერ-მენავთობე. 1993 წელს დაქორწინდა ოლგაზე. ორივეს უყვარს ხელოვნება და ბუნებაში ყოფნა.

    ახალგაზრდობიდანვე სურდა, მეტი გაეგო ღვთის შესახებ. ჩეჩნეთში ცხოვრებისას გახდა არაადამიანური ქმედებების მომსწრე, როდესაც იქ ომი მიმდინარეობდა. ძალიან განიცდიდა, რომ ირგვლივ ამდენი საშინელება ხდებოდა და ეძებდა ღვთის მფარველობას. ოლგასთან ერთად იეჰოვას მოწმეებთან დაიწყო ბიბლიის შესწავლა. მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმის აღმოჩენამ, თუ როგორ სრულდებოდა ბიბლიური წინასწარმეტყველებები და აგრეთვე იმან, რომ ბიბლია სანდო ხელმძღვანელობას უწევს ადამიანებს სირთულეების დროს.

სასამართლო საქმე

2018 წლის 3 ივლისს ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა დააკავეს ძმა ანდრეი სტუპნიკოვი კრასნოიარსკის საერთაშორისო აეროპორტში. ის კრასნოიარსკში პირველი იეჰოვას მოწმე იყო, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მომდევნო დღეს ჟელეზნოდოროჟნიეს რაიონულმა სასამართლომ განკარგულება გასცა, რომ ძმა ანდრეი წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაეყვანათ.

ოლგა გამამხნევებელ წერილებს უგზავნიდა ხოლმე მეუღლეს. ანდრეიმ ძალიან განიცადა, როცა, რაღაც დროის შემდეგ, ოლგასგან წერილებს ვეღარ იღებდა. ის უფრო მეტად აღელდა, როცა ერთმა მამაკაცმა ანდრეის ჰკითხა: „იცი, რა დაემართა შენს ცოლს?“. გარკვეული ხნის შემდეგ ანდრეი მიხვდა, რომ ციხის ადმინისტრაცია განზრახ უმალავდა მას ოლგას წერილებს. ანდრეი გვიყვება: „მათ მითხრეს, რომ მალევე შევძლებდი მეუღლესთან დაბრუნებას, თუ მათთან ვითანამშრომლებდი ან თავს დამნაშავედ გამოვაცხადებდი“. ანდრეიმ შეინარჩუნა იეჰოვასადმი ერთგულება და არ წასულა დათმობაზე. რვა თვის შემდეგ მას წინასწარი პატიმრობა ოთხთვიანი შინაპატიმრობით შეუცვალეს.

2019 წლის 2 ივლისს ანდრეი შინაპატიმრობიდან გაათავისუფლეს. ამჟამად მას ეკრძალება ელფოსტით წერილების გაგზავნა-მიღება და ინტერნეტის გამოყენება. ანდრეის სამართალდამცავები უდგენენ, ვისთან ჰქონდეს ურთიერთობა და ვისთან — არა.

სასამართლო გადაწყვეტილების მოლოდინში ანდრეი ცდილობს, რწმენა გაიძლიეროს, რათა ბოლომდე იეჰოვას ერთგული დარჩეს. ის იმაზეც ფიქრობს, თუ რა სასიკეთო შედეგები მოაქვს ღვთისადმი ერთგულებას. ანდრეი გულდაჯერებით ამბობს: „მეამაყება, რომ იეჰოვას ვიცნობ და, რომ ის მიდგას გვერდით“.

ჩვენ მადლიერები ვართ, რომ ანდრეი იეჰოვაზე მინდობის ასეთ ბრწყინვალე მაგალითს გვაძლევს (ფსალმუნი 28:7).