არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნიდან მარჯვნივ: ალამ ალიევი, ვალერი კრიგერი, სერგეი შულიარენკო და დიმიტრი ზაგულინი

2021 წლის 18 მარტი | განახლებული ინფორმაცია: 2022 წლის 20 დეკემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

განახლებული ინფორმაცია — გამამტყუნებელი განაჩენი | ოთხ ძმას დაპატიმრება ემუქრება ბირობიჯანში

განახლებული ინფორმაცია — გამამტყუნებელი განაჩენი | ოთხ ძმას დაპატიმრება ემუქრება ბირობიჯანში

ბირობიჯანის რაიონულმა სასამართლომ (ებრაელთა ავტონომიური ოლქი) დამნაშავედ ცნო ალამ ალიევი, ვალერი კრიგერი, სერგეი შულიარენკო და დიმიტრი ზაგულინი. სასამართლომ ალამს თავისუფლებით აღკვეთა შეუფარდა ექვსწელიწად-ნახევრით, დიმიტრის — სამწელიწად-ნახევრით, ხოლო ვალერისა და სერგეის — შვიდი წლით. განაჩენი დაუყოვნებლივ შევიდა ძალაში.

ზოგადი ინფორმაცია

ალამ ალიევი

  • დაბადების წელი: 1963 (სოფელი ლიაკი, აზერბაიჯანი)

  • ბიოგრაფია: მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში გერმანიაში. მოგვიანებით მუშაობდა თევზსაჭერ გემზე. 1989 წელს საცხოვრებლად გადავიდა ხაბაროვსკში (რუსეთი). ამჟამად მუშაობს მექანიკოსად.

    რუსეთში გადასვლიდან მალევე ბიბლიის შესწავლა დაიწყო. მოინათლა 1991 წელს. 2015 წელს დაქორწინდა სვეტლანაზე. უყვართ ბუნებაში დროის ერთად გატარება.

ვალერი კრიგერი

  • დაბადების წელი: 1968 (ებრაელთა ავტონომიური ოლქი)

  • ბიოგრაფია: არარელიგიურ ოჯახში აღიზარდა. ბავშვობაში ტანვარჯიშით იყო გატაცებული. შეისწავლა მასაჟის თერაპია და ამჟამად მუშაობს ამ პროფესიით. მოინათლა 1994 წელს. 2017 წელს დაქორწინდა ნატალიაზე. მათ უყვართ ფრენბურთის თამაში და ბუნებაში დროის ერთად გატარება.

სერგეი შულიარენკო

  • დაბადების წელი: 1984 (ხაბაროვსკი)

  • ბიოგრაფია: ბავშვობაში თურქმენეთში ცხოვრობდა მანამ, სანამ მამამისი იქ სამხედრო სამსახურში მსახურობდა. სერგეი მანქანათმშენებელი ინჟინრის თანაშემწე გახდა. უყვარს პორტრეტების ხატვა და უცხო ენების შესწავლა. იეჰოვა ღმერთის შესახებ დედისგან გაიგო. მოინათლა 1997 წელს 13 წლის ასაკში.

დიმიტრი ზაგულინი

  • დაბადების წელი: 1973 (ხაბაროვსკი)

  • ბიოგრაფია: ბავშვობაში უნდოდა, ჯარისკაცი გამხდარიყო. სამხედროში მსახურების დროს ისწავლა საბრძოლო ხელოვნება და პარაშუტიდან ხტომა. დღესდღეობით მუშაობს სარკინიგზო კომპანიაში. ბიბლიის შესწავლა 1991 წელს დაიწყო. 1992 წელს მოინათლა. 2012 დაქორწინდა წელს ტატიანაზე.

სასამართლო საქმე

2018 წლის 17 მარტს 150-მა პოლიციელმა ბირობიჯანში ჩაატარა სპეცოპერაცია, რომელსაც „სასამართლოს დღე“ უწოდეს. შედეგად, ძმა ალამ ალიევს ბოროტმოქმედებაში დასდეს ბრალი და რვა დღით წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს, „ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზების“ ბრალდებით. ძმებს, ვალერი კრიგერს, სერგეი შულიარენკოსა და დიმიტრი ზაგულინსაც დასდეს ბრალი ბოროტმოქმედებაში. ოთხივე მათგანს ეკრძალება საცხოვრებელი ტერიტორიის დატოვება. გარდა ამისა, ალამის, ვალერისა და დიმიტრის მეუღლეების წინააღმდეგაც ცალ-ცალკე საქმეებია აღძრული.

დაპატიმრებამდე ალამმა გამოიკვლია სტატიები იმის შესახებ, თუ როგორ გაეძლო დევნებისთვის. გამოკვლეულ აზრებს კრებაში სხვებს უზიარებდა. ის ამბობს. „და-ძმებს ვამხნევებდი, არ შეშინებოდათ, როცა დევნებს შეხვდებოდნენ. ეს მართლაც დროული აღმოჩნდა, რადგან ზუსტად ერთ კვირაში ჩვენი კრებიდან 21 ოჯახის სახლი გაჩხრიკეს“.

ვალერიმ და მისმა მეუღლე ნატალიამ ვერ შეძლეს დასწრებოდნენ იეჰოვას მოწმეთა კონგრესს სეულში (სამხრეთი კორეა), ვინაიდან მათ ეკრძალებათ მგზავრობა. მათ არც იმის ნება დართეს, რომ მოენახულებინათ ვალერის დედა, რომელიც ისრაელში ცხოვრობს. სამწუხაროდ, მამამისი 2019 წლის თებერვალში გარდაიცვალა. რამდენიმე თვის წინ ვალერის დედამ ხერხემლის ოპერაცია გაიკეთა და 24-საათიან მოვლას საჭიროებდა. ვალერი დარწმუნებული იყო, რომ დედამისზე იეჰოვა იზრუნებდა. მართალია, დედამისი არ იზიარებს მის რწმენას, მაგრამ ისრაელში მცხოვრებმა ჩვენმა და-ძმებმა ყურადღება არ მოაკლეს მას. ვალერი გვიზიარებს. „დედაჩემის მდგომარეობის გამო იეჰოვას ვთხოვდი დახმარებას და მან უპასუხოდ არ დატოვა ჩემი ლოცვები. ჩვენი თანამორწმუნეები ისრაელში დედას ამხნევებდნენ და ანუგეშებდნენ. ისინი ინახულებდნენ მას, ესაუბრებოდნენ და კრების შეხვედრებზე ეპატიჟებოდნენ. მართალია, ჩვენ ვერ შევძელით დედის მონახულება, მაგრამ დავინახეთ იეჰოვას ხელი; დავინახეთ, როგორ გააკეთა იეჰოვამ ჩვენი გასაკეთებელი საერთაშორისო საძმოს მეშვეობით“.

დიმიტრისთვის დევნა იმ აზრის განმტკიცებაა, რაც მანამდეც იცოდა. ის ამბობს: «როცა ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მიდის და ჩვენი თაყვანისმცემლობა არ იზღუდება, ადვილად შეიძლება, რომ სულიერი განძი, რომელსაც ვფლობთ, ნელ-ნელა სათანადოდ აღარ დავაფასოთ. მაგრამ როცა ხელისუფლება გვართმევს ღვთის მსახურების შესაძლებლობას, უკვე გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია, ჩვენ ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოვიყენოთ, რათა დავუახლოვდეთ იეჰოვას და მოვემზადოთ დევნებისთვის. ამიტომ გონივრულია, რომ დღეს არსებული თავისუფლება იმისთვის გამოვიყენოთ, რომ მოვაგროვოთ „განძი ზეცაში“. ეს დაგვეხმარება, ბოლომდე მოვითმინოთ და ძლიერი რწმენა შევინარჩუნოთ» (მათე 6:20).

უდავოა, რომ რუსეთში მცხოვრებ ჩვენს საყვარელ და-ძმებს იეჰოვა აძლევს „ძალას, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ (2 კორინთელები 4:7).