2021 წლის 2 ივნისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
განახლებული ინფორმაცია | განსაცდელის პირისპირ მყოფი ძმები, ალექსანდრე აკოპოვი, კონსტანტინე სამსონოვი და შამილ სულთანოვი იეჰოვაზე ამყარებენ იმედს
ამა წლის 5 აგვისტოს სტავროპოლის სამხარეო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ალექსანდრე აკოპოვის, კონსტანტინე სამსონოვისა და შამილ სულთანოვის საქმეზე. გადაწყვეტილების თანახმად, ალექსანდრესა და შამილს შეუცვალეს დაკისრებული ჯარიმა. მათ ამჟამად 250 000 რუბლის (4 077$) გადახდა მოუწევთ. კონსტანტინეს საპატიმრო სასჯელი ჯარიმით შეუცვალეს. მას 400 000 რუბლის (6 524$) გადახდა მოუწევს. ის დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს.
2022 წლის 19 აპრილს ნეფტეკუმსკის რაიონულმა სასამართლომ (სტავროპოლის მხარე) დამნაშავედ ცნო ალექსანდრე, კონსტანტინე და შამილი. ალექსანდრეს და შამილს 500 000 რუბლის (6 055$) ოდენობის ჯარიმა დააკისრეს. მათ არ მოუწევთ ჯარიმის გადახდა, რადგან რაღაც პერიოდი დროებითი მოთავსების იზოლატორში გაატარეს. კონსტანტინეს შვიდ-წელიწადნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის სასამართლო დარბაზიდანვე გადაიყვანეს საპატიმროში.
ზოგადი ინფორმაცია
ალექსანდრე აკოპოვი
დაბადების წელი: 1992 (ნეფტეკუმსკი)
ბიოგრაფია: მუშაობს მშენებლობაზე მამასთან და უფროს ძმასთან ერთად. უყვარს ფეხბურთის, კალათბურთისა და ტენისის თამაში, ბუნებაში დროის გატარება და მზარეულობა.
მოინათლა 2007 წელს 14 წლის ასაკში.
კონსტანტინე სამსონოვი
დაბადების წელი: 1977 (ნეფტეკუმსკი)
ბიოგრაფია: ახალგაზრდობაში თამაშობდა ჭადრაკს და დაინტერესებული იყო კომპიუტერული ტექნოლოგიით. მუშაობს კომპიუტერული სისტემების ინჟინრად საავადმყოფოში. მან და მისმა მეუღლემ ბიბლიის შესწავლა იეჰოვას მოწმეებთან 1998 წელს დაიწყეს. ისინი 2000 წელს მოინათლნენ. ჰყავთ ერთი ვაჟი.
შამილ სულთანოვი
დაბადების წელი: 1977 (მაჰმუდ-მეკტები, სტავროპოლის მხარე)
ბიოგრაფია: მუშაობს სარემონტო სამუშაოებზე. ბიბლიის შესწავლა იეჰოვას მოწმეებთან 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. მოინათლა 2003 წელს. 2004 წელს დაქორწინდა ელენაზე. მათ ერთად აღზარდეს ელენას ვაჟი, რომელიც მას წინა ქორწინებიდან ჰყავდა.
სასამართლო საქმე
შაბათს, 2017 წლის 26 აგვისტოს, შეიარაღებულმა პოლიციელებმა ალყაში მოაქციეს 18 იეჰოვას მოწმე, რომლებიც შვებულებას ატარებდნენ ნეფტეკუმთან ახლოს მდებარე ტბასთან. მთელი ჯგუფი, რომელშიც ბავშვებიც და ხანდაზმულებიც იყვნენ, ავტობუსით პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც სამი საათი ჰყავდათ დაკითხვაზე. ამის შემდეგ ნეფტეკუმში ბევრ და-ძმას პოლიციამ თვალთვალი დაუწყო. გაჩხრიკეს მათი ბინებიც. ალექსანდრე, კონსტანტინე და შამილი დააკავეს. მათ თითქმის ერთი წელი გაატარეს წინასწარი დაკავების იზოლატორში.
ალექსანდრე გულწრფელად ამბობს, რომ ეშინოდა დაპატიმრების, რადგან ნევროზი და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები აწუხებს. ის ევედრებოდა იეჰოვას, რომ ძალები მიეცა მისთვის ემოციური წონასწორობის შესანარჩუნებლად და უარყოფითი ფიქრების დასაძლევად. „იყო სიტუაციები, როცა იეჰოვას ვეუბნებოდი, რომ მეტის ატანას ვეღარ შევძლებდი, — იხსენებს ალექსანდრე, — ვერ ვიჯერებ, რომ თითქმის ერთი წელი გავძელი იზოლატორში“. იეჰოვამ შეისმინა მისი ლოცვები. მან გაახსენა მას ბიბლიური მუხლები, მაშინ როცა ბიბლიაზე ხელი არ მიუწვდებოდა. ალექსანდრემ ჩამოწერა ყველა მუხლი, რისი გახსენებაც შეძლო. ყოველ დილით თითო მუხლს იმეორებდა და იმაზე ფიქრობდა, თუ რა მხრივ დაეხმარებოდა ის მუხლი არსებულ სიტუაციაში. ამის წყალობით მან შეძლო, თავისი განსაცდელისთვის იეჰოვას თვალით შეეხედა.
კონსტანტინეს სიმხნევეს მეუღლის წერილები მატებდა. ერთ-ერთ წერილში მეუღლე ურჩევდა, რომ თავისი განსაცდელებისთვის ისე შეეხედა, როგორც თავგადასავლებისთვის. „ამ აზრმა გამამხიარულა; მოგვიანებით რაღაცები მართლა ცოტა ადვილი ასატანი გახდა“, — აღნიშნავს კონსტანტინე.
შამილი ამბობს, რომ პირველი რამდენიმე თვე ძალიან გაუჭირდა წინასწარი დაკავების იზოლატორში. „რაღაც დროის შემდეგ უფრო გამიადვილდა რაღაც-რაღაცების ატანა. ვგრძნობდი, რომ იეჰოვას არ ვყავდი მიტოვებული“, — ამბობს შამილი. ციხეში ყოფნის პერიოდში მან ისწავლა, მინდობოდა იეჰოვას და ნაკლებად ენერვიულა მომავალ განსაცდელებზე.
სამივე ძმას ეკრძალება საცხოვრებელი ტერიტორიის დატოვება და ტელეფონისა და ინტერნეტის გამოყენება. ეს შეზღუდვები ცუდად აისახება ალექსანდრეს ჯანმრთელობაზე, რადგან ვერ იღებს საჭირო სამედიცინო დახმარებას. კონსტანტინეს უფლება არ აქვს, შეასრულოს თავისი საქმე, როგორც კომპიუტერული პროგრამების სპეციალისტმა. ამ სირთულეების მიუხედავად, ძმებს გადაწყვეტილი აქვთ, იეჰოვას ერთგულნი დარჩნენ.
ვიცით, რომ იეჰოვა კურთხევებს არ დაიშურებს ამ ძმებისთვის, რადგან ისინი ყოველთვის მასზე ამყარებენ იმედს (ფსალმუნი 20:7).