არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნიდან მარჯვნივ: ილხამ კარიმოვი, კონსტანტინ მატრაშოვი, ვლადიმერ მიაკუშინი და აიდარ იულმეტიევი

2021 წლის 19 მაისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

განახლებული ინფორმაცია | თათრეთში მცხოვრები ძმები ძალიან აფასებენ განსაცდელის დროს გამოვლენილ იეჰოვას მზრუნველობას

განახლებული ინფორმაცია | თათრეთში მცხოვრები ძმები ძალიან აფასებენ განსაცდელის დროს გამოვლენილ იეჰოვას მზრუნველობას

ამა წლის 2 სექტემბერს თათრეთის უზენაესმა სასამართლომ ილხამ კარიმოვის, კონსტანტინ მატრაშოვის, ვლადიმერ მიაკუშინისა და აიდარ იულმეტიევის წინააღმდეგ გამოტანილი წინა ინსტანციის გადაწყვეტილება გააუქმა. მათთვის გამოტანილი სასჯელი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

2021 წლის 16 დეკემბერს ნაბერეჟნოჩელნინსკის საქალაქო სასამართლომ (თათრეთის რესპუბლიკა) დამნაშავედ ცნო ილხამი, კონსტანტინი, ვლადიმერი და აიდარი. ილხამს და კონსტანტინს 30-თვიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს, ვლადიმერს — 37-თვიანი, ხოლო აიდარს — 33-თვიანი.

ზოგადი ინფორმაცია

ილხამ კარიმოვი

  • დაბადების წელი: 1981 (ჯამბაი, უზბეკეთი)

  • ბიოგრაფია: ისწავლა სამინამბერო საქმე. ოჯახის დასახმარებლად მუშაობდა სხვადასხვა სამუშაოზე. 2000 წელს რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად. 2001 წლის ერთ დღეს ღმერთს ლოცვით მიმართა და დახმარება სთხოვა. მეორე დღეს იეჰოვას მოწმეებს შეხვდა და მათთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. 2004 წელს მოინათლა. 2012 წელს დაქორწინდა იულიაზე.

კონსტანტინ მატრაშოვი

  • დაბადების წელი: 1988 (პროკოპიევსკი)

  • ბიოგრაფია: მოზარდი იყო, მამა რომ დაეღუპა. მუშაობს მექანიკოსად. ზრუნავს დედაზე, რომელიც იეჰოვას მოწმე მაშინ გახდა, როცა კონსტანტინი რვა წლის იყო. მომავლის ბიბლიური იმედი მის გულსაც შეეხო. მოინათლა 2018 წელს.

ვლადიმერ მიაკუშინი

  • დაბადების წელი: 1987 (ნიჟნეკამსკი)

  • ბიოგრაფია: დაამთავრა ტექნიკური სასწავლებელი და საინჟინრო აკადემია. მუშაობს მთავარ ინჟინრად ავტომობილების ელექტრომოწყობილობების წარმოებაში. თვლის, რომ ბიბლია სიბრძნის წყაროა, რომელშიც ღვთიური აზრები ნათლად და ლოგიკურადაა გადმოცემული, რასაც ძალიან აფასებს. მოინათლა 2013 წელს. 2017 წელს დაქორწინდა სვეტლანაზე.

აიდარ იულმეტიევი

  • დაბადების წელი: 1993 (ნიჟნეკამსკი)

  • ბიოგრაფია: ისწავლა მუსიკა და ავტომექანიკა. მუშაობს სავაჭრო საქმეზე და მანქანების შეკეთებაზე. ბიბლიის შესწავლა მას შემდეგ დაიწყო, რაც დაინახა, რა სასიკეთო გავლენას ახდენდა მის მშობლებზე ბიბლიური პრინციპების თანახმად ცხოვრება. მოინათლა 2012 წელს. 2013 წელს დაქორწინდა ალბინაზე. ბიბლიით განსწავლული სინდისის საფუძველზე უარი თქვა სამხედრო სამსახურის შესრულებაზე. სანაცვლოდ გაიარა ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური.

სასამართლო საქმე

2018 წლის 27 მაისს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თათრეთში იეჰოვას მოწმეთა 10 ბინა გაჩხრიკეს, რის შემდეგაც ძმები, ილხამი, კონსტანტინი, ვლადიმერი და აიდარი, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. თითოეულმა 160 დღეზე მეტი გაატარა იქ. შემდეგ ისინი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.

მართალია, დღეს ეს ძმები აღარ იმყოფებიან შინაპატიმრობაში, თუმცა ოთხივე მათგანი შეყვანილია „ექსტრემისტების“ სიაში და სასამართლო გადაწყვეტილებით, მათ ეკრძალებათ საცხოვრებელი ტერიტორიის დატოვება. ისინი ვერ სარგებლობენ საბანკო ანგარიშებით და უჭირთ სამსახურის შოვნა.

აიდარი იხსენებს იზოლატორში ყოფნის პერიოდს და ამბობს: „ძალიან ბევრი ბიბლიური მუხლი გავიხსენე. … ამას იეჰოვას დახმარების გარეშე ნამდვილად ვერ შევძლებდი“.

თავიდან, როცა წინასწარი დაკავების იზოლატორში შეიყვანეს, კონსტანტინი ნერვიულობდა. მაგრამ მალე ყურადღება იმაზე გადაიტანა, რომ შესანიშნავი შესაძლებლობა ჰქონდა, თავისი რწმენა გაეზიარებინა უფლებამოსილი პირებისთვის, პატიმრებისთვის, პოლიციელებისა და ციხის ზედამხედველებისთვის. ის ამბობს: «პატიმრობისას ქადაგების უფრო დიდი შესაძლებლობა მქონდა, ვიდრე მაშინ, როცა თავისუფალი ვიყავი. მეც დაახლოებით იმავეს თქმა შემიძლია, რაც მოციქულმა პავლემ თქვა პირველ საუკუნეში. მისი სიტყვები ჩაწერილია ფილიპელების 1:12, 13-ში: „ძმებო, მინდა, იცოდეთ, რომ ყველაფერი, რაც თავს გადამხდა, სასიხარულო ცნობის გავრცელებას მოემსახურა; ქრისტეს გამო ჩემი დაპატიმრების შესახებ მთელმა პრეტორიულმა გვარდიამ გაიგო, და არა მარტო მათ“».

ვლადიმერი ძალიან აფასებს და-ძმების მიერ გაწეულ პრაქტიკულ დახმარებას. ის ამბობს: „ჩემი მეუღლე მეუბნებოდა, რომ ჩვენი მეგობრები ხშირად აძლევდნენ ფულს, რომ პროდუქტები ეყიდა და ჩემთვის შემოეგზავნა. იზოლატორში დადგენილია ზღვარი, მაქსიმუმ რა რაოდენობის ამანათი შეიძლება მიიღოს პატიმარმა თვეში და მე ხშირად ვაღწევდი მაქსიმალურ ზღვარს“.

ილხამი აღნიშნავს, როგორ გააძლიერა ღმერთთან მისი ურთიერთობა დევნამ. ის გვიზიარებს: „ამ განსაცდელმა უფრო დამაახლოვა ზეციერ მამასთან. მისადმი ნდობა და რწმენა უფრო გამიღრმავდა. ჩემი ლოცვები უფრო ხანგრძლივი, აზრიანი და ინტენსიური გახდა“.

გვჯერა, რომ ამ ძმებსა და მათ ოჯახებს კურთხევები არ მოაკლდებათ „ღვთისადმი სრული ერთგულების“ გამო (1ტიმოთე 2:2).