არჩეულ მასალაზე გადასვლა

ზემოთ (მარცხნიდან მარჯვნივ): ბორის ბურილოვი და ალექსანდრე ინოზემცევი

ქვემოთ (მარცხნიდან მარჯვნივ): ვიქტორ კუჩკოვი, იგორ ტურიკი და იური ვააგი

2021 წლის 21 აპრილი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

განახლებული ინფორმაცია | პერმში მასობრივი რეიდების შედეგად დაკავებული ხუთი ძმა სიხარულსა და მხნეობას ინარჩუნებს

განახლებული ინფორმაცია | პერმში მასობრივი რეიდების შედეგად დაკავებული ხუთი ძმა სიხარულსა და მხნეობას ინარჩუნებს

2022 წლის 12 მაისს რუსეთის საერთო იურისდიქციის მეშვიდე საკასაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ძმების, ბორის ბურილოვის, ალექსანდრე ინოზემცევის, ვიქტორ კუჩკოვის, იგორ ტურიკისა და იური ვააგის, საჩივარი. მათთვის გამოტანილი სასჯელი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

2021 წლის 23 აგვისტოს პერმის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბორისის, ალექსანდრეს, ვიქტორის, იგორისა და იურის საჩივარი და ძალაში დატოვა მათთვის გამოტანილი თავდაპირველი განაჩენი.

2021 წლის 12 მაისს ქალაქ პერმის ინდუსტრიულმა რაიონულმა სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა ბორისის, ალექსანდრეს, ვიქტორის, იგორის და იურის საქმეზე. იგორს შვიდწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს, დანარჩენ ოთხ ძმას კი — ორწელიწადნახევრიანი პირობითი სასჯელი.

ზოგადი ინფორმაცია

ბორის ბურილოვი

  • დაბადების წელი: 1941 (სევასტოპოლი)

  • ბიოგრაფია: გაიზარდა პერმის მხარეში. პროფესიით აგრონომია. ბავშვობაში დედა ბიბლიას უკითხავდა. 1990-იან წლებში შეძლო მთლიანი ბიბლიის შეძენა. 1996 წელს გახდა იეჰოვას მოწმე.

ალექსანდრე ინოზემცევი

  • დაბადების წელი: 1972 (კოსტანაი, ყაზახეთი)

  • ბიოგრაფია: მსახურობდა სამხედრო სამსახურში. მუშაობდა ელექტრიკოსად და ავტომექანიკოსად, ამჟამად მუშაობს შენობების ტექმომსახურებასა და სარემონტო სამუშაოებზე. ბიბლიის წაკითხვისა და იეჰოვას მოწმეებთან შესწავლის დაწყების შემდეგ გაიგო, რატომ არსებობდა უსამართლობა და სიკვდილი. მოინათლა 1996 წელს. 2017 წელს დაქორწინდა ოლესიაზე. ისინი ერთად ზრდიან ოლესიას გოგონას. ალექსანდრეს უყვარს ხატვა, ჰოკეის თამაში და თევზაობა.

ვიქტორ კუჩკოვი

  • დაბადების წელი: 1967 (სვეტლიცა)

  • ბიოგრაფია: ბავშვობიდან უყვარდა ხეზე ფიგურების ამოჭრა. პროფესიით ინჟინერ-მეტალურგია; მუშაობდა აგრეთვე ინჟინერ-კონსტრუქტორად. უყვარს თევზაობა და ფრენბურთის თამაში. 1988 წელს დაქორწინდა ტანიაზე. ჰყავთ ერთი ქალიშვილი. ღმერთთან დაკავშირებული საკითხები ყოველთვის აინტერესებდა. 1993 წელს იეჰოვას მოწმედ მოინათლა.

იგორ ტურიკი

  • დაბადების წელი: 1968 (ნელიდოვო)

  • ბიოგრაფია: მუშაობს ფოტოგრაფად და არქიტექტორ-დიზაინერად. 1990-იან წლებში იეჰოვას მოწმეებთან დაიწყო ბიბლიის შესწავლა. ძალიან მოიხიბლა, როცა დაინახა, როგორ ეთავსებოდა ბიბლიური სწავლებები ერთმანეთს. მოინათლა 1998 წელს. 2002 წელს დაქორწინდა. ჰყავთ ერთი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. იგორის ინტერესის სფეროა ფოტოგრაფია, ვიდეოგრაფია და რადიო-ელექტრონიკა.

იური ვააგი

  • დაბადების წელი: 1975 (ლესოსიბირსკი, კრასნოიარსკის მხარე)

  • ბიოგრაფია: პროფესიით ამწის ოპერატორია. ამჟამად მუშაობს ელექტრიკოსად და შენობების ტექმომსახურებაზე. იმ პერიოდში, როცა იური ჯარში მსახურობდა, მისი და მას ბიბლიურ თემებზე ესაუბრებოდა. მას შემდეგ, რაც დაინახა, რა დადებით გავლენას ახდენდა ბიბლიური სწავლებები მის დაზე, თვითონაც დაიწყო ბიბლიის შესწავლა. მოინათლა 1996 წელს. იმავე წელს დაქორწინდა სვეტლანაზე. მათ ქალ-ვაჟი ჰყავთ.

სასამართლო საქმე

2018 წლის 17 სექტემბერს ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა და სპეცრაზმის სხვა ჯგუფებმა მასობრივი რეიდები მოაწყვეს პერმის მხარეში. გაჩხრიკეს, სულ მცირე, 10 ძმის სახლი. ჩხრეკის დროს ოფიცრებმა წაიღეს ფული, ტელეფონები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები. ვიქტორი და იგორი რამდენიმე დღე წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს, შემდეგ კი, დაახლოებით 4 თვით, შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. დღეისათვის ყველა მათგანს სხვადასხვა შეზღუდვა აქვს დაწესებული. მათი სახელები შეტანილია „ექსტრემისტების“ სიაში.

ძმები ოდნავადაც კი არ კარგავენ სიმხნევეს და განსაცდელების მიუხედავად სიხარულს ინარჩუნებენ.

იური ამბობს, რომ ახლა უფრო ხშირად ლოცულობს. ის აგრეთვე რეგულარულად ფიქრობს იმ საშუალებებზე, რომელთაც იეჰოვა იყენებს მის გასაძლიერებლად და მხარდასაჭერად. ის გვიყვება: „იესო ნავეს ძის 1:7-ში ჩაწერილი სიტყვები მეხმარება, სიმშვიდე შევინარჩუნო. ამ მუხლში დავინახე იეჰოვას ხელმძღვანელობა, რომელსაც უნდა მივყოლოდი. ვგრძნობდი, როგორ მეხმარებოდა იეჰოვა და ზრუნავდა ჩემზე“.

ვიქტორი ამბობს, რომ იეჰოვას ორგანიზაციაზე ფიქრი დაეხმარა, განსაცდელის დროს სიმშვიდე შეენარჩუნებინა. ის გვიზიარებს: „ვცდილობდი, წარმომედგინა იეჰოვას დიდებულება, მისი ორგანიზაციის ხილული და უხილავი ნაწილი, ჩვენი საოცარი საძმო, სამქადაგებლო საქმიანობის მასშტაბები და ის, თუ რა მშვენიერი და ლოგიკურია ბიბლიური სწავლებები. ეს მეხმარებოდა, არ მეფიქრა საკუთარ განსაცდელზე. ასეთი ფიქრების შემდეგ სიმშვიდე მეუფლებოდა ხოლმე“.

სახლში დაბრუნების შემდეგ იგორი იუმორით იხსენებს ზოგიერთ რამეს. ის გვიყვება: «წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნისას ჩემმა ქალიშვილმა ჩემ გასამხნევებლად ახალი ქვეყნიერების სურათი დახატა. ციხის თანამშრომლებმა უარი თქვეს ნახატის ჩემთვის გადმოცემაზე. ჩემმა მეუღლემ მითხრა, რომ ისინი დიდხანს უყურებდნენ სურათს, შემდეგ კი უკან დაუბრუნეს და უთხრეს: „ამის გადაცემის უფლებას არ მოგცემთ. ეს გაქცევის გეგმას ჰგავს“. ახალი ქვეყნიერება ნამდვილად არის ამ ბოროტი ქვეყნიერებიდან ჩვენი „გაქცევის გეგმა!“»

გვჯერა, რომ იეჰოვა კვლავაც მისცემს წმინდა სულს ამ ძმებს და მათ ოჯახებს და გააძლიერებს მათ (ეფესოელები 3:20).