არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნიდან მარჯვნივ: სერგეი და ანა მელნიკები, ვალერი და მარინა როგოზინები, იგორ და ევგენია ეგოზარიანები

2021 წლის 26 თებერვალი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

განახლებული ინფორმაცია | შვიდთვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ სამი ძმა გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინშია

განახლებული ინფორმაცია | შვიდთვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ სამი ძმა გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინშია

2022 წლის 18 მარტს ვოლგოგრადის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სერგეი მელნიკის, ვალერი როგოზინის და იგორ ეგოზარიანის საჩივარი. სამივე მათგანი ციხეში რჩება.

2021 წლის 23 სექტემბერს ვოლგოგრადში მდებარე ტრაქტოროზავოდსკის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო სამი ძმა. ძმებს, სერგეი მელნიკსა და იგორ ეგოზარიანს, ექვსწლიანი პატიმრობა შეუფარდეს, ხოლო ვალერი როგოზინს — ექვსი წლითა და ხუთი თვით თავისუფლების აღკვეთა.

ზოგადი ინფორმაცია

სერგეი მელნიკი

  • დაბადების წელი: 1972 (ქ. ვოლგოგრადი, ვოლგოგრადის ოლქი)

  • ბიოგრაფია: დაამთავრა პროფესიული ტექნიკური სასწავლებელი და დაეუფლა ავტომექანიკოსის პროფესიას. ამჟამად მუშაობს სახურავების გადახურვა-შეკეთებაზე. 1993 წელს დაქორწინდა ანაზე. მათ სამი ვაჟი აღზარდეს. ოჯახს უყვარს ლაშქრობებზე სიარული და ბუნებაში დროის ერთად გატარება.

    ანამ ბიბლიის შესწავლა დაიწყო იეჰოვას მოწმეებთან. როდესაც სერგეიმ დაინახა, რა სასიკეთოდ მოქმედებდა ბიბლიის შესწავლა თავის ცოლზე, მანაც დაიწყო შესწავლა. სერგეი 1999 წელს მოინათლა.

ვალერი როგოზინი

  • დაბადების წელი: 1962 (ქ. კრასნოკამსკი, პერმის ოლქი)

  • ბიოგრაფია: პენსიაში გასვლამდე 12 წელი სამხედრო პილოტი იყო, შემდეგ კი ინჟინერ-კონსტრუქტორი. 1984 წელს იქორწინა მარინაზე. მათ ორი ვაჟი ჰყავთ.

    ბიბლიის შესწავლა 1990-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. მოინათლა 1998 წელს.

იგორ ეგოზარიანი

  • დაბადების წელი: 1965 (ქ. ვოლგოგრადი, ვოლგოგრადის ოლქი)

  • ბიოგრაფია: პროფესიით მეწაღე და ელექტრიკოსია. ბავშვობიდან უყვარს მუსიკა. უკრავს გიტარაზე. 2002 წელს დაქორწინდა ევგენიაზე. მათ ერთი ვაჟი ჰყავთ.

    ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა დედისგან მოისმინა. ბიბლიის მარტივმა და ლოგიკურმა პასუხებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იგორზე. მოინათლა 1992 წელს.

სასამართლო საქმე

2019 წლის 16 მაისს პოლიციისა და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ვოლგოგრადის ოლქში შვიდ ბინაში მოაწყეს რეიდები. ორი დღის შემდეგ, ცენტრალური რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ბრძანა სერგეი მელნიკის, ვალერი როგოზინისა და იგორ ეგოზარიანის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანა. სამივე მათგანს შვიდი თვე მოუწია იქ ყოფნა.

სამივე ძმა ოჯახებს დაუბრუნდა, მაგრამ ისინი სასამართლო განაჩენის მოლოდინში არიან და მათი განსაცდელები კვლავ გრძელდება. მაგალითად, ვალერი რუსეთის ფედერალური ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ შედგენილ შავ სიაში შეიყვანეს. ის ამბობს: „დაბლოკილია ყველა ჩემი საბანკო ანგარიში, აკრძალული მაქვს ტელეფონისა და ინტერნეტის გამოყენება. ვერ ვმუშაობ, რადგან სამუშაოს შესასრულებლად ორივე მჭირდება, ინტერნეტიც და ტელეფონიც“. ყოველდღიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ახლა მათ პენსიის გამოყენება უწევთ, რის გამოც მინიმუმამდე დაიყვანეს ყველანაირი ხარჯები.

სასამართლომ სერგეისა და იგორსაც დაუწესა შეზღუდვები, რაც მათ ხელს უშლის მუშაობაში. ხშირი სასამართლო მოსმენების გამო სერგეი ნორმალური განრიგით ვეღარ მუშაობს. ის ამბობს: „ჩემი პროფესია სახურავების გადახურვა-შეკეთებაა. იძულებული ვარ მარტო პატარ-პატარა სამუშაოები ავიღო, რომ მოვასწრო მათი დასრულება ერთი სასამართლო მოსმენიდან მეორემდე“.

იგორს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ხშირად უწევს პოლიკლინიკაში სიარული. ის გვიზიარებს: „ჩემ მიმართ წაყენებული ბრალდებების გამო, სამუშაოს ვერ ვშოულობ“. არსებულმა სიტუაციამ ოჯახს ფინანსური პრობლემებიც შეუქმნა, თუმცა მათ თანაქრისტიანები უდგანან მხარში. იგორი ამბობს: „იეჰოვამ დიდი სულიერი ოჯახი გვაჩუქა; მზრუნველ და-ძმებს მარტო არასდროს დავუტოვებივართ განსაცდელის დროს“.

აშკარაა, რომ სასამართლოს მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო ჩვენს ძმებსა და მათ ოჯახებს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვთ. გვჯერა, რომ განსაცდელების პირისპირ მყოფი რუსეთში მცხოვრები ჩვენი და-ძმები კვლავაც სიმტკიცეს შეინარჩუნებენ. დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვა ყველა მათ საჭიროებაზე იზრუნებს (მათე 6:33).