არჩეულ მასალაზე გადასვლა

ჩეხოვის საქალაქო სასამართლო (მოსკოვის ოლქი)

2021 წლის 21 მაისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

განსაცდელების პირისპირ მყოფი ცოლ-ქმარი კრუტიაკოვები და ძმები, ვიტალი ნიკიფოროვი და კონსტანტინე ჟერებცოვი, იეჰოვაზე ამყარებენ იმედს

განსაცდელების პირისპირ მყოფი ცოლ-ქმარი კრუტიაკოვები და ძმები, ვიტალი ნიკიფოროვი და კონსტანტინე ჟერებცოვი, იეჰოვაზე ამყარებენ იმედს

განახლებული ინფორმაცია | რუსეთის საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს სამი ძმისა და ერთი დის მეორე საჩივარს

2022 წლის 13 იანვარს საერთო იურისდიქციის პირველმა საკასაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ცოლ-ქმარ კრუტიაკოვებისა და ძმების, ვიტალი ნიკიფოროვის და კონსტანტინე ჟერებცოვის, მეორე საჩივარი. მათთვის გამოტანილი სასჯელი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

2021 წლის 20 ივლისს მოსკოვის საოლქო სასამართლომ ძალაში დატოვა იურისთვის, ზინაიდასთვის, ვიტალისა და კონსტანტინესთვის გამოტანილი განაჩენი.

2021 წლის 24 მაისს მოსკოვის ოლქში მდებარე ჩეხოვის საქალაქო სასამართლომ დამნაშავეებად ცნო იური, ზინაიდა, ვიტალი და კონსტანტინე. სასამართლომ იურის ექვსწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა, ზინაიდას, ვიტალისა და კონსტანტინეს კი — ორწლიანი პირობითი სასჯელი.

ზოგადი ინფორმაცია

იური კრუტიაკოვი

  • დაბადების წელი: 1952 (ნიჟნი-ნოვგოროდი)

  • ბიოგრაფია: პროფესიით ინჟინერ-მშენებელია. მუშაობდა საპროექტო ნახაზების მხაზველად და სამშენებლო პროექტების ხელმძღვანელად. წლების განმავლობაში ეძებდა სიცოცხლის აზრს. იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლის შემდეგ თავის კითხვებზე დამაკმაყოფილებელი პასუხები მიიღო. მოინათლა 1998 წელს.

    2012 წელს დაქორწინდა ზინაიდაზე. მათ უყვართ კერძების მომზადება და მუსიკის მოსმენა.

ზინაიდა კრუტიაკოვა

  • დაბადების წელი: 1958 (ნიჟნედევიცკი)

  • ბიოგრაფია: მარტომ აღზარდა ქალიშვილი. პროფესიით ინჟინერ-ტექნოლოგია, კერძოდ, კერამიკისა და თბომედეგი მასალების სპეციალისტი. ამჟამად პენსიონერია.

    საგონებელში აგდებდა მსოფლიოში გავრცელებული უსამართლობა. იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლის შედეგად პასუხები გაეცა მის კითხვებს. მოინათლა 2003 წელს. 2012 წელს იურიზე დაქორწინდა.

ვიტალი ნიკიფოროვი

  • დაბადების წელი: 1968 (ნეველი, ფსკოვის ოლქი)

  • ბიოგრაფია: სკოლაში განსაკუთრებულად უყვარდა მათემატიკა; გატაცებული იყო სპორტით. მუშაობდა საჰაერო ტრანსპორტის ტექნიკოსად რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებში.

    2005 წელს იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. 2007 წელს პენსიაში გავიდა სამხედრო სამსახურიდან. მოინათლა 2012 წელს.

კონსტანტინე ჟერებცოვი

  • დაბადების წელი: 1973 (თურქმენეთი)

  • ბიოგრაფია: ახალგაზრდობაში გატაცებული იყო ძალოსნობით და მარკების შეგროვებით. დაამთავრა ტექნიკუმი და მუშაობდა ელექტრიკოსად. 2003 წლიდან მუშაობს მანქანათმშენებლობის ქარხანაში, რომელიც შეკვეთებს ასრულებს ატომური ელექტროსადგურებისთვის.

    1994 წელს დაქორწინდა ნატალიაზე. მათ ერთად შეისწავლეს ბიბლია იეჰოვას მოწმეებთან. მოინათლა 2016 წელს.

სასამართლო საქმე

2019 წლის 30 სექტემბერს რუსეთის საგამოძიებო კომისიამ მოსკოვის ოლქში საქმე აღძრა ძმების, ვიტალი ნიკიფოროვის, კონსტანტინე ჟერებცოვის, იური კრუტიაკოვისა და მისი მეუღლის, ზინაიდა კრუტიაკოვას წინააღმდეგ. ორი დღის შემდეგ მათი ბინები გაჩხრიკეს.

ვიტალის, კონსტანტინესა და ზინაიდას რამდენიმესაათიანი დაკითხვა მოუწყვეს. ისინი ერთი ღამით საპატიმროში დატოვეს, შემდეგ კი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.

2020 წლის 5 მარტს იური წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. იმ დროიდან მოყოლებული ის სამ სხვადასხვა ციხეში გადაიყვანეს. იური დღემდე საპატიმროშია.

კონსტანტინე ამბობს, რომ ლოცვა ეხმარება, აიტანოს ეს რთული პერიოდი. როცა მის ბინაში ჩხრეკა ჩაატარეს, მან ილოცა და იეჰოვას სთხოვა დახმარება, რომ სიმშვიდე შეენარჩუნებინა. ის გვიყვება: „მე და ჩემი ოჯახი სიმშვიდეს ვინარჩუნებდით და უფლებამოსილი პირებისადმი პატივისცემას ვავლენდით, რითაც უსიტყვოდ განვადიდეთ იეჰოვა. მათ დაინახეს, რომ ღვთის ხალხი მშვიდობისმყოფელები და კანონმორჩილები არიან“.

კონსტანტინე დასძენს: „რთულ სიტუაციებში ზაქარიას 2:8-ში ჩაწერილი სიტყვები მამხნევებს და ძალებს მმატებს. ეს მუხლი შემახსენებს, რომ იეჰოვა ზრუნავს ჩემზე და მაფასებს. ის მარწმუნებს, რომ თვალისჩინივით გამიფრთხილდება“.

გვჯერა, რომ იეჰოვა კვლავაც გააძლიერებს ოთხივე და-ძმას, რადგან ისინი მას ანდობენ თავიანთ ტვირთს (ფსალმუნი 55:22).