არჩეულ მასალაზე გადასვლა

ელენა ბარმაკინა თავის მეუღლესთან, დიმიტრისთან ერთად

2020 წლის 28 სექტემბერი
რუსეთი

და ელენა ბარმაკინას ლოცვისა და ბიბლიის კითხვის გამო ბოროტმოქმედებაში ადანაშაულებენ

და ელენა ბარმაკინას ლოცვისა და ბიბლიის კითხვის გამო ბოროტმოქმედებაში ადანაშაულებენ

სავარაუდო სასჯელი

2020 წლის 29 სექტემბერს a ქალაქ ვლადივოსტოკში მდებარე პერვორეჩენსკის რაიონულმა სასამართლომ განაჩენი უნდა გამოიტანოს და ელენა ბარმაკინას საქმეზე. ელენას სამწლიანი პირობითი სასჯელი ემუქრება. ამავდროულად, გრძელდება მოსმენები მისი მეუღლის, დიმიტრის, საქმეზე, რომელიც ცალკე საქმედ განიხილება.

ზოგადი ინფორმაცია

ელენა ბარმაკინა

  • დაიბადა: 1967 წელს (ჩერეპანოვო, ნოვოსიბირსკის ოლქი)

  • ბიოგრაფია: უვლის ხანდაზმულ მშობლებს და ბებიას. ერთ დროს საყვარელი საქმიანობა, ფოტოგრაფობა, მის პროფესიად იქცა. უყვარს ცურვა და ლაშქრობა.

  • იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლის დაწყების შემდეგ დაინახა, როგორ სრულდება ბიბლიური წინასწარმეტყველებები, რამაც ღვთის ძლევამოსილებაში დაარწმუნა. მას რწმენა გაუძლიერდა, როცა იგრძნო, როგორ პასუხობდა იეჰოვა ლოცვებზე. დიმიტრიზე დაქორწინდა 2006 წელს.

სასამართლო საქმე

2018 წლის 28 ივნისს, დილის 7 საათზე, შეიარაღებული ნიღბიანი პოლიციელები შეიჭრნენ და ელენა ბარმაკინას 90 წლის ბებიის ბინაში. და ელენა და მისი მეუღლე დიმიტრიც იქ იმყოფებოდნენ, ვინაიდან ხანდაზმულ ბებიას უვლიდნენ. ძმა დიმიტრი ბარმაკინი დააკავეს და წინასწარი პატიმრობის იზოლატორში გადაიყვანეს. პოლიციელები ელენასაც დაემუქრნენ და დაუყვირეს: „შემდეგი შენ იქნები!“.

ერთი წლის შემდეგ სამართალდამცავებმა და ელენას საბანკო ანგარიშები დაუბლოკეს. 2019 წლის 6 აგვისტოს ადგილობრივმა გამომძიებელმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა და ელენას წინააღმდეგ იმის გამო, რომ ის ლოცულობდა, ბიბლიას კითხულობდა და უყურებდა რელიგიურ მოხსენებებს. ელენას ადვოკატმა ბრალდებების მოხსნა სთხოვა სასამართლოს, ვინაიდან აღნიშნული, ეგრეთ წოდებული, დანაშაული, სხვა არაფერი იყო, თუ არა თაყვანისცემის გამომხატველი ჩვეულებრივი ქმედებები. მიუხედავად ამისა, მოსამართლე დაეთანხმა პროკურორის ბრალდებას, რომ ელენა ბარმაკინა მონაწილეობას იღებდა რუსეთის კანონმდებლობით აკრძალულ „ექსტრემისტულ საქმიანობაში“.

აღნიშნულმა სამართლებრივმა პროცედურებმა უარყოფითად იმოქმედა ელენას ემოციურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. მას 447 დღე მოუწია ქმრისგან განცალკევებით ყოფნა, რომელიც ამ დროის განმავლობაში წინასწარი პატიმრობის იზოლატორში ჰყავდათ. და ელენასთვის აგრეთვე პრობლემას წარმოადგენს სამსახურის მოძებნა იმის გამო, რომ ის გამოძახებისთანავე უნდა გამოცხადდეს სასამართლო პროცესზე ან დაკითხვაზე.

ბიბლიური ცოდნიდან გამომდინარე არ გვიკვირს, რატომ ახდენენ უფლებამოსილი პირები რუსეთში ასეთ ძლიერ ზეწოლას ჩვენს და-ძმებზე და რატომ ცდილობენ მათი ერთგულების შერყევას. თუმცა გვანუგეშებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ყოველთვის იქნება მათი საიმედო „თავშესაფარი და ძლევამოსილება“ (ფსალმუნი 118:13, 14).

a შესაძლოა შეიცვალოს