არჩეულ მასალაზე გადასვლა

ირინა ლოხვიცკაია

2021 წლის 29 მარტი
რუსეთი

და ირინა ლოხვიცკაია სიმტკიცეს ინარჩუნებს

და ირინა ლოხვიცკაია სიმტკიცეს ინარჩუნებს

განახლებული ინფორმაცია | რუსეთის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ირინა ლოხვიცკაიას საჩივარი

2021 წლის 16 ნოემბერს ებრაელთა ავტონომიური ოლქის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ირინა ლოხვიცკაიას საჩივარი და ძალაში დატოვა თავდაპირველი განაჩენი. მისთვის გამოტანილი სასჯელი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

2021 წლის 19 ივლისს ებრაელთა ავტონომიურ ოლქში მდებარე ბირობიჯანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო ირინა და მას ორწელიწადნახევრიანი ვადით პირობითი სასჯელი შეუფარდა.

ზოგადი ინფორმაცია

ირინა ლოხვიცკაია

  • დაბადების წელი: 1962 (იზვესტკოვი, ებრაელთა ავტონომიური ოლქი)

  • ბიოგრაფია: ექვსი წლის იყო, მამა რომ გარდაეცვალა. ბავშვობაში დადიოდა ცეკვაზე, თეატრალურ წრეებზე; თამაშობდა კალათბურთს და ფრენბურთს; გატაცებული იყო ქსოვით.

    მის გულს ძალიან შეეხო მკვდრეთით აღდგომის შესახებ ბიბლიური იმედი. 1993 წელს მოინათლა და იეჰოვას მოწმე გახდა. მონათვლიდან შვიდი თვის შემდეგ მეუღლე გარდაეცვალა და მარტოს მოუწია 7 წლის შვილის, არტურის, აღზრდა.

სასამართლო საქმე

2020 წლის 6 თებერვალს ბირობიჯანში და ირინა ლოხვიცკაიას ხუთ დასთან ერთად სამართალდამცავებმა „ექსტრემისტულ“ საქმიანობაში დასდეს ბრალი. მთლიანობაში, იმ რეგიონში 19 საქმე აღიძრა 22 მოწმის წინააღმდეგ, რომელთა შორის არიან ირინას ვაჟი არტური და მისი მეუღლე ანა.

ირინას საქმეზე გამართული სასამართლო მოსმენები დახურულ კარს მიღმა გაიმართა. პროცესებზე დასწრების უფლება არც მედიის წარმომადგენლებს მისცეს და არც ბრალდებულის ნათესავებს. მან არაერთხელ ითხოვა, რომ მოსმენები ღიად გამართულიყო და საქმე პროკურატურას გადასცემოდა, თუმცა უშედეგოდ.

ყოველივე ამან ირინას ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედა. მაგრამ მოთმინების ძალას მას სულიერი განრიგის მიყოლა აძლევს. ის გვიყვება: „იეჰოვა დამეხმარა, გამომემუშავებინა კარგი ჩვევა, არ დავკმაყოფილებულიყავი ბიბლიის მარტო კითხვით და უფრო ღრმად მეკვლია ღვთის სიტყვა და მეფიქრა მასზე“. როცა განსაცდელების გამო ვეღარ ახერხებდა ბიბლიის კითხვას, ირინამ იეჰოვას მიმართა დახმარებისთვის. ის ამბობს: „გულმხურვალედ ვლოცულობდი; მიზნად დავისახე, განმეახლებინა სულიერი განრიგი. იეჰოვა მასწავლის, რომ საკუთარ თავზე მეტად სხვებზე ვიფიქრო“.

ირინა მათზე ფიქრობს, ვინც მასზე მეტად საჭიროებს დახმარებას და გამხნევებას, მათ შორის თანაქრისტიანებზე და დაინტერესებულებზე. ის ამბობს: „როცა სხვებზე ფიქრობ, დრო აღარ გრჩება, რომ საკუთარი თავი შეიცოდო ან ზედმეტად ინერვიულო“.

ირინას კრების და-ძმებიც ძალიან აძლიერებენ, განსაკუთრებით უხუცესები. ის აღნიშნავს: „ისინი ძალიან მანუგეშებენ, ყოველთვის პოულობენ საჭირო სიტყვებს ჩემ გასამხნევებლად, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც იდევნებიან. ისინი ნებისმიერ დროს არიან მზად ჩემ დასახმარებლად, რისთვისაც მათი უზომოდ მადლიერი ვარ“.

ირინა დღემდე მოთმინებით იტანს განსაცდელებს. მის მსგავსად ჩვენც გვჯერა, რომ იეჰოვა მას საჭირო დახმარებას აღმოუჩენს. ის ამბობს: „როცა ადრე დევნების შესახებ ვკითხულობდი, ვფიქრობდი, მე როგორ მოვიქცეოდი იმ სიტუაციებში: მივენდობოდი იეჰოვას თუ არა? ახლა ვიცი ამ კითხვაზე პასუხი. რასაკვირველია, იეჰოვას დახმარებით შევძლებ მასზე მინდობას! მისი ერთგული მსახურების მსგავსად, მეც მტკიცედ ვიდგები, რადგან იეჰოვა ჩამჭიდებს თავის მარჯვენას“ (ესაია 41:10).