2021 წლის 11 თებერვალი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
და იულია კაგანოვიჩს წინასწარი მომზადება ეხმარება დევნის ატანაში
სავარაუდო სასჯელი
2021 წლის 18 თებერვალს a ებრაელთა ავტონომიურ ოლქში მდებარე ბირობიჯანის რაიონული სასამართლო განაჩენს გამოიტანს და იულია კაგანოვიჩის საქმეზე. პროკურორს ჯერ არ დაუკონკრეტებია, რა სახის სასჯელის შეფარდებას ითხოვს და იულიასთვის.
ზოგადი ინფორმაცია
იულია კოგანოვიჩი
დაიბადა: 1966 წელს ქალაქ მიხაილოვკაში (ვოლგოგრადის ოლქი).
ბიოგრაფია: შეისწავლა სამოქალაქო მშენებლობა. ახალგაზრდობაში სწავლობდა ცეკვას სტუდიაში, დამთავრებული აქვს მუსიკალური სკოლა; უკრავდა ორკესტრში და მღეროდა გუნდში. მისი მეუღლე, ალექსანდრე, არ იზიარებს იულიას რელიგიურ შეხედულებებს, თუმცა მხარს უჭერს მას და მიიჩნევს, რომ მისი მეუღლისადმი სრულიად უსაფუძვლოდაა აღძრული სისხლის სამართლის საქმე.
საყვარელი ადამიანების დაკარგვის შემდეგ იულია სერიოზულად დაფიქრდა სიცოცხლის აზრზე. თავის კითხვებზე პასუხები ბიბლიაში იპოვა, რამაც მომავლის იმედი ჩაუსახა. იულია 1998 წელს მოინათლა. ბიბლიური პრინციპები დღემდე ეხმარება მას, განამტკიცოს ოჯახური კვანძები და იყოს კარგი მეუღლე. ბიბლიური ფასეულობებით აღზარდა თავისი ვაჟი არტურიც, რომელიც იეჰოვას მოწმეა.
სამართლებრივმა დევნამ კიდევ უფრო გაართულა მისი ისედაც სუსტი ჯანმრთელობა.
სასამართლო საქმე
«გამთენიისას კარზე კაკუნი რომ გავიგონე, მაშინვე მივხვდი, ვინ იყვნენ, — იხსენებს და იულია, — გულმა გამალებით დამიწყო ცემა. „იეჰოვა, დამეხმარე, იეჰოვა, დამეხმარე“! მხოლოდ ამ ორ სიტყვას ვიმეორებდი».
რელიგიური დევნა 53 წლის იულია კაგანოვიჩის წინააღმდეგ 2019 წლის 10 ოქტომბერს დაიწყო რუსეთის ქალაქ ბირობიჯანში. იმავე დღეს იულიას ბინის გარდა ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ჩვენი და-ძმების 20-ზე მეტი ბინა გაჩხრიკეს ბირობიჯანში.
ამ საშინლად სტრესულ პროცესებს იულიამ და სხვა და-ძმებმა იმის წყალობით გაუძლეს, რომ წინასწარ იყვნენ მომზადებულნი.
„კრების შეხვედრებზე და-ძმები ერთმანეთს გამუდმებით ვახსენებდით, რომ ჩვენს სახლებშიც ნებისმიერ დროს შეიძლებოდა მოსულიყვნენ გასაჩხრეკად, რისთვისაც მზად უნდა ვყოფილიყავით“, — ამბობს იულია, — „რადგან ეს წინასწარ ვიცოდი, ემოციურად კარგად შევემზადე იმისთვის, თუ რას ვიტყოდი და როგორ მოვიქცეოდი იმ დროს. მესმოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ ყველაფერზე წინასწარ ფიქრი. შედეგად, როცა ეს მოხდა, შევძელი, რომ არ დავბნეულიყავი და ზედმეტად არ ავღელვებულიყავი“.
როგორც მოსალოდნელიც იყო, რუსეთის სამართალდამცავებმა რეიდის მოწყობის შემდეგ სწრაფადვე აღძრეს სისხლის სამართლის საქმე. იულიას და სხვა და-ძმებს ბრალად დასდეს „ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა“.
2020 წლის 3 მარტს სამართალდამცავებმა მათი საქმე ბირობიჯანის რაიონულ სასამართლოში გადაგზავნეს. კოვიდ-19 პანდემიის გამო საქმის განხილვა 5 თვით გადაიდო. 2020 წლის 22 ოქტომბერს კი იულია კვლავ დაიბარეს სასამართლოში.
„ბუნებრივია, ასეთ სიტუაციაში ყოფნა არ მსურდა, თუმცა მეორე მხრივ, ბედნიერი ვიყავი, რომ შემეძლო იეჰოვას უზენაესობისთვის დამეჭირა მხარი“, — ამბობს იულია.
„ესაიას 41:10-ში ჩაწერილი სიტყვები ჩემთვის წამალივით იყო. ეს მუხლი ამოვბეჭდე და სახლში კედელზე გავაკარი, რათა კარგად მხსომებოდა, რომ იეჰოვა თავის მხარდაჭერაში მარწმუნებდა. საკუთარ თავზე გამოვცადე, როგორ გამიმაგრა იეჰოვამ აკანკალებული ფეხები“, — დასძენს იულია.
იულიას ზეპირად ჰქონდა ნასწავლი რამდენიმე ბიბლიური მუხლი. ეს მუხლები დაეხმარა მას, სტრესულ სიტუაციებს მშვიდად, მხნედ და სიხარულით შეხვედროდა.
გონივრული იქნება, თუ მომავალი გამოცდებისთვის ჩვენც წინასწარ მოვემზადებით გონებრივად, ემოციურად და სულიერად. დარწმუნებულნი ვართ, რომ „იეჰოვა კარგს არ დაუკავებს უბიწოდ მავალთ“ (ფსალმუნი 84:11).
a შესაძლოა შეიცვალოს.