არჩეულ მასალაზე გადასვლა

და ლარისა არტამონოვა

2021 წლის 15 თებერვალი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

და ლარისა არტამონოვა დამნაშავედ ცნეს რწმენის გამო

და ლარისა არტამონოვა დამნაშავედ ცნეს რწმენის გამო

განაჩენი

2021 წლის 12 თებერვალს ებრაელთა ავტონომიურ ოლქში მდებარე ბირობიჯანის რაიონულმა სასამართლომ განაჩენი გამოიტანა და ლარისა არტამონოვას საქმესთან დაკავშირებით. მას ექვსწლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა სასამართლომ გადაწყვიტა, მისთვის ფულადი ჯარიმა დაეკისრებინა 10 000 რუბლის (135 აშშ დოლარი) ოდენობით.

ზოგადი ინფორმაცია

ლარისა არტამონოვა

  • დაიბადა: 1970 წელს ბირობიჯანში (ებრაელთა ავტონომიური ოლქი).

  • ბიოგრაფია: სამი წლის ასაკში მოუკლეს მამა. მუშაობდა შეფ-კონდიტერად, გრაფიკულ-დიზაინერად და მკერავად. დაქორწინდა 1990 წელს. ჰყავს ერთი ვაჟი ეგვენი, რომელსაც იშვიათი დაავადების დიაგნოზი აქვს. თავად ლარისასაც აწუხებს აუტოიმუნური დაავადება, რომელიც აზიანებს მის სახსრებს. ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად მაინც აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს. უყვარს ველოსიპედით სიარული, თხილამურებით სრიალი, ციგურაობა და პორტრეტების ხატვა.

    ჰქონდა კითხვები უსამართლობის, ტანჯვის და ბოროტების არსებობასთან დაკავშირებით, რის გამოც დაიწყო ბიბლიის შესწავლა იეჰოვას მოწმეებთან. ის დააკმაყოფილა ბიბლიაში ნანახმა პასუხებმა და მოინათლა 1995 წელს, როგორც იეჰოვას მოწმე.

სასამართლო საქმე

2019 წლის 25 სექტემბერს რუსმა სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და ლარისა არტამონოვას წინააღმდეგ. მისი ვაჟის წინააღმდეგ კი ცალკე საქმეა აღძრული. მათ გარდა ებრაელთა ავტონომიურ ოლქში მცხოვრებ კიდევ 20 იეჰოვას მოწმეს ედება ბრალად „ექსტრემისტული“ ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა.

ლარისას დედა და მამინაცვალი საგონებელში არიან ჩაცვენილი იმ გარემოების გამო, რომ რწმენის გამო ლარისასთვისაც იმავე ხანგრძლივობის (6-წლიანი) პატიმრობის მისჯას აპირებდნენ, რამდენიც ლარისას მამის მკვლელს მიუსაჯეს ჩადენილი ბოროტმოქმედებისთვის თავის დროზე.

ბირობიჯანში დევნის დაწყების წინა პერიოდში ლარისაც და მისი ვაჟიც ძალიან დიდ დროს უთმობდნენ იეჰოვას მსახურებას. ლარისა ამბობს: „როდესაც იეჰოვას საქმეში აქტიურად ხარ ჩართული და ზრუნავ შენი და შენი ოჯახის წევრების რწმენის განმტკიცებაზე, ვეღარაფერი ვეღარ გაშინებს. სატანა ჩვენი მდევნელების მეშვეობით ცდილობს გვაფიქრებინოს, რომ ღვთის მსახურება საფრთხეს უქმნის ჩვენს თავისუფლებას. ამის საპირისპიროდ, იეჰოვა გვარწმუნებს, რომ ნამდვილი თავისუფლება იმ შემთხვევაში გვექნება, თუ იმას გავაკეთებთ, რასაც თავად გვასწავლის“.

ბირობიჯანში მცხოვრები 22 და-ძმა, რომელთა წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული, დარწმუნებულია, რომ იეჰოვა ხედავს და აფასებს მათ ერთგულებას. ეს კი მას იმის საშუალებას აძლევს, რომ პასუხი გასცეს სატანის დაცინვას (იგავები 27:11).