არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნიდან მარჯვნივ: ალექსეი ბუდენჩუკი, ალექსეი მირეცკი, ფელიქს მახამადიევი, გენადი გერმანი და რომან გრიდასოვი

2020 წლის 24 თებერვალი
რუსეთი

და-ძმები მხარს უჭერენ რუსეთში დაპატიმრებულ თანაქრისტიანებს, რომლებსაც ციხეში ფიზიკურად გაუსწორდნენ

და-ძმები მხარს უჭერენ რუსეთში დაპატიმრებულ თანაქრისტიანებს, რომლებსაც ციხეში ფიზიკურად გაუსწორდნენ

მას შემდეგ, რაც ქალაქ ორენბურგში (რუსეთი) მცხოვრებმა იეჰოვას მოწმეებმა შეიტყვეს, რომ ხუთ ძმას ციხეში სასტიკად გაუსწორდნენ, მათ მხარდასაჭერად გაემართნენ. დაპატიმრებული ძმები — ალექსეი ბუდენჩუკი, გენადი გერმანი, რომან გრიდასოვი, ფელიქს მახამადიევი და ალექსეი მირეცკი — ქალაქ სარატოვიდან არიან, რომელიც ორენბურგიდან დაახლოებით 800 კილომეტრში მდებარეობს.

ძმა ფელიქს მახამადიევი მომღიმარი სახით; მას ორი კვირის წინ მიყენებულ ჭრილობებს ქურთუკი უფარავს.

2020 წლის 15 თებერვალს, ვებგვერდზე გამოქვეყნებული ახალი ამბებიდან ცნობილი გახდა, რომ ორენბურგის სასჯელაღსრულების №1 დაწესებულებაში მყოფ ხუთ სარატოველ ძმას ხელკეტებით სცემეს ციხის მცველებმა. ამ ინფორმაციის წაკითხვის შემდეგ ადგილობრივი და-ძმების ჯგუფი სასჯელაღსრულების დაწესებულებისკენ გაემართა. მათ გაბედულად განაცხადეს, რომ იეჰოვას მოწმეები იყვნენ, რითაც, ფაქტობრივად, თავადაც საფრთხეში ჩაიგდეს თავი. მოწმეებმა მორიგე პოლიციელებისგან ამ ხუთი ძმის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოითხოვეს. ვინაიდან სხეულის სერიოზული დაზიანებების გამო ძმა ფელიქსი საავადმყოფოში ჰყავდათ გადაყვანილი, და-ძმები სამართალდამცავებისგან ოფიციალურ დადასტურებას ითხოვდნენ, რომ ის ნამდვილად ცოცხალი იყო. პოლიციელებთან მათი დიალოგი ორ საათამდე გაგრძელდა.

ორენბურგელმა და-ძმებმა დაპატიმრებული ძმების, მათი მეუღლეებისა და მათი ადვოკატების მხარდასაჭერად ჩამოაყალიბეს ჯგუფი. ისინი რეგულარულად სწერენ გამამხნევებელ წერილებს დაპატიმრებულ ძმებს და ფულად შესაწირავებსაც იღებენ იმისთვის, რომ ძმები ჯანსაღი საკვებით მოამარაგონ.

ამგვარი სიყვარულითა და თავგანწირვის სულით და-ძმები სახალხოდ განადიდებენ ღვთის სახელს. ციხის თანამშრომლები საკუთარი თვალით ხედავენ, როგორ ზრუნავენ იეჰოვას მოწმეები თანამორწმუნეებზე — მათზეც კი, რომლებსაც პირადად არ იცნობენ და რომელთაგანაც ასობით კილომეტრი აშორებთ.

გვახარებს იმის გაგება, თუ როგორ იყენებენ ჩვენი და-ძმები ებრაელების 13:3-ში ჩაწერილ ღვთივშთაგონებულ რჩევას: „გახსოვდეთ საპყრობილეში ბორკილებში მყოფნი, თითქოს თქვენც მათთან ერთად ყოფილიყოთ შებორკილნი, და ისინი, ვისაც სასტიკად ეპყრობიან, რადგან თქვენც ჯერ კიდევ სხეულში იმყოფებით“.