არჩეულ მასალაზე გადასვლა

ორიოლის საოლქო სასამართლო

2019 წლის 11 ივნისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

დენის კრისტენსენის მიერ წარმოთქმული სიტყვა 16 მაისის სასამართლო პროცესზე

დენის კრისტენსენის მიერ წარმოთქმული სიტყვა 16 მაისის სასამართლო პროცესზე

2019 წლის 16 მაისს, ხუთშაბათს გამართულ სასამართლო პროცესზე დენის კრისტენსენს თითქმის ერთი საათის განმავლობაში მიეცა თავის დაცვის საშუალება. გთავაზობთ სასამართლოს წინაშე მის მიერ წარმოთქმულ ტექსტს (ნათარგმნია რუსულიდან):

«მრავალი წლის წინათ ერთმა ბოროტმა კაცმა ასეთი რამ თქვა: „რაც უფრო ხშირად იმეორებენ ტყუილს, მით მეტად იჯერებენ მას“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ათასჯერ გამეორებული ტყუილი უკვე სიმართლე ხდება. ტყუილმა, რომელსაც ზოგი სიმართლედ ასაღებდა, მრავალი პრობლემა და ზიანი მოუტანა უამრავ უდანაშაულო ადამიანს.

ეს ყველაფერი წარსულში დარჩა და მიიჩნევენ, რომ 21-ე საუკუნეში განათლებულმა საზოგადოებამ ბევრი რამ ისწავლა წარსული გამოცდილებიდან.

მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მთლად ასე არ არის. ტყუილების გამოყენების ტაქტიკას კვლავ მიმართავენ ჩემ და სხვა იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგაც რუსეთში. ამჯერადაც ეს სიცრუე დიდ ტკივილსა და ზიანს აყენებს უდანაშაულო ადამიანებს.

ჩემს შემთხვევაში ტყუილი მდგომარეობს იმაში, რომ თითქოს მე მხარს ვუჭერდი იეჰოვას მოწმეთა აკრძალულ ადგილობრივ იურიდიულ პირს ორიოლში, რომელიც სასამართლოს მიერ ექსტრემისტულად იყო გამოცხადებული და თითქოს მე იმავე განზრახვით საიდუმლოდ ვმოქმედებდი.

ეს ბრალდება მეორდებოდა სასამართლოდან სასამართლომდე ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე. ასეთი სახით, როგორც ჩანს, ამ სიცრუის გამავრცელებლებს განზრახული ჰქონდათ მისი სიმართლედ გადაქცევა.

სიმართლე კი ისაა, რომ მე არასდროს მქონია შეხება იეჰოვას მოწმეთა ორიოლის ადგილობრივ იურიდიულ პირთან.

მე, რა თქმა უნდა, ვარ მორწმუნე — იეჰოვას მოწმე. მე და ჩემი მეგობრები ვესწრებოდით იმ რელიგიური ჯგუფის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებს, რომელსაც არ ჰქონდა შეხება იეჰოვას მოწმეთა ორიოლის ადგილობრივ იურიდიულ პირთან. ჩემი ქმედებები აბსოლუტურად კანონიერი იყო და სრულად შეესაბამებოდა რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 28-ე მუხლს.

მე არ ვმონაწილეობდი იეჰოვას მოწმეთა ორიოლის აკრძალული ადგილობრივი იურიდიული პირის მიერ ორგანიზებულ საქმიანობაში და არ დამირღვევია რუსეთის კანონმდებლობის არცერთი კანონი. არასოდეს მქონია რაიმე საერთო ექსტრემიზმთან.

ბევრს უკითხავს ჩემთვის: „რატომ გაცხადებენ თქვენ, იეჰოვას მოწმეებს, ასეთ მშვიდობიან ხალხს, ექსტრემისტებად და ზუსტად რას გულისხმობენ ამ ეგრეთ წოდებულ ექსტრემიზმში? ჩემი პასუხია: „არ ვიცი“.

იეჰოვას მოწმეებს მოყვასი საკუთარი თავივით უყვართ. ისინი ცდილობენ, სხვებს სიკეთე გაუკეთონ და საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეებით დაკავდნენ. ისინი პატიოსანი ადამიანები არიან, ემორჩილებიან მთავრობის კანონებს და იხდიან გადასახადებს. რაში მდგომარეობს მათი „ექსტრემიზმი“? პირადად მე, არ ვიცი და ამ სასამართლო პროცესების განმავლობაშიც არ მიმიღია პასუხი ამ შეკითხვაზე.

მე მადანაშაულებენ, რომ ვაგრძელებდი ერთი იურიდიული პირის საქმიანობის მხარდაჭერას, რომელიც დაახლოებით ათი წევრისგან შედგება და რომელიც ექსტრემისტულად არის გამოცხადებული სასამართლოს მიერ. როდის და როგორ ვაგრძელებდი ამ იურიდიული პირის საქმიანობაში მონაწილეობას? კონკრეტულად რა იგულისხმება ჩემს ექსტრემისტულ საქმიანობაში?

ამ კითხვებზე ერთხელაც არავის გაუცია პასუხი მთელი ამ სასამართლო პროცესების განმავლობაში. და იცით რატომ? იმიტომ რომ ისინი ცდილობენ ერთისა და იმავეს გამეორებით სიცრუე სიმართლედ აქციონ.

აქ, რუსეთში, ვიღაც მთელი მონდომებით ცდილობს იეჰოვას მოწმეების ექსტრემისტული პორტრეტის დახატვას; მაგრამ ეს არაა სამართლიანი და მას საერთო არაფერი აქვს სიმართლესთან. იეჰოვას მოწმეები არ არიან ექსტრემისტები. იცით, რატომ?

პირველი მიზეზი ისაა, რომ იეჰოვას მოწმეები არასდროს იღებენ იარაღს ხელში და არ მონაწილეობენ ძალადობრივ დაპირისპირებებში. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიაში ისინი საკუთარ სიცოცხლეს სწირავდნენ იმის გამო, რომ უარს ამბობდნენ, ემსახურათ „ვერმახტში“— გერმანიის შეიარაღებულ ძალებში. ისინი არ გადიოდნენ აღმოსავლეთის ფრონტზე და არ ხოცავდნენ საბჭოელ ჯარისკაცებს.

სსრკ-ში იეჰოვას მოწმეებს საშინლად დევნიდნენ და ისინი შერაცხულნი ჰყავდათ საზოგადოების მტრებად. მაგრამ მათ არ სძულდათ თავიანთი მდევნელები.

იეჰოვას მოწმეები გაერთიანებულნი არიან მსოფლიო საძმოში, რომელიც სხვადასხვა ერის ადამიანებისგან შედგება. მათ ერთმანეთთან მშვიდობიანი და ჰარმონიული ურთიერთობა აქვთ. ჩვენი ერთიანობა იმის მაჩვენებელია, რომ შესაძლებელია იმ განსხვავებულობის მშვიდობიანად დაძლევა, რაც მსოფლიოს ჰყოფს.

მეორე, რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც იეჰოვას მოწმეები ექსტრემისტებად არიან გამოცხადებულნი. ისინი 200-ზე მეტ ქვეყანაში თავისუფლად სცემენ თავიანთ ღმერთს თაყვანს. მათ მშვიდობიან ხალხად იცნობენ, რომელთაც არანაირი კავშირი არ აქვთ ექსტრემიზმთან.

ყველა იეჰოვას მოწმე ერთსა და იმავე ბიბლიურ სწავლებებს მიჰყვება და სწორედ ეს სწავლებები აღძრავთ მათ, გამოავლინონ ისეთი კარგი თვისებები, როგორიცაა: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, მოთმინება, სიკეთე, ყოველივე კარგი, რწმენა, [რბილი ხასიათი] და თავშეკავება.

ბიბლიაში ამ თვისებებს „სულის ნაყოფი“ ეწოდება და ამ თვისებების მატარებელი ადამიანები ნამდვილად არ წარმოადგენენ საფრთხეს საზოგადოებისთვის. ამ თვისებებს არაფერი აქვთ საერთო ექსტრემიზმთან, მათ მხოლოდ კარგის მოტანა შეუძლიათ ხალხისთვის.

მესამე, რუსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის ექსპერტებმა დაგმეს ის ფაქტი, რომ კანონი ექსტრემიზმის წინააღმდეგ გამოიყენეს იეჰოვას მოწმეებთან მიმართებით. მრავალმა მათგანმა მკაფიოდ დააფიქსირა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ამგვარი ქმედება უარყოფითად აისახება რუსეთის რესპუბლიკის რეპუტაციაზე, რომელიც აცხადებს, რომ იმართება დემოკრატიული კანონებით. ეს დამსახურებული ექსპერტები არ დაგმობდნენ ამ კანონის გამოყენებას იეჰოვას მოწმეებთან მიმართებით, მოწმეებს ექსტრემიზმთან ოდნავი კავშირი მაინც რომ ჰქონოდათ.

მეოთხე, საერთაშორისო საზოგადოებამაც დაგმო ის ფაქტი, რომ რუსეთში ექსტრემიზმის წინააღმდეგ კანონი უსამართლოდ იქნა გამოყენებული იეჰოვას მოწმეებთან მიმართებით. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, შეწყვიტოს აღნიშნული კანონის გამოყენება იეჰოვას მოწმეთა წინააღმდეგ. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმაც არაერთხელ გამოხატა შეშფოთება, რომ რუსეთში ექსტრემიზმის წინააღმდეგ კანონი უსაფუძვლოდ იქნა გამოყენებული იეჰოვას მოწმეებთან დაკავშირებით და ამის შედეგია ის, რომ უსამართლოდ იდევნება მშვიდობიანი და უდანაშაულო ხალხი.

იესო ქრისტემ გააფრთხილა თავისი მიმდევრები: „თუ მე მდევნიდნენ, თქვენც გაგდევნიან“ (იოანე 15:20). * საბოლოოდ, იესო დამნაშავედ ცნეს და ასე ვთქვათ, ექსტრემიზმის ცრუ ბრალდების საფუძველზე სიკვდილით დასაჯეს, რაც უდიდესი უსამართლობა იყო.

მაგრამ ჩვენ ახლა არც პირველ საუკუნეში ვართ და არც შუა საუკუნეებში. ჩვენ ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში — დროში, როცა რელიგიის თავისუფლების უფლება ყველა ადამიანისთვის თანაბარი უნდა იყოს.

შეიძლება ადამიანს აუკრძალო, იწამოს ღმერთი და ამისთვის დააპატიმრო? მე მჯერა, რომ ამგვარი ქმედება არასწორია. ეს მხოლოდ ტოტალიტარულ ქვეყნებში ხდება და არა დემოკრატიულ სახელმწიფოებში, რომლებიც კონსტიტუციით იმართება. იმედი მაქვს, რომ რუსეთი სწორედ ასეთ სახელმწიფოს წარმოადგენს, ყოველ შემთხვევაში, ისწრაფვის მაინც ამისკენ.

ამ სასამართლო პროცესების განმავლობაში გავიგე, რომ რუსეთში ზოგი ექსტრემიზმად მიიჩნევს იმას, თუ ვინმე საკუთარ რელიგიას ჭეშმარიტად მიიჩნევს და ამას ხმამაღლა აცხადებს. ეს არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება, რადგან ყველა კონფესიის ადამიანს სჯერა, რომ თავისი მრწამსია ჭეშმარიტი; სხვაგვარად არ დარჩებოდა იმ რელიგიაში.

თუ ეს არგუმენტი საკმარისია, რომ ვინმე ექსტრემისტად შერაცხო, მაშინ ამ ლოგიკით იესოც ექსტრემისტი გამოდის. მან პონტიუს პილატეს უთხრა: „მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი ქვეყნიერებაზე, რომ ჭეშმარიტების შესახებ დამემოწმებინა. ყველა, ვინც ჭეშმარიტების მხარეზეა, ისმენს ჩემს ხმას“ (იოანე 18:37).

ეს იმას ნიშნავს, რომ ჭეშმარიტება ნამდვილად არსებობს და მისი პოვნა ბიბლიაშია შესაძლებელი. იესო ქადაგებდა ჭეშმარიტებას და თავის მოწაფეებსაც ასწავლიდა მას. ის არ საუბრობდა ჭეშმარიტებაზე, როგორც ზოგად ცნებაზე, არამედ ის საუბრობდა ჭეშმარიტებაზე, რომელიც დაკავშირებული იყო ღვთის განზრახვებთან. ღვთის მთავარი განზრახვა იესოსთან, „დავითის ძესთან“ (მისი შთამომავალი) დაკავშირებით, ის არის, რომ ის უნდა იყოს მღვდელმთავარი და ღვთის სამეფოს მმართველი.

იესო უხსნიდა სხვებს, რომ მისი დედამიწაზე მოსვლისა და მსახურების მთავარი მიზანი იყო ღვთის სამეფოს შესახებ ჭეშმარიტების გაცხადება. მიიჩნევს იესოს დღეს ხალხი ექსტრემისტად იმის გამო, რომ ჭეშმარიტებას ქადაგებდა?

იეჰოვას მოწმეები მიჰყვებიან იესოს მაგალითს და ქადაგებენ ბიბლიაში ჩაწერილ ჭეშმარიტებას, რომ ღვთის სამეფო წარმოადგენს კაცობრიობის პრობლემებისგან დახსნის ერთადერთ გზას. ისინი ყველას გადასცემენ ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში, ჩაწერილ ამ ცნობას.

ერთხელ იესომ ლოცვის დროს უთხრა ღმერთს: „განწმინდე ისინი ჭეშმარიტებით. შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა“ (იოანე 17:17). აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ერმა გაიგოს ბიბლიური ჭეშმარიტება. ეს სიკეთის მომტანია და მას არაფერი აქვს საერთო ექსტრემიზმთან.

მხოლოდ იეჰოვას მოწმეებისთვის არ არის ძვირფასი ბიბლიურ ჭეშმარიტება. რუსი მეცნიერი მიხეილ ლომონოსოვი ამბობდა: „შემოქმედმა ადამიანთა მოდგმას ორი წიგნი აჩუქა. ერთით მან საკუთარი ზებუნებრიობა ამცნო კაცობრიობას, მეორით კი — საკუთარი ნება. პირველი მისივე შექმნილი ხილული სამყაროა ... მეორე კი წმინდა წერილებია“.

უდავოა, რომ ლომონოსოვი გულდასმით იკვლევდა წმინდა წერილებს და სრულ სიმართლეს ღაღადებდა. ჩვენ ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია ღვთის შესახებ შემოქმედებაზე დაკვირვებით და კიდევ უფრო მეტის სწავლაა შესაძლებელი, თუ წავიკითხავთ, გამოვიკვლევთ და ცხოვრებაში გამოვიყენებთ მის სიტყვას, ბიბლიას.

ბიბლია თავის თავზე ასეთ რამეს ამბობს: „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად ... სიმართლეში აღსაზრდელად, რათა ღვთის კაცი ყველაფერში ჩახედული და ყოველმხრივ მომზადებული იყოს ნებისმიერი კარგი საქმისთვის“ (2 ტიმოთე 3:16, 17). დიახ, ნებისმიერი კარგი საქმისთვის!

ქრისტიანულ შეხვედრებზე, რომლებზეც მე ვესწრებოდი და ვმონაწილეობდი და რომლებიც ტარდებოდა იმ რელიგიური ჯგუფის ხელმძღვანელობით, რომელსაც არ ჰქონდა შეხება იეჰოვას მოწმეთა ორიოლის ადგილობრივ იურიდიულ პირთან, ჩვენ ვსწავლობდით, კონკრეტულად როგორ შეიძლება ხალხისთვის კარგის კეთება.

სასამართლოზე წარმოდგენილი ორი ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც ნაჩვენები იყო 2017 წლის 19 და 26 თებერვლის რელიგიური შეხვედრების კადრები, არანაირ ექსტრემისტულ ელემენტებს არ შეიცავდა. იმ შეხვედრებზე ჩვენ განვიხილავდით ბიბლიურ აზრებს, რომლებიც ყველასთვის სასარგებლოა. შეხვედრები მშვიდობიან და სასიამოვნო გარემოში მიმდინარეობდა, რაც ჩვეულებრივ დამახასიათებელია იეჰოვას მოწმეთა შეხვედრებისთვის.

ბიბლიურ აზრებს, რომლებზეც ჩვენ ვმსჯელობდით, არანაირი ზიანი არ მოაქვს საზოგადოებისთვის. პირიქით, მრავალი ადამიანისთვის ისინი დახმარებისა და ნუგეშის წყაროს წარმოადგენს. მათ, ვისაც საყვარელი ადამიანი ჰყავთ დაღუპული, ბიბლია ასეთი იმედით ანუგეშებს: „უკანასკნელი მტერი, რომელსაც ბოლო მოეღება, სიკვდილია“ (1 კორინთელები 15:26).

სიკვდილი ყველა ადამიანის დაუძინებელი მტერია და ყველას ეშინია მისი, თუმცა ღმერთს ოდნავადაც არ აშინებს იგი. ღმერთი გვპირდება ესაიას 25:8-ში: „სამუდამოდ შთანთქავს სიკვდილს და ყველა სახიდან მოსწმენდს ცრემლს უზენაესი უფალი იეჰოვა“.

წარმოიდგინეთ ეს დრო! აღარ იქნება დაკრძალვის ცერემონიალები და სასაფლაოები. მწუხარების ცრემლებს სიხარულის ცრემლები შეცვლის, როცა ღმერთი შეასრულებს თავის განზრახვას და გარდაცვლილებს სიცოცხლეს დაუბრუნებს. ადამიანებს ერთხელ და სამუდამოდ მოუშუშდებათ სიკვდილით მიყენებული ჭრილობები.

ეს აზრები ძალიან ბევრს ნიშნავს პირადად ჩემთვის, რადგან არაერთი ძვირფასი ადამიანი მყავს დაკარგული. ჩემი პატიმრობის პერიოდში ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი გარდაიცვალა, ბებიაჩემი ჰელგა მარგარეტ კრისტენსენი.

ჩვენი ოჯახიდან ის იყო პირველი, ვინც ბიბლიის შესწავლა დაიწყო და იეჰოვას მოწმე გახდა. მან ასწავლა ბიბლიური ჭეშმარიტება მამაჩემს და შემდეგ მეც მასწავლა. მეზობლებს, კოლეგებს, ნათესავებს ძალიან უყვარდათ ის და აფასებდნენ მას.

ბებიასაც ძალიან უყვარდა ადამიანები და პატივს სცემდა ყველას, რელიგიის, ეროვნების თუ კანის ფერის მიუხედავად. ის ცდილობდა, ყველასთვის გაეწია დახმარება და სიკეთე ეკეთებინა მოყვასისთვის. სამწუხაროდ, ზოგიერთი მას მაინც „ექსტრემისტად“ მონათლავდა. მაგრამ ბევრი გონიერი ადამიანი არ დაეთანხმებოდა ამ მოსაზრებას.

მოუთმენლად ველი იმ დღეს, როცა ღმერთი მას სიცოცხლეს დაუბრუნებს და ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს. ვწუხვარ, რომ მე ვერ დავესწარი მის დაკრძალვას. ვერც ჩემს ოჯახს ვედექი გვერდით ასეთ რთულ მომენტში იმიტომ, რომ ციხეში ვიჯექი ექსტრემიზმის სასაცილო ბრალდებით.

მკვდრეთით აღდგომის შესახებ ბიბლიური იმედი მანუგეშებს და მარწმუნებს, რომ მე ის სამუდამოდ არ დამიკარგავს და რომ ერთ დღესაც კვლავ ვნახავ ბებიას ბოროტებისგან გაწმენდილ დედამიწაზე, ღვთის სამეფოს მმართველობისას. პირადად მე ეს იმედი ძალიან მეხმარება და მანუგეშებს და დარწმუნებული ვარ, რომ სხვებზეც იმავენაირად იმოქმედებს.

კიდევ ერთი ბიბლიური თემა, რომელსაც კრების შეხვედრებზე განვიხილავდით, უკავშირდებოდა სამოთხეს, რომელიც მომავალში დედამიწაზე იქნება. სამოთხეში ყველას საკმარისად ექნება საკვები და ადამიანები ერთმანეთთან მშვიდობიანი ურთიერთობებით გაიხარებენ; იქ აღარავინ გახდება ავად, როგორც ესაიას 33:24-შია ნაწინასწარმეტყველები: „არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო. იმ მიწის მკვიდრთ ეპატიებათ დანაშაული“.

ნუთუ შეიძლება ამგვარი დაპირებების გაზიარება ზიანის მომტანი იყოს საზოგადოებისთვის? პირიქით, ამ დაპირებებს იმედი და სიხარული მოაქვს ხალხისთვის. იესომ თქვა: „ბედნიერი ის არის, ვინც ისმენს ღვთის სიტყვას და იცავს მას!“ (ლუკა 11:28).

აღნიშნული დაპირებების დაჯერება ყველას პირადი გადასაწყვეტია. ღმერთი არავის აიძულებს მისადმი მსახურებას. იერემიას 29:11-ში ღვთის სიტყვებია ჩაწერილი: „რადგან ვიცი, რასაც ვიზრახავ თქვენთვის, — ამბობს იეჰოვა, — მშვიდობას ვიზრახავ და არა უბედურებას, რომ მომავალი და იმედი მოგცეთ“.

ღმერთი ყველას სთავაზობს ცხოვრების საუკეთესო გზას, რომელიც მასთან ახლო ურთიერთობის განვითარებას ნიშნავს. იეჰოვას მოწმეები იწვევენ ხალხს, რომ ისინი დაადგნენ ამ საუკეთესო გზას და განავითარონ ღმერთთან ახლო, მეგობრული ურთიერთობა, რისი შედეგიც მარადიული სიცოცხლეა. ამაში არაფერია ექსტრემისტული. რა ჩავიდინე ექსტრემისტული და რატომ უნდა მომისაჯონ ექვსწლიანი პატიმრობა?

მე არაფერი ჩამიდენია კრიმინალური ან ექსტრემისტული. ჩემი მეზობლები, ადგილობრივი პოლიციელები და საპატიმროს ოფიცრები დადებითად საუბრობენ ჩემზე. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორე ეს შეკითხვა: რაში მდგომარეობს ჩემი ექსტრემისტობა და რატომ მისჯიან ექვსწლიან პატიმრობას?

ამას ვერაფრით ვერ ვხვდები, მთელი ამ ორი წლის განმავლობაში ვერ მივიღე ამ კითხვაზე პასუხი. იქნებ სააპელაციო სასამართლომ გამცეს კონკრეტული პასუხი, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლომ არ უპასუხა ჩემს შეკითხვებს.

ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და არა შუა საუკუნეებში. კაცობრიობამ არაერთ სფეროში განიცადა პროგრესი. მაგრამ, სამწუხაროა, რომ რუსეთში ადამიანებს ჯერ კიდევ აპატიმრებენ რწმენის გამო და აწამებენ კიდეც ამ მიზეზით.

2019 წლის 15 თებერვალს სურგუტში, შვიდი იეჰოვას მოწმის დაკითხვის დროს, საგამოძიებო კომიტეტმა აწამა ისინი იმ განზრახვით, რომ სასურველი პასუხები მოესმინა მათგან. მოწმეებს არ მისცეს უფლება, ესარგებლათ რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 51-ე მუხლით, რომლის თანახმადაც, მოქალაქეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავისა თუ ოჯახის წევრების წინააღმდეგ. ეს მუხლი რუსეთის ყველა მოქალაქეზე თანაბრად ვრცელდება.

მათ აიძულეს, ხელებაწეულები მუხლებზე დაჩოქილიყვნენ; შემდეგ ცემა დაუწყეს; შეურაცხყოფდნენ წარმომავლობისა და რელიგიის გამო; თავზე ცელოფანი ჩამოაცვეს და კისერზე იზოლენტით შეუკრეს, რომ ვეღარ ესუნთქათ; მერე ხელ-ფეხიც შეუკრეს; უყვიროდნენ და აიძულებდნენ ის ეთქვათ, რის მოსმენაც თავად სურდათ. ზოგიერთმა მათგანმა რამდენჯერმე გონებაც კი დაკარგა იმის გამო, რომ სუნთქვა არ შეეძლო. შემდეგ წყლის ჭავლი მიუშვეს და ელექტროშოკებით აწამეს.

საქმის მასალები დეტალურად იქნა შესწავლილი ექსპერტების მიერ, თუმცა არცერთი სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა საგამოძიებო კომიტეტის წინააღმდეგ. პასუხისმგებელი პირები თვალებს იბრმავებენ და აცხადებენ, რომ მოწმეებმა თავად მიიყენეს სხეულის დაზიანებები. ეს ხომ უბრალოდ დაცინვაა?! ეს საშინელი ტყუილია!

ეს ყველაფერი ჩირქს სცხებს რუსეთის თანამედროვე ისტორიას, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან. როგორ შეიძლება ხალხს ასე მოექცე?! ნუთუ შეიძლება ისეთი სადისტური მეთოდების გამოყენება ხალხის წინააღმდეგ, როგორებსაც ჰიტლერი და სტალინი იყენებდნენ?! ვიმედოვნებ, რომ ეს იყო დიდი შეცდომა, რომელიც მალე გამოსწორდება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია: „იმ რელიგიური გაერთიანების საქმიანობის მხარდაჭერა ექსტრემისტული ქმედებების განხორციელების მიზნით, რომელიც ლიკვიდირებულ იქნა სააღსრულებო სასამართლოს მიერ, ითვლება კრიმინალურ და ექსტრემისტულ ქმედებად და ისჯება სისხლის სამართლის კანონმდებლობით“. ეს გასაგებია, მაგრამ რა საერთო აქვს ამ ყველაფერს ჩემთან?

მე არ მაქვს კავშირი ამ ყველაფერთან. არასოდეს ვყოფილვარ იეჰოვას მოწმეთა ორიოლის ადგილობრივი იურიდიული პირის წევრი. არცერთი ჩემი ქმედებით არ დამიჭერია მხარი აკრძალული ადგილობრივი ჯგუფის საქმიანობისთვის.

ჩემი ყველა ქმედება იყო დაკავშირებული ჩემს ქრისტიანულ მსახურებასთან იმ რელიგიურ ჯგუფთან ერთად, რომელსაც არ ჰქონდა შეხება ორიოლში იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივ იურიდიულ პირთან. ჩემი ყველა ქმედება იყო კანონიერი და სრულად ეთანხმებოდა რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 28-ე მუხლს.

არასოდეს ჩამითვლია ჩემი ქმედებები იეჰოვას მოწმეთა ორიოლის იურიდიული პირის „არაკანონიერი“ საქმიანობის ხელშეწყობად. სატელეფონო საუბრის ერთ-ერთ ჩანაწერში, რომელიც სასამართლოზე იქნა წარმოდგენილი, ჩემს მეგობარს ასეთ რამეს ვეუბნები: „ჩვენ ვართ რელიგიური ჯგუფი. არ გვაქვს შეხება იურიდიულ პირთან და ადმინისტრაციულ ცენტრთან“.

პირველი ინსტანციის სასამართლომ უგულებელყო ეს მტკიცებულება; უფრო მეტიც, პროცესზე არაიდენტიფიცირებული მოწმე, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის აგენტი, ა. პ. იერმოლოვი გამოიყვანა, რომელმაც ცრუ ჩვენება მისცა. სააპელაციო სასამართლოს შეეძლო დაედგინა, რომ ა. პ. იერმოლოვი სინამდვილეში ოლეგ გენადის ძე კურდიუმოვი იყო.

თავდაპირველად ოლეგ კურდიუმოვმა განაცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობდა და რუსეთის კონსტიტუციის 51-ე მუხლის საფუძველზე არც ჩვენებას მისცემდა. მომდევნო დღეს მან შეცვალა ჩვენება და ახლა უკვე ა. პ. იერმოლოვის სახელით წარდგა სასამართლოს წინაშე. მოგვიანებით მან კიდევ მისცა ჩვენება სასამართლოს ამ სახელითა და გვარით.

სასამართლოში წარმოდგენილ ვიდეო ჩანაწერში, რომელშიც ასახული იყო 2017 წლის 19 და 26 თებერვალს გამართული ქრისტიანული შეხვედრების კადრები, რომელთაც თავის მხრივ არანაირი საერთო არ ჰქონდა იეჰოვას მოწმეების იურიდიულ პირთან ორიოლში, კარგად ჩანდა, რომ ოლეგ კურდიუმოვი იყო ის პიროვნება, რომელიც ფარულად იღებდა და იწერდა იმ რელიგიური შეხვედრის კადრებს. ღიმილს იწვევს ის ფაქტი, თუ რა აშკარად იღებდა ეს ადამიანი კამერით აღნიშნულ შეხვედრებს. კამერა გადაადგილდება, როცა ის გადაადგილდება და როცა ვინმე უახლოვდება, გარკვევით ისმის მისი ხმა, თუ რას ეუბნება მათ: „გამარჯობა, მე ოლეგი მქვია“.

პირველ რიგში ეს იმაზე მიუთითებს, რომ ის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის აგენტია და მათი დავალებით მოქმედებდა, როცა იმ კონკრეტული რელიგიური შეხვედრის კადრებს იღებდა. შემდეგ ის გამოდის სასამართლოზე თავისი ნამდვილი სახელითა და გვარით და აცხადებს, რომ არაფერი იცის. მეორე დღეს კი სასამართლოზე სხვა სახელით გამოდის და ცრუ ჩვენებას აძლევს. მოგვიანებით, ის იმავე სიცრუეს კვლავ იმეორებს, როგორც არაიდენტიფიცირებული მოწმე. ნუთუ ეს სამართლიანია?!

ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის აგენტს კანონის მიხედვით, არ აქვს უფლება, ყალბი სახელითა და გვარით მისცეს ჩვენება სასამართლოს. თუმცა პროკურატურამ, პროკურორმა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლემ თვალი დახუჭეს ამ ფაქტზე და მას ცრუ ჩვენების მიცემის ნება დართეს. ამ ჩვენებას დღეს ჩემ წინააღმდეგ იყენებენ. ვფიქრობ და ვერ გამიგია, როგორ მისცა სასამართლომ მას ამის უფლება.

კიდევ უფრო დამაბნეველი ის არის, თუ როგორ დართო პროკურატურამ მათ ამ ყველაფრის ნება. როგორც წესი, პროკურატურა იმის გარანტი უნდა იყოს, რომ ყველაფერი კანონის შესაბამისად ხდებოდეს და კანონის ყოველგვარი დარღვევა იკრძალებოდეს. მაგრამ პროკურატურამ ყველა ამ უკანონო ქმედებაზე თვალი დახუჭა.

სააპელაციო სასამართლოს ვთხოვ, სწორად გამიგონ; პირადად ამ ადამიანების მიმართ არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. მჯერა, რომ ისინი კარგი ადამიანები არიან. მომავალში სიამოვნებით დავლევდი მათთან ერთად ფინჯან ყავას და სიცილით გავიხსენებდი იმას, რაც ახლა ხდება. მე უბრალოდ ამ ადამიანებით კი არა, მათი არაპროფესიონალიზმით ვარ უკმაყოფილო, რაც, სხვა თუ არაფერი, საშინელებაა.

ვხვდები, რომ სასამართლოს აწყობდა ამგვარი ცრუ მოწმის გამოყენება, რომელიც ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის აგენტი აღმოჩნდა. ვინაიდან მას სინდისი არ გააჩნია, მარტივად შეუძლია თქვას ტყუილი, სიმართლე დაამახინჯოს და ცრუ ჩვენება მისცეს ჩემ წინააღმდეგ.

შეუძლებელია, ენდო ასეთ მოწმეს და დაეყრდნო მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. არ შეიძლება ამგვარი ყალბი ჩვენებების საფუძველზე უდანაშაულო ადამიანების ციხეში ჩასმა.

ორი წლის წინ, ერთ-ერთ სასამართლო მოსმენაზე, რომელიც ჩემი წინასწარი პატიმრობის ვადის გახანგრძლივებას ეხებოდა, მე ვითხოვე, ნება მოეცათ ჩემთვის, ნორმალურ ცხოვრებას დავბრუნებოდი. ამას ვითხოვ დღემდე.

ჩემს პატიმრობას რაც შეეხება, ისეთი გრძნობა მაქვს, რომ მათ არა მხოლოდ ჩემი საზოგადოებიდან იზოლირება და დამნაშავედ ცნობა უნდათ, არამედ ის, რომ ეს ყველაფერი ფარულად მოხდეს და საზოგადოებამ ვერც კი დაინახოს, სინამდვილეში რა ხდება ამ სასამართლო პროცესებზე.

მე უკანონობად და არაადამიანურ ქმედებად მივიჩნევ ჩემს წინასწარ პატიმრობას. ეს იმ განზრახვით მოხდა, რომ მე არ მქონოდა შესაძლებლობა, სათანადოდ მოვმზადებულიყავი სასამართლო პროცესებისთვის და ინტერვიუ მიმეცა მედიისთვის მომხდართან დაკავშირებით. მაგრამ ეს დრო აუცილებლად დადგება!

დიახ, ძალიან მინდა, მომცეთ საშუალება, რომ ჩემს ცხოვრებას დავუბრუნდე და კვლავ მშვიდად ვიცხოვრო ამ მშვენიერ ქალაქში, ჩემს მეუღლესთან, ირინასთან, ერთად. თითქმის ორი წელია, საკუთარი ცხოვრებით არ მიცხოვრია. ამ ხნის მანძილზე სხვები იღებდნენ გადაწყვეტილებას, როგორ მეცხოვრა.

ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა ცილი დამწამა და ჩემს სახელს ჩირქი მოსცხო. მათ გააყალბეს დოკუმენტები, ექსპერტების კვლევები და გამოიყენეს არაიდენტიფიცირებული ცრუ მოწმეები, რომელთაც ყალბი ჩვენებები მისცეს სასამართლოზე ჩემ წინააღმდეგ.

მათ ყოველივე ეს იმ მიზნით მოიმოქმედეს, რომ საზოგადოებას დააჯერონ, თითქოს მე, მშვიდობიანი მორწმუნე ადამიანი, ექსტრემისტი ვარ, საფრთხეს წარმოვადგენ საზოგადოებისთვის და საშიში ვარ რუსეთის სახელმწიფოსთვის. რა თქმა უნდა, ეს ბრალდებები სასაცილო და აბსურდია.

სამწუხაროა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარი დაუჭირა ამ ბრალდებებს და უგულებელყო ფაქტები. პატივცემულო მოსამართლევ, გთხოვთ, ბოლო მოუღოთ ამ უსამართლობას და დაამყაროთ სამართალი. გთხოვთ, დამიბრუნოთ ნორმალური ცხოვრება!

სამი თვის წინ პირველი ინსტანციის სასამართლოს განვუცხადე: „ერთადერთი სასამართლო გადაწყვეტილება, რასაც დავეთანხმები, არის ის, რომ უდანაშაულოდ მცნონ, გამათავისუფლონ, ბოდიში მომიხადონ და ზარალი ამინაზღაურონ. სხვას არაფერს დავეთანხმები!“ მე დღესაც ამ აზრზე ვარ.

ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება იქნება უსამართლო და მე გავასაჩივრებ მას ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში, სტრასბურგში. იქ კი ნამდვილად მოვიგებ პროცესს.

ამის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საერთაშორისო საზოგადოება და რა თქმა უნდა, მრავალი მაღალი რანგის რუსი მოხელე, მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინი, გაოცდება და დაინტერესდება, თუ რატომ ვერ შეძლო ქალაქ ორიოლის სასამართლომ, დაენახა ის, რაც ასე აშკარაა ყველასთვის; ვგულისხმობ იმას, რომ ჩემ წინააღმდეგ გამართული სასამართლო პროცესები დაფუძნებული იყო სიცრუეზე, რომლის მრავალჯერ გამეორებითაც ჩემი მოწინააღმდეგეები ცდილობდნენ, სიმართლედ ექციათ ის.

ნუთუ მართლა საჭიროა ამხელა გზის გავლა სამართლიანობის მისაღწევად?! თუ დღეს სააპელაციო სასამართლოც კიდევ უფრო დამიგრძელებს ამ გზას, მინდა დაგარწმუნოთ ყველა აქ დამსწრე და ყველა, ვინც თვალს ადევნებთ სასამართლო მსვლელობებს, რომ მე მზად ვარ ამისთვის!

ბოლომდე ვიბრძოლებ, რადგან ვიცი, რომ უდანაშაულო ვარ და სიმართლე ჩემს მხარესაა. ოდნავადაც არ მეშინია იმის, თუ ციხეში ჩამსვამენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს აბსოლუტურად უსამართლო გადაწყვეტილება იქნება.

არც არაფრის მეშინია და არც არაფერზე ვღელავ. მე შინაგან სიმშვიდეს განვიცდი. ვიცი, რომ ჩემი ღმერთი იეჰოვა არასოდეს მიმატოვებს. ჩემს წარმოსახვაში მე უკვე ვხედავ შემდეგი შესანიშნავი სიტყვების შესრულებას:

„ღმერთში არ იპოვება უსამართლობა და მას ახსოვს

სიყვარული, რაც მე მაქვს, და ის არის ჩემთან ახლოს.

მარტო არ ვარ, რადგან თვით იეჰოვა მყავს მუდამ გვერდით,

ჩემი ღმერთი, მეგობარი და მფარველი“.

სულ ესაა, რის თქმაც მინდოდა. მადლობა, რომ მომისმინეთ».

^ აბზ. 24 დენისს ციტატები მოჰყავდა რუსული სინოდალური თარგმანიდან. თუმცა ამ ტექსტში, ყველა მუხლი აღებულია ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანიდან“.