2019 წლის 11 ივნისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
დენის კრისტენსენის მიერ წარმოთქმული სიტყვა 23 მაისის სასამართლო პროცესზე
2019 წლის 23 მაისს, ხუთშაბათს, სააპელაციო სასამართლო პროცესზე დენის კრისტენსენს შესაძლებლობა მიეცა, საბოლოო სიტყვით გამოსულიყო. გთავაზობთ მის მიერ წარმოთქმულ სიტყვას (ნათარგმნია რუსულიდან):
«მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც გვერდში მედგა და მეხმარებოდა ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩემ წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით.
უპირველესად, მადლობას ვუხდი ჩემს მეუღლეს, ირინას, რომელიც პირველივე დღიდან, რაც შეეძლო, ყველაფერს აკეთებდა ჩემ დასახმარებლად. ის ზრუნავდა ჩემზე, მოჰქონდა ტანსაცმელი, საჭმელი, მედიკამენტები და სხვა ნივთები, რაც საპატიმროში მჭირდებოდა. ის მოდიოდა ჩემ სანახავად და ყოველდღე მწერდა წერილებს, რითაც მხარს მიჭერდა ემოციურად და მეხმარებოდა, შემენარჩუნებინა სულიერი წონასწორობა.
ჩემო ძვირფასო მეუღლევ, შენი ძლიერი რწმენა, დიდი მოთმინება, სიმშვიდე, ოპტიმიზმი და შენი სიყვარული ჩემდამი და ჭეშმარიტებისადმი შესანიშნავი მაგალითია ჩემთვის. მინდა იცოდე, რომ ძალიან მიყვარხარ და ვამაყობ შენით!
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დანიაში მცხოვრებ ჩემს ოჯახს, განსაკუთრებით, ჩემს ხანდაზმულ მამას და ჩემს დას. ძალიან მენატრებით, მიყვარხართ და ვაფასებ თქვენს თანადგომას. თქვენი წერილებით და სატელეფონო საუბრებით ძალიან მამხნევებდით. დარწმუნებული ვარ, ასეც გააგრძელებთ და არ დაკარგავთ იმედს, რომ ერთ მშვენიერ დღეს მთელი ოჯახი კვლავ ერთად ვიქნებით.
გარდა ამისა, მადლობას ვუხდი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ჩემს უამრავ მეგობარს. თქვენ მაძლიერებდით თქვენი წერილებით, გამამხნევებელი სიტყვებით, ლამაზი ნახატებითა და საჩუქრებით. ეს ყველაფერი მარწმუნებდა, რომ მარტო არ ვიყავი და გვერდით დიდი, საერთაშორისო ოჯახი მედგა.
ძვირფასო მეგობრებო, მინდა იცოდეთ, რომ თქვენი ყოველი წერილი — დიდი თუ პატარა — მანუგეშებდა და ძალებით მავსებდა. გთხოვთ, არ გამიბრაზდეთ, თუ ვერ მოვახერხე თქვენთვის საპასუხო წერილების მოწერა. გპირდებით, მომავალში აუცილებლად შეგხვდებით, პირადად გადაგიხდით მადლობას და ჩაგეხუტებით!
მსურს მადლობა გადავუხადო მოსკოვში არსებულ დანიის საელჩოს და მის ყველა თანამშრომელს. თქვენ ჩემს ბევრ პროცესს დაესწარით და არაერთხელ მომინახულეთ საპატიმროში. თქვენი სასარგებლო რჩევები, მითითებები და თანადგომა ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩემთვის. დიდად ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას.
მინდა, აგრეთვე მადლობა გადავუხადო სააპელაციო სასამართლოს, რომ უფლება მომცა პირადად დავსწრებოდი ამ მოსმენას. წინა სააპელაციო პროცესებზე მხოლოდ საპატიმროდან ვიდეოჩართვის მეშვეობით შემეძლო მონაწილეობის მიღება პროცესებში. ძალიან რთული იყო, გამეგო ყველაფერი, რასაც პროცესზე ამბობდნენ; ფაქტობრივად, ნახევარზე მეტი არ მესმოდა და როგორმე თვითონ უნდა მიმხვდარიყავი, რაზე იყო საუბარი. ასეთ პირობებში ძალიან რთული იყო თავის დაცვა. გარდა ამისა, როდესაც სასამართლო პროცესს საპატიმროდან ვიდეოჩართვით ესწრები, ამ დროს გისოსებს მიღმა ზიხარ და თავს ისე გრძნობ, თითქოს ზოოპარკის ერთ-ერთი ცხოველი ხარ. ჩემი აზრით, 21-ე საუკუნეში ასეთი მოპყრობა ყოვლად გაუმართლებელი და არაადამიანურია.
თითქმის ორი წელია, რაც წინასწარი პატიმრობის იზოლატორში ვარ და სასამართლო პროცესები უკვე 15 თვეა, გრძელდება. ამ ყველაფერს რომ გაუძლო, მტკიცედ იდგე და გული არ გაგიტყდეს, შინაგანად ძლიერი უნდა იყო. ბიბლიაში, ფილიპელების 4:13-ში, ნათქვამია: „ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი გამაძლიერებლის დახმარებით“. * ესაიას წიგნის მე-12 თავის მე-2 მუხლში კი ასეთი სიტყვები წერია: „აი, ღმერთია ჩემი ხსნა. მას მივენდობი და არ შემეშინდება, რადგან იაჰი, იეჰოვაა ჩემი ძალა და ჩემი ძლევამოსილება. ის არის ჩემი ხსნა“.
მთელი ამ დროის განმავლობაში, ვგრძნობდი, რომ ჩემი ღმერთი იეჰოვა ჩემ გვერდით იყო და ამ ყველაფრის ასატანად საკმარის ძალას მაძლევდა; ძალას იმისას, რომ გული არ გამტეხოდა, ბრძოლა გამეგრძელებინა, სიხარული შემენარჩუნებინა და გაღიმება შემძლებოდა. ამისთვის ნამდვილად მადლიერი ვარ და მეამაყება, რომ მის მსახურთა — იეჰოვას მოწმეთა — შორის ვარ.
ბევრი მეკითხება, როგორ იმოქმედა ჩემზე ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა. რა თქმა უნდა, ადვილი არ არის ამდენი ხნის მანძილზე საპატიმროში, მეუღლისგან, მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგან განცალკევებით ყოფნა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველას და ყველაფერს ვიყავი მოწყვეტილი. შეიძლება ითქვას, რომ უბრალოდ ვარსებობდი. დღე-ღამეში 23 საათს საკანში ვატარებდი, რომლის ფართობიც სულ რაღაც 18 კვადრატული მეტრია. 24 საათიდან მხოლოდ 1 საათი გავყავდი მცველებს ეზოში, რომელიც აგრეთვე 18 კვადრატული მეტრია, მაგრამ სხვა თუ არაფერი, გარეთ ხომ მაინც ვიყავი. ამ ორი წლის მანძილზე ბევრ განსხვავებულ ადამიანს შევხვდი და არაერთი საინტერესო საუბარიც შედგა ჩვენ შორის. შევამჩნიე, რომ ბევრი პატიმარი ჩემსავით სამართლიანი გამოძიებისა და განაჩენის მოლოდინშია. ბევრი მათგანი თვლის, რომ მათ ნათქვამს არაფრად აგდებენ; ამ ორი წლის განმავლობაში მეც მსგავსად ვგრძნობდი თავს. ვცდილობდი, გამემხნევებინა და მენუგეშებინა ისინი, რითაც შემეძლო, რადგან ვიცი, რომ იესო ქრისტეც იმავეს გააკეთებდა.
ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე. ზოგი მათგანი ჩემს სასამართლო პროცესებსაც კი ესწრებოდა, ზოგიც წერილებს მწერდა. რამდენიმეს პირადად ვიცნობ, მაგრამ ყველას — ჯერ არა. ზოგი მათგანი იზიარებს ჩემს რელიგიურ შეხედულებებს, ზოგი — არა, მაგრამ მაინც მხარს მიჭერენ, რადგან ვერ ეგუებიან იმ უსამართლობას, რაც რუსეთში ხდება; აქ ზოგი ცდილობს, იეჰოვას მოწმეები — ეს მშვიდობისმყოფელი მოქალაქეები, რომელთაც საკუთარი თავივით უყვართ მოყვასი — „კრიმინალებად“ და „ექსტრემისტებად“ მონათლონ. ეს ყველაფერი აბსურდია და ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული. უამრავი ადამიანი გაოგნებულია იმით, რომ ეს მოვლენები 21-ე საუკუნის რუსეთში ხდება.
ზოგი იმას მეკითხება, როგორ იმოქმედა ამ ამბავმა ჩემს რწმენაზე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ყველაფერმა უფრო გამიძლიერა რწმენა. საკუთარ თავზე გამოვცადე იაკობის პირველი თავის მე-2 და მე-4 მუხლებში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტება, სადაც ნათქვამია: „ჩემო ძმებო, ნებისმიერ განსაცდელს სიხარულით შეხვდით, მოთმინებას კი დაასრულებინეთ თავისი საქმე, რათა იყოთ სრულყოფილნი, ყოველმხრივ ჯანსაღნი და არაფერი გაკლდეთ“.
სრულყოფილებისგან შორს ვარ, მაგრამ ვისწავლე, როგორ ავიტანო განსაცდელები ისე, რომ შევინარჩუნო დადებითი განწყობა. რაც ყველაზე მთავარია, კიდევ უფრო დავუახლოვდი ჩემს ღმერთს, იეჰოვას. ახლა უფრო დიდი სურვილი მაქვს, სხვებს ღმერთზე და მის განზრახვებზე ვესაუბრო; უფრო გამიძლიერდა იმის სურვილიც, რომ ხალხს ღვთის სამეფოზე ვუქადაგო, რაც ერთადერთი გამოსავალია კაცობრიობის პრობლემებიდან; დღეს უფრო მეტად მსურს, გადავცე სხვებს სასიხარულო ცნობა და ვუთხრა, რომ მალე დედამიწაზე იქნება სამოთხე, სადაც ადამიანები მშვიდობიანად იცხოვრებენ მარადიულად. მინდა, დავეხმარო მათ, დაუახლოვდნენ შემოქმედს, რათა განივითარონ ძლიერი რწმენა მისადმი და მისი დაპირებებისადმი.
ჩემს ამ სიტყვას ოფიციალურად „ბრალდებულის ბოლო სიტყვები“ ეწოდება და ალბათ ეს არის ჩემი ბოლო სიტყვები დღეს. შესაძლოა ამ სასამართლო სხდომით დასრულდეს ჩემი პატიმრობაც, რომელმაც ორი წელი გასტანა. მაგრამ გარწმუნებთ, რომ ეს არ იქნება ჩემი უკანასკნელი სიტყვები ამ საქმესთან და იმ უსამართლობასთან დაკავშირებით, რაც აქ, რუსეთში ხდება მშვიდობიანი და სრულიად უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ. მე მხოლოდ ახლა დავიწყე და ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სათქმელი საზოგადოებისთვის. არ გავჩუმდები, თითქოს რამე დანაშაული ჩამედინოს ან რამეს ვმალავდე. სინდისი სუფთა მაქვს — ცუდი არაფერი გამიკეთებია, არ დამირღვევია რუსეთის არცერთი კანონი და არც ისეთი რამ ჩამიდენია, რომ მრცხვენოდეს.
სამარცხვინო ისაა, რაც რუსეთში ჩემ და სხვა იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ ხდება — ექსტრემიზმის ცრუ ბრალდებები, დაკითხვები, დაპატიმრებები, ჩხრეკები, ქონების ჩამორთმევა, მუქარა, გამოძიებები და ახლა უკვე წამებაც. ეს ყველაფერი სამარცხვინოა. სიმართლე დაფარული არ დარჩება და ადრე თუ გვიან გაცხადდება. ბიბლიაში, გალატელების მე-6 თავის მე-7 მუხლში, ნათქვამია: „ნუ შეცდებით, ღვთის დაცინვა არ გამოგივათ. კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის“.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა შემიფარდა. მაგრამ რისთვის? არაფრისთვის! არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ რაიმე დანაშაული ჩამედინოს. პირიქით, ძალიან ბევრი ფაქტი არსებობს იმის დასამტკიცებლად, რომ მე ვმოქმედებდი რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის ფარგლებში, კერძოდ, კონსტიტუციის 28-ე მუხლის შესაბამისად. მე ვემორჩილები რუსეთის ხელისუფლების მიერ დადგენილ კანონებს და არაფერს ვაკეთებ კანონსაწინააღმდეგოს. მე ვარ მორწმუნე, იეჰოვას მოწმე და მიყვარს რუსი ხალხი. რისთვის ვისჯები? რატომ უნდა ჩავჯდე ციხეში ექვსი წლით? არაფრის გამო. ეს უსამართლობაა!
გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ სააპელაციო სასამართლო კანონს აღასრულებს და აჩვენებს, რომ სიმართლე იმარჯვებს. იმედი მაქვს, რომ სწორედ ეს სასამართლო მოუღებს ბოლოს რელიგიურ დევნას აქ, რუსეთში. მჯერა, რომ ამ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება ერთგვარი გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, რომ რუსეთში ყველასთვის თანაბრად არსებობს რელიგიური თავისუფლება.
უახლოეს მომავალში შესრულდება შემდეგი სიტყვები: „ის სამართლიან განაჩენს გამოიტანს ხალხებისთვის ... ისინი თავიანთი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — სასხლავებს. ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარ ისწავლიან ომს. თითოეული თავისი ვაზისა და ლეღვის ძირში იჯდება და არავინ დააფრთხობს მათ, რადგან ლაშქართა ღვთის, იეჰოვას ბაგე ლაპარაკობს ამას“ (მიქა 4:3, 4).
ღვთის განაჩენი ყოველთვის სამართლიანია. მისი მმართველობის დროს აღარ იქნება კონფლიქტები, ძალადობა და ომები. დამყარდება მშვიდობა და ყოველგვარი წუხილი წარსულს ჩაჰბარდება. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, კაცობრიობა ნამდვილი ბედნიერებით გაიხარებს.
თქვენო ღირსებავ, დღევანდელი გადაწყვეტილებით, შეგიძლიათ უდიდესი ნაბიჯი გადადგათ სამართლიანობისა და მშვიდობის აღსადგენად და დაეხმაროთ მრავალ ადამიანს, რომ გათავისუფლდნენ შიშისგან, მწუხარებისა და უსამართლობისგან. ვიმედოვნებ, რომ თქვენ სწორედ ასეთ ნაბიჯს გადადგამთ. წინასწარ დიდ მადლობას გიხდით!
^ აბზ. 11 დენისს ციტატები მოჰყავდა რუსული სინოდალური თარგმანიდან. თუმცა ამ ტექსტში, ყველა მუხლი აღებულია ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანიდან“.