2020 წლის 25 მაისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
დენის კრისტენსენი დაპატიმრებიდან სამი წლის შემდეგაც არ კარგავს მხნეობასა და სიხარულს
რუსეთში ძმა დენის კრისტენსენის უსამართლო დაპატიმრებიდან სამი წელი გავიდა. 2017 წლის 25 მაისიდან მოყოლებული და-ძმებმა არაერთხელ ჰკითხეს დენისს, როგორ იმოქმედა ამ განსაცდელმა მის რწმენაზე. ის კი ამ შეკითხვას ყოველთვის ერთნაირად პასუხობს: „რწმენა უფრო გამიძლიერდა“.
ძმა დენისი აღნიშნავს: «საკუთარ თავზე გამოვცადე, რას ნიშნავს იაკობის 1-ლი თავის მე-2 და მე-3 მუხლში ჩაწერილი სიტყვები: „ჩემო ძმებო, ნებისმიერ განსაცდელს სიხარულით შეხვდით, რადგან იცით, რომ ასე გამონაცადი რწმენა მოთმინებას გამოგიმუშავებთ“».
ნამდვილად ასეა: სირთულეების და პრობლემების ზრდასთან ერთად გაიზარდა ძმა დენისის რწმენა და სიხარულიც.
დაკავებისთანავე ძმა დენისი გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, არც ისე შორს ორიოლიდან, სადაც მისი სახლი მდებარეობს. დროდადრო დენისის მეუღლეს, ირინას, ქმრის მონახულების ნებართვას აძლევდნენ. ძმა დენისი წინასწარი დაკავების იზოლატორში ორ წელზე მეტხანს ჰყავდათ. 2019 წლის თებერვალში მას ექვსწლიანი პატიმრობა შეუფარდეს. სამი თვის შემდეგ კი მის მიერ შეტანილი სარჩელი არ დააკმაყოფილეს. ამის შემდეგ ის ორიოლიდან 200 კილომეტრით მოშორებით მდებარე ციხეში გადაიყვანეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის კიდევ უფრო შორს იქნებოდა ირინასგან.
თითქმის ერთი წელია, რაც დენის კრისტენსენი ვადამდელი გათავისუფლებისთვის საჭირო მოთხოვნებს აკმაყოფილებს. მის მიერ შეტანილი ოთხი სარჩელიდან სამი უარყოფილ იქნა. აღნიშნულის მიუხედავად, დენისი სასოწარკვეთილებაში არ ვარდება და სიმტკიცეს ინარჩუნებს.
ძმა დენისი თავმდაბლად ამბობს: „მე და ირინა შორს ვართ სრულყოფილებისგან, მაგრამ ჩვენ, ორივემ, ნამდვილად ვისწავლეთ მოთმინება და განსაცდელების დროს სიხარულის შენარჩუნება. და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ უფრო დავუახლოვდით ჩვენს ღმერთსა და მამას, იეჰოვას“.
ვლოცულობთ და დარწმუნებულნი ვართ იმაში, რომ იეჰოვა კვლავ შეაძლებინებს რუსეთში მცხოვრებ ჩვენს ძვირფას და-ძმებს, მოთმინებითა და სიხარულით აიტანონ დევნა (მათე 5:11, 12).