2018 წლის 29 ნოემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
დენის კრისტენსენი საერთაშორისო მხარდაჭერას იღებს
ძმა დენის კრისტენსენმა უკვე 525 დღეზე მეტი გაატარა პატიმრობაში და ის თითქმის 50-ჯერ წარდგა სასამართლო პროცესზე. ის პატიმრობაში რელიგიური საქმიანობის გამო იმყოფება. ორიოლში მდებარე ჟელეზნოდოროჟნიეს საოლქო სასამართლომ, რომელიც დენისის საქმეს განიხილავს, მოსმენები შუა დეკემბერში დაგეგმა. მართალია, დენისი უკვე 18 თვეზე მეტია, რაც დაკავებულია, მაგრამ ის ინარჩუნებს დადებით განწყობას. ეს უდავოდ იმაზე მოწმობს, რომ იეჰოვა აძლიერებს მას მილიონობით და-ძმის მიერ წარმოთქმული ლოცვების პასუხად.
დენისმა ასობით ბარათი და ნახატი მიიღო რუსეთში და სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები თანაქრისტიანებისგან სიყვარულისა და მხარდაჭერის ნიშნად. 30 ოქტომბრის სასამართლო მოსმენის დროს დენისმა თავისი კაბინის მინაზე გამოფინა ბავშვების მიერ მისთვის გაგზავნილი ბარათები და სურათები.
ჩვენი მსოფლიო საძმოს გარდა, საერთაშორისო საზოგადოებაც დიდ ინტერესს იჩენს დენისის საქმისადმი. 2017 წლის 21 ივლისს მოსკოვში არსებულმა ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრმა დენისს პოლიტიკური პატიმრის სტატუსი მიანიჭა. 2018 წლის 20 ივნისს რუსეთის ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭომ მთავარ პროკურატურას მოსთხოვა, დაესაბუთებინა, რამდენად კანონიერი იყო იეჰოვას მოწმეთა სისხლის სამართლებრივი დევნა. 2018 წლის 26 სექტემბერს აშშ-ის რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო კომისიამ დენის კრისტენსენი ოფიციალურად აღიარა „სინდისის პატიმრად“.
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა ღია სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე იეჰოვას მოწმეთა იურიდიული პირების აკრძალვა არ იმოქმედებდა ცალკეული იეჰოვას მოწმეების უფლებებზე რელიგიური მსახურების შესრულებისას. ადგილობრივმა და ფედერალურმა კანონდამცავმა ორგანოებმა უგულებელყვეს ეს გარანტია და კანონის არასათანადო ინტერპრეტაციის საფუძველზე დააკავეს დენისი და მრავალი სხვა, ვითომდა ექსტრემისტულ საქმიანობაში მონაწილეობისთვის. მიმდინარე წელს რუსეთის ხელისუფლება ერთიმეორის მიყოლებით ახორციელებს რეიდებს მთელი ფედერაციის ფარგლებში. ამ მომენტისთვის 25 და-ძმა იმყოფება ციხეში, 18 კი — შინაპატიმრობაში; გარდა ამისა, 40-ზე მეტ და-ძმას აქვს თავისუფლება შეზღუდული სხვადასხვა სახით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დენის კრისტენსენის საქმის თაობაზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება შექმნის პრეცედენტს რუსეთის დაახლოებით 30 რეგიონში მცხოვრები სხვა 90-ზე მეტი და-ძმისთვის, რომლებიც ელიან მათი სასამართლო საქმის განხილვის შედეგებს.
ვიცით, რომ საერთაშორისო საძმო განაგრძობს ლოცვას იმის თაობაზე, რომ იეჰოვამ კვლავ გააძლიეროს და გაამხნევოს ჩვენი ძვირფასი და-ძმები, რომელთაც რწმენის თანახმად მოქმედების გამო სისხლის სამართლის დანაშაულში ედებათ ბრალი. მოუთმენლად ველით დღეს, როდესაც „ღმერთი გაუჩენს სამართალს თავის რჩეულებს“ (ლუკა 18:7).