2020 წლის 1 მაისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ევროპის ორგანიზაციები გმობენ იეჰოვას მოწმეების დევნას რუსეთში
2020 წლის 12 მარტს ევროპის 30-ზე მეტმა ქვეყანამ მკაცრად დაგმო რუსეთში ჩვენი და-ძმების დევნისა და წამების ფაქტები. ამის შესახებ განცხადება გაკეთდა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მუდმივმოქმედი საბჭოს საერთაშორისო შეხვედრაზე. მთელ რიგ საკითხებთან ერთად ეუთოს კომპეტენციაში ადამიანის უფლებების დაცვაც შედის.
ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს წინაშე ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ და 6-მა არაწევრმა ქვეყანამ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს: „ევროკავშირი კვლავ დიდადაა შეშფოთებული რუსეთში იეჰოვას მოწმეების მდგომარეობის გამო, რომელთა მიმართაც სისტემატურად ხორციელდება დევნა; მათ სახლებში ეწყობა რეიდები, ადგილი აქვს მოწმეების თვითნებური დაკავების, სისხლის სამართლის გამოძიების და 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთის ფაქტებს. ამასთანავე, ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებულნი ვართ იეჰოვას მოწმეების ბოლოდროინდელი წამებისა და რამდენიმე მათგანის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამო, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ციხის მცველების ან სამართალდამცავი პირების მხრიდან მოწმეების დაკავებისას ან მათ ციხეში გადაყვანამდე“.
გაერთიანებული სამეფოს ელჩმა ეუთოში, ნილ ბუშმა, მუდმივმოქმედი საბჭოს წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: «რუსეთის უზენაესი სასამართლოს 2017 წლის ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა იეჰოვას მოწმეების საჩივარი. აღნიშნული საჩივარი მათ შეტანილი ჰქონდათ იმ გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომელიც იეჰოვას მოწმეების „ექსტრემისტებად“ შერაცხვას ეხებოდა. უზენაესი სასამართლოს 2017 წლის ივლისის გადაწყვეტილების თანახმად რუსეთის 175 000 მოქალაქის მშვიდობიანი თაყვანისცემა სისხლის სამართლის დანაშაულად იქნა მიჩნეული, რაც წინააღმდეგობაში მოდის რელიგიური თავისუფლების უფლებასთან, რომელიც დაცულია რუსეთის კონსტიტუციით და ეუთოს არაერთი განკარგულებით». ელჩმა განაგრძო: „ამ გადაწყვეტილების შემდეგ იეჰოვას მოწმეების დაკავების, სისხლის სამართლის გამოძიებისა და დევნის უფრო მეტი ფაქტის მოწმენი ვართ მთელ რუსეთში. ჩვენც გამოვთქვამთ შეშფოთებას იეჰოვას მოწმეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით“.
ევროპის ქვეყნებისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური პირების მიერ მოხსენიებული ერთ-ერთი შემთხვევა ეხებოდა 2020 წლის 6 თებერვალს ხუთი მოწმის ცემის ფაქტს. რუსეთის სასჯელაღსრულების №1 კოლონიის მცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ძმებს ალექსეი ბუდენჩუკს, გენადი გერმანს, რომან გრიდასოვს, ფელიქს მახამადიევსა და ალექსეი მირეცკის. „ყველას აღენიშნებოდა სხეულის მძიმე დაზიანებები, ხოლო ერთ-ერთი მათგანის [ფელიქს მახამადიევის] შემთხვევაში საჭირო გახდა ჰოსპიტალიზაცია“, — აღნიშნული იყო ევროკავშირის დელეგაციის ანგარიშში, — „გარდა ამისა, 2020 წლის 10 თებერვალს ციხეში გადაყვანამდე აწამეს ვადიმ კუცენკო. სხვა იეჰოვას მოწმეების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით სამართალდამცავები სცემდნენ, გუდავდნენ და ელექტრო შოკით აწამებდნენ მას“.
ევროკავშირის დელეგაციამ აღნიშნა, რომ „წამება და სხვა სახის არასათანადო მოპყრობა ადამიანის უფლებების დარღვევის, მისი ხელშეუხებლობისა და ღირსების შელახვის ყველაზე მძიმე ფორმებია. წამება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალს, კერძოდ, საერთაშორისო პაქტს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციას და გაეროს კონვენციას წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ. რუსეთის ფედერაცია ყველა ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს“.
გარდა ამისა, ევროპელმა ლიდერებმა აღნიშნეს, რომ რუსეთში იეჰოვას მოწმეების მიმართ ჩადენილი ქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ გარანტიებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციამ მისცა მუდმივმოქმედ საბჭოს, სადაც ის მიუთითებდა, რომ ჩვენს და-ძმებს შეეძლოთ თავისუფლად განეხორციელებინათ რელიგიური საქმიანობა ქვეყანაში.
«2017 წლის 20 აპრილს რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ აკრძალა იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრისა და ყველა ადგილობრივი იურიდიული პირის საქმიანობა „ექსტრემიზმის“ ბრალდებით. ამის შემდეგ, ჩვენ მოვისმინეთ რუსეთის დელეგაციის მხრიდან მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომებზე არაერთგზის გაკეთებული განცხადებები, რომ იეჰოვას მოწმეები სარგებლობენ და მომავალშიც ისარგებლებენ რელიგიისა თუ რწმენის თავისუფლების უფლებით და მათი ეს უფლება ხელშეუხებელია. თუმცა ჩვენ მაინც გვესმის ცნობები იეჰოვას მოწმეთა სახლებში რეიდების, თვითნებური დაკავებისა და მათ მიმართ სისხლის სამართლის გამოძიების ფაქტების შესახებ», — განაცხადა ევროკავშირის დელეგაციამ.
ევროკავშირის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ „გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში იეჰოვას მოწმეების ყველა ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაციის გაუქმების შემდეგ იეჰოვას მოწმეთა 869 სახლშია ჩხრეკა ჩატარებული, 26 მოწმე იმყოფება წინასწარ პატიმრობაში, 23 — შინაპატიმრობაში, 316 მოწმეს აქვს ბრალი წაყენებული და 29 მოწმის მიმართ არის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი“.
„სტატისტიკის მიხედვით აშკარაა, რომ იეჰოვას მოწმეების მხრიდან რწმენის ნებისმიერ გამოხატულებას შედეგად მოჰყვება მათი სახლების ჩხრეკა, ხანგრძლივი ვადით დაკავება, სისხლის სამართლებრივი დევნა და დაპატიმრება. სახლებში მოწყობილი რეიდების ფორმა და რაოდენობა, რაშიც იგულისხმება ერთ ქალაქში ერთი დღის განმავლობაში ჩატარებული რეიდების რიცხვი, იეჰოვას მოწმეების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის ორგანიზებული კამპანიის შთაბეჭდილებას ტოვებს“, — განაცხადა ელჩმა ნილ ბუშმა.
რელიგიური თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ექსპერტებმაც დაგმეს რუსეთში ჩვენი და-ძმების მიმართ ჩადენილი ქმედებები. ევროკავშირის დელეგაციის განცხადებაზე კომენტარის გაკეთებისას ავსტრიელმა იურისტმა, პოლიტიკოსმა და კათოლიკე თეოლოგმა, დოქტორ გუდრუნ კაგლერმა აღნიშნა: «ვითარება მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც 2017 წლის აპრილში იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა აიკრძალა რუსეთში ... რუსეთში იეჰოვას მოწმეების ყველა ბრალდება დაფუძნებულია ანტი-ექსტრემისტულ კანონზე, რომელიც ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მიერ შეფასებულია, როგორც „ბუნდოვანი და ზედმეტად განზოგადებული“. მხოლოდ იეჰოვას მოწმედ ყოფნა და რელიგიური საქმიანობის რაიმე სახით განხორციელება საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანი 282-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ციხეში ჩასვან ... იეჰოვას მოწმეების და სხვა რელიგიური უმცირესობების უმოწყალო დევნას რუსეთში წერტილი უნდა დაესვას».
რუსეთსა და ეუთოს ყველა წევრ სახელმწიფოს „აკისრია ვალდებულება, გაატარონ ეფექტიანი ზომები, რათა მოახდინონ ადამიანთა წამების ფაქტების პრევენცია; აგრეთვე სათანადოდ დასაჯონ ამგვარი ქმედებების ჩამდენი პირები, მოახდინონ მსხვერპლთა იდენტიფიცირება და მათთვის მიყენებული ზარალის კომპენსირება“, — აღნიშნულია ევროკავშირის დელეგაციის განცხადებაში, — „ამიტომ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, ამგვარ ქმედებებზე ჩატარდეს დროული, ეფექტიანი და დეტალური გამოძიებები, რათა დანაშაულის ჩამდენმა პირებმა პასუხი აგონ თავიანთ ქმედებებზე. აგრეთვე მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ბრალდება მოუხსნას ყველა იმ ადამიანს, რომლებიც უსამართლოდ იდევნებიან ან დაპატიმრებულნი არიან ადამიანთა უფლებებით სარგებლობის გამო. გარდა ამისა, შევახსენებთ რუსეთის ფედერაციას, რომ შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, პატივი სცეს გამოხატვის, გაერთიანების, მშვიდობიანი შეკრების, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების უფლებებს, აგრეთვე იმ ადამიანთა უფლებებს, რომლებიც უმცირესობებს მიეკუთვნებიან და უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლო სისტემა“.
ზუსტად არ ვიცით, გამოეხმაურება თუ არა რუსეთი საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას და სცემს თუ არა პატივს რელიგიურ თავისუფლებას. მაგრამ დარწმუნებულნი ვართ, რომ იეჰოვა კვლავ დაეხმარება რუსეთში მცხოვრებ ჩვენს და-ძმებს, რომ მოითმინონ და გაბედულად აიტანონ ნებისმიერი განსაცდელი, სანამ სამართალი იზეიმებს (ფსალმუნი 10:18).