არჩეულ მასალაზე გადასვლა

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი, რომელიც მონიტორინგს უწევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულებას.

2022 წლის 21 დეკემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ევროსაბჭო რუსეთისგან იეჰოვას მოწმეთა საქმიანობაზე აკრძალვის მოხსნას ითხოვს

ევროსაბჭო რუსეთისგან იეჰოვას მოწმეთა საქმიანობაზე აკრძალვის მოხსნას ითხოვს

2022 წლის 9 დეკემბერს ევროსაბჭომ ოფიციალური წერილი გაუგზავნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. წერილში ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მოუწოდა რუსეთს, რომ შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილებები. მათ შორისაა 2022 წლის ივნისით დათარიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რუსეთმა უკანონოდ აკრძალა ქვეყანაში იეჰოვას მოწმეების საქმიანობა. a

წერილში აღნიშნული იყო, რომ რუსეთი 2022 წლის მარტიდან აღარ არის ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა, თუმცა, ამის მიუხედავად, ხელისუფლება ვალდებულია, შეასრულოს ევროპული სასამართლოს მიერ ამა წლის 16 სექტემბრამდე მიღებული გადაწყვეტილებები. გარდა ამისა, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი გააკონტროლებს, თუ როგორ შესრულდება ამ სახელმწიფოში სასამართლოს გადაწყვეტილება.

2022 წლის ივნისის გადაწყვეტილების შემდეგ კომიტეტმა დაჟინებით მოსთხოვა რუსეთს, რომ გააუქმოს 2017 წელს რუსეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ფაქტიურად აიკრძალა იეჰოვას მოწმეთა რელიგიური საქმიანობა. კომიტეტმა აგრეთვე მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, რომ „გადახედოს კანონს ანტი-ექსტრემიზმის შესახებ, რომელიც საფუძველს იძლევა, იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციები ექსტრემისტულად გამოცხადდეს … დახუროს იეჰოვას მოწმეთა წინააღმდეგ აღძრული ყველა სასამართლო საქმე, უკლებლივ ყველა გაათავისუფლოს საპატიმროდან და მოუხსნას ნასამართლეობა. გარდა ამისა, უკან დაუბრუნოს მოწმეებს ჩამორთმეული ქონება ან გადაუხადოს კომპენსაცია“. b

ჩვენი რელიგიური მრწამსის გამო რუსეთში დღეისთვის 660-ზე მეტი და-ძმის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. მათგან 360-ზე მეტმა გარკვეული ხანი დაჰყო საპატიმროში, ხოლო 114 და-ძმა ამჟამად იმყოფება ციხეში ან დროებითი მოთავსების იზოლატორში.

რუსეთმა 450-ზე მეტი იეჰოვას მოწმე შეიყვანა ტერორისტებისა და ექსტრემისტთა სიაში, რაც ამძიმებს როგორც ამ და-ძმების, ისე მათი ოჯახების მდგომარეობას. ეს სია საჯაროდ არის ხელმისაწვდომი და ხელს უწყობს საზოგადოებისგან მათ გარიყვას. ბევრს ამის გამო უარს ეუბნებიან დასაქმებაზე. გარდა ამისა, შესაძლოა მოხდეს მათი საბანკო ანგარიშების დაბლოკვა ან მათ უბრალოდ ვერ შეძლონ სადაზღვევო პოლისის მოპოვება, ქონების გაყიდვა, ინვესტიციების მართვა, მემკვიდრეობის მიღება და ტელეფონისთვის SIM ბარათის შეძენაც კი.

გვახარებს, რომ ევროსაბჭო კვლავაც ცდილობს რუსეთში ჩვენს და-ძმებთან დაკავშირებულ საქმეებზე სამართლის აღსრულებას. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები სხვა იეჰოვას მოწმეებიც მხნევდებიან, როცა ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით იგებენ, თუ როგორ ინარჩუნებენ სიხარულსა და ძლიერ რწმენას ჩვენი რუსი და-ძმები და არ კარგავენ გაბედულებას. ამ ყველაფრისთვის უდიდეს მადლიერებას, რა თქმა უნდა, ჩვენი ღვთისადმი, იეჰოვასადმი, გამოვხატავთ (ფილიპელები 1:12—14).

a იხილეთ მესამე და მეხუთე პუნქტები შემდეგ საქმეებზე: მოსკოველი იეჰოვას მოწმეები და სხვები (№302/02) და კრუპკო და სხვები (№26587/07) რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.

b იხილეთ მეოთხე პუნქტი შემდეგ საქმეებზე: მოსკოველი იეჰოვას მოწმეები და სხვები (№302/02) და კრუპკო და სხვები (№26587/07) რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.