არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნიდან მარჯვნივ: ანატოლი ისაკოვი და ალექსანდრე ლუბინი იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგ

2021 წლის 1 სექტემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ევროსასამართლოს მოთხოვნით რუსეთში ორ მძიმედ დაავადებულ ძმას იზოლატორიდან ათავისუფლებენ

ევროსასამართლოს მოთხოვნით რუსეთში ორ მძიმედ დაავადებულ ძმას იზოლატორიდან ათავისუფლებენ

2021 წლის 28 აგვისტოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოთხოვნით ალექსანდრე ლუბინი და ანატოლი ისაკოვი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ორივენი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან, თუმცა კურგანის ოლქში ისინი თვე-ნახევრის განმავლობაში დაკავებული ჰყავდათ. მათი სასამართლო საქმე არ დასრულებულა და, შესაბამისად, კვლავაც ემუქრებათ თავისუფლების აღკვეთა.

2021 წლის 13 და 14 ივლისს კურგანის ოლქში სამართალდამცავებმა იეჰოვას მოწმეების სახლებში მასობრივი რეიდები მოაწყვეს და სხვა იეჰოვას მოწმეებთან ერთად 56 წლის ანატოლი ისაკოვი და 65 წლის ალექსანდრე ლუბინიც დააკავეს.

ალექსანდრეს აწუხებს ჰიპერტონია და აქვს სისხლძარღვების სერიოზული დაავადება, აგრეთვე აუტოიმუნური დაავადება, რომელიც სხვადასხვა ორგანოს ფუნქციონირებაზე ახდენს გავლენას. ის მედიკამენტოზურ მკურნალობას და ყოველდღიურად 16 საათის განმავლობაში ჟანგბადოთერაპიასაც საჭიროებს, რაც იზოლატორში ყოფნის დროს შეწყვეტილი ჰქონდა. მას გადაადგილებაც უჭირს და დახმარების გარეშე ვერ დგება. მისი მეუღლე ტატიანაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. მას ოთხი ინსულტი აქვს გადატანილი.

ანატოლის ლეიკემია და ხერხემლის მალებისა და ნეკნების მოტეხილობები აქვს, რის გამოც სავარძლით გადაადგილდება. პატიმრობის გამო ქიმიოთერაპიის კურსი შეუწყდა და იზოლატორში ტკივილგამაყუჩებელსაც კი არ აძლევდნენ. სამწუხაროდ, პატიმრობის დროს მან კორონავირუსიც გადაიტანა.

კვირების განმავლობაში ადვოკატები უშედეგოდ ცდილობდნენ, სასამართლოსგან ამ ორი ძმის გათავისუფლების ნებართვა მიეღოთ. სამწუხაროდ, მოსამართლეები ადგილობრივი საავადმყოფოს ექიმების მიერ მიწოდებულ ცნობას დაეყრდნენ. ამ ცნობის თანახმად ალექსანდრესა და ანატოლის ისეთი არაფერი სჭირდათ, რაც მათ სასჯელის მოხდაში შეუშლიდა ხელს.

მარცხნიდან მარჯვნივ: ალექსანდრე ლუბინი და ანატოლი ისაკოვი მეუღლეებთან ერთად

2021 წლის 8 აგვისტოს ადვოკატებმა საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანეს. საპასუხოდ ევროსასამართლომ რუსეთის ფედერაციის მთავარ პროკურატურას ალექსეისა და ანატოლის საქმეზე მოთხოვნა გაუგზავნა. 2021 წლის 24 აგვისტოს ორივე ძმა ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჯერად ექიმებმა დაადგინეს, რომ ძმების ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო და არ შეიძლებოდა მათი იზოლატორში გაჩერება.

ვლოცულობთ ამ ორი ძმისთვის, რომლებიც, დევნისა და ავადმყოფობის მიუხედავად, ერთგულებას ინარჩუნებენ. ეჭვი არ გვეპარება, რომ იეჰოვა კვლავაც დაეხმარება მათ თავისი ძალით (2 მატიანე 16:9).