2016 წლის 18 ნოემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ნაწილი 2
ექსპერტები გმობენ რუსეთის მცდელობას, აკრძალოს ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“
ინტერვიუ ჩამოერთვათ წამყვან რელიგიათმცოდნეებს, პოლიტიკოსებსა და სოციოლოგებს; აგრეთვე საბჭოთა და პოსტსაბჭოთა სისტემების მკვლევრებს. ეს არის სამნაწილიანი ექსკლუზიური ინტერვიუს მეორე ნაწილი.
სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი — რუსეთის მთავრობა ცდილობს, აკრძალოს იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, რადგან მას ექსტრემისტულად მიიჩნევს.
თუ სასამართლო პროკურატურის სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას და ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“ რაიმე ფორმით აკრძალავს, „დაირღვევა ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ ფედერალური კანონის მე-3 მუხლი. ამ მუხლში შესულ ცვლილებას თავად პრეზიდენტმა პუტინმა მოაწერა ხელი 2015 წლის შემოდგომაზე“, — ამბობს მოსკოვის შრომისა და სოციალურ ურთიერთობათა აკადემიის პროფესორი ეკატერინე ელბაკიანი. მე-3 მუხლი, რომელშიც ცვლილება იქნა შეტანილი, არაორაზროვნად ამბობს: „დაუშვებელია ბიბლიის, ყურანის, თანახისა და განჯურის — როგორც მთლიანი წიგნების, ისე მათი რომელიმე ნაწილის — ექსტრემისტულად გამოცხადება“.
„ვინ იფიქრებდა, რომ სახეცვლილი კანონი, რომელიც ზოგიერთი წმინდა წიგნის ხელშეუხებლობის გარანტიას იძლევა, სხვა წმინდა წიგნების აკრძალვის საფუძველი გახდებოდა?! უპირველესად ამ კანონმა იეჰოვას მოწმეებსა და მათ მიერ ნათარგმნ ბიბლიაზე იქონია უარყოფითი გავლენა“, — აღნიშნავს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის, რელიგიისა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორი რომან ლუნკინი.
როგორც ცნობილია, „რუსეთი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტის მონაწილე ქვეყანაა, ამიტომ, თუ იგი იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემულ ბიბლიის თარგმანს აკრძალავს, რელიგიის თავისუფლებას უხეშად დაარღვევს“, — აცხადებს პოლიტოლოგი და ლონდონის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტთან არსებული რელიგიის, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების კვლევითი ცენტრის დირექტორი ჯეფრი ჰეინესი.
ბიბლიის „ახლი ქვეყნიერების თარგმანის“ წინააღმდეგ აღძრული საქმის განხილვა მიმდინარეობს ვიბორგის საქალაქო სასამართლოში, რომელიც სანკტ-პეტერბურგიდან ჩრდილო-დასავლეთით 138 კილომეტრში მდებარეობს. 2016 წლის 26 აპრილს, საქმის წინასწარი მოსმენიდან მეორე დღეს, მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურორის მოთხოვნა და დანიშნა ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“ გამოიკვლევდა და შეაფასებდა. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება იეჰოვას მოწმეების დაუსწრებლად მიიღო. ექსპერტიზის ჩატარება სოციოკულტურულ კვლევით ცენტრს დაევალა, რომლის უარყოფითი შეფასების საფუძველზეც აღიძრა საქმე იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ წინააღმდეგ. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება არღვევს რუსეთის უზენაესი სასამართლოს დადგენილებას, რომლის თანახმადაც კვალიფიკაცია უნდა ჩამოერთვას ექსპერტს, რომელიც სასამართლოში მიმდინარე საქმის თაობაზე წინასწარ შეფასებას აკეთებს.
სანამ კვლევით ცენტრში ექსპერტიზა მიმდინარეობს, სწავლულები თავიანთ აზრს გამოთქვამენ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემულ ბიბლიის თარგმანზე. მაგალითად, ზიგმუნდ ნიუმენის სახელობის თავისუფლებისა და დემოკრატიის საკითხების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი გერჰარდ ბეზირი აცხადებს: «ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანმა“ დიდი მოწონება დაიმსახურა სხვადასხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის ბიბლეისტების მხრიდან».
გარდა ამისა, მოსკოვში არსებულმა საინფორმაციო-ანალიტიკურმა ცენტრმა „სოვამ“ 2016 წლის თებერვალში გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნული იყო: «ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ არანაირ ექსტრემისტულ ინფორმაციას არ შეიცავს». საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი „სოვა“ თითქმის ყოველთვე ცალსახად აფიქსირებს თავის აზრს რუსეთის მთავრობის ქმედებებთან დაკავშირებით. მაგალითად, 2016 წლის ივნისში „სოვას“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამი იყო: „კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ რუსეთის მხრიდან იეჰოვას მოწმეების დევნა და მათი ლიტერატურის აკრძალვა რელიგიური დისკრიმინაციაა“.
საკონტაქტო პირები:
საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. 1-718-560-5000
რუსეთი: იაროსლავ სივულსკი, ტელ. 7-812-702-2691