არჩეულ მასალაზე გადასვლა

2015 წლის 15 სექტემბერი
რუსეთი

როდის მიიღებენ გადაწყვეტილებას 16 იეჰოვას მოწმის საქმის თაობაზე ტაგანროგში?

როდის მიიღებენ გადაწყვეტილებას 16 იეჰოვას მოწმის საქმის თაობაზე ტაგანროგში?

უკვე ცხრა თვეა, რაც ტაგანროგში (რუსეთი) 16 იეჰოვას მოწმის საქმის ხელახალი განხილვა მიმდინარეობს. ამ ზაფხულს 20-ზე მეტი სასამართლო სხდომა ჩატარდა და ოქტომბრის თვეში უფრო მეტი სხდომა იგეგმება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მოწმეებს პატიმრობა და დიდი ფულადი ჯარიმების გადახდა ელით მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ისინი ესწრებიან რელიგიურ შეხვედრებს, კითხულობენ ბიბლიას და ურთიერთობენ თანამორწმუნეებთან.

ხანგრძლივი სასამართლო პროცესები უარყოფითად აისახება ბრალდებულთა მდგომარეობაზე

მას შემდეგ, რაც საქმის ხელახალი მოსმენა დაიწყო, ბრალდებულებს თითქმის 50 დღე მოუწიათ სასამართლოში ყოფნა. ისინი უკვე ორ წელზე მეტია, სასამართლოში ცხადდებიან ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც პირველად დაიწყო ამ საქმის გამოძიება. ეს არის იეჰოვას მოწმეების საქმის თაობაზე რუსეთში მიმდინარე ყველაზე ხანგრძლივი სასამართლო პროცესი.

ბრალდებულები მრავალმხრივ ზარალდებიან იმის გამო, რომ სასამართლო მოსმენებს დიდი დრო მიაქვს. ერთ-ერთი ბრალდებული, კირილ კრავჩენკო, ამბობს: „ჩვენ არ გვეძლევა მუშაობის, საკუთარ ოჯახის წევრებთან დროის გატარების და ნორმალური დასვენების საშუალება“. იმის გამო, რომ ბრალდებულებს დიდი დროის დათმობა უწევთ სასამართლო პროცესისთვის და გარდა ამისა, მათ, როგორც იეჰოვას მოწმეებს, ცილს სწამებენ და ჩირქს სცხებენ, ზოგიერთი მათგანი სამსახურიდან დაითხოვეს, ზოგს კი აიძულეს, თავად დაეტოვებინათ სამსახური. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ უკვე ორი წელია ეკრძალებათ სპეციალური ნებართვის გარეშე ქალაქ ტაგანროგის დატოვება.

ის, რომ სასამართლო მოსმენები ასეთი ხანგრძლივი დროის მანძილზე გრძელდება, ბრალდებულთა ემოციურ მდგომარეობაზეც უარყოფითად აისახება. ტატიანა კრავჩენკო გვიზიარებს: „ამის გამო ჯანმრთელობა შემერყა. წესიერად არ მძინავს ან შუაღამეს მეღვიძება. გონებაში სულ სასამართლო მიტრიალებს და სულ აფორიაქებული ვარ“. ბრალდებული ნიკოლაი ტროციუკი რამდენჯერმე გადაიყვანეს საავადმყოფოში იმის გამო, რომ სასამართლოში ძლიერი სტრესის ქვეშ იყო და შეუძლოდ გახდა.

მოვლენები, რომლებიც წინ უძღოდა საქმის ხელახლა განხილვას

2011 წელს პოლიცია ოპერატიულად აწარმოებდა გამოძიებას იეჰოვას მოწმეების საქმესთან დაკავშირებით. შედეგად, 2012 წელს 16 იეჰოვას მოწმეს ბრალი წაუყენეს; პირველი სასამართლო, რომელიც სისხლის სამართლის საქმეს ეხებოდა, 2013 წლის მაისში დაიწყო. ტაგანროგის საქალაქო სასამართლოში 15-თვიანი განხილვის შემდეგ შვიდ იეჰოვას მოწმეს ბრალი დასდეს ექსტრემისტულ საქმიანობაში. მოსამართლემ დიდი ფულადი ჯარიმა დააკისრა შვიდივე მათგანს, ხოლო ოთხს ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯა, მაგრამ დაუყოვნებლივ გააუქმა დაკისრებული ჯარიმა და დროებით შეაჩერა მათი დაპატიმრება. რაც შეეხება სხვა 9 ბრალდებულს, მოსამართლემ ისინი ფორმალური საფუძვლების გამო უდანაშაულოდ ცნო, თუმცა მხარი დაუჭირა ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი „ექსტრემისტულ“ საქმიანობას ეწეოდნენ.

თექვსმეტივე მოწმემ როსტოვის საოლქო სასამართლოში შეიტანა საჩივარი და მოითხოვა, რომ სრულიად მოეხსნათ მათთვის ბრალდება. ამ საქმეზე პროკურორმაც შეიტანა საჩივარი და განაცხადა, რომ მათთვის სასჯელის მოხსნა მეტისმეტი შემწყნარებლობა იქნებოდა.

2014 წლის 12 დეკემბერს როსტოვის საოლქო სასამართლომ განიხილა საჩივრები და გააუქმა ტაგანროგის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. თუმცა ნაცვლად იმისა, რომ მოწმეებისთვის მოეხსნა ბრალეულობა, ზემოაღნიშნულმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის თხოვნა და საქმის ხელახალი განხილვა დანიშნა ტაგანროგის საქალაქო სასამართლოში და ამ საქმის წარმართვა სხვა მოსამართლეს დაავალა. საქმის ხელახალი განხილვა დაიწყო 2015 წლის 22 იანვარს; მოწმეები 2015 წლის ივნისში ელოდნენ სასამართლო გადაწყვეტილებას. ამჟამად მოსამართლემ საქმის განხილვა ოქტომბერში გადადო, ამიტომ სასამართლო, სავარაუდოდ, 2015 წლის დასასრულს მიიღებს გადაწყვეტილებას.

შეზღუდავს რუსეთის ხელისუფლება ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ კანონის საფუძველზე რელიგიის თავისუფლებას?

რუსეთის ფედერალური კანონი ექსტრემიზმის შესახებ იმ მიზნით მიიღეს, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ებრძოლათ, მაგრამ რუსეთის უფლებამოსილმა პირებმა არასწორად გამოიყენეს ეს კანონი, რათა შეეზღუდათ რელიგიური გაერთიანების საქმიანობა, რომელიც მშვიდობიან პირობებში სრულდება და კანონითაა დაშვებული. სამართალდამცავები მთელი ქვეყნის მასშტაბით არბევენ იეჰოვას მოწმეების შეხვედრებს, ჩხრეკენ მათ სახლებს, კრძალავენ მათ ლიტერატურას და მათ კონფისკაციას ახდენენ. ისინი თავიანთ მოქმედებას იმით ამართლებენ, რომ ზემოხსენებულ კანონს იცავენ. ტაგანროგში სამართალდამცავებმა არასწორად გამოიყენეს ზემოაღნიშნული კანონი, რის შედეგადაც იეჰოვას მოწმეების ადგილობრივი იურიდიული პირის ლიკვიდაცია მოახდინეს და ჩამოართვეს სამეფო დარბაზი. ბოლო დროს სამართალდამცავები სამარასა და აბინსკშიც მსგავსად მოქმედებენ: იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირების ლიკვიდაციას ახდენენ და მათ ქონებასაც ართმევენ.

რუსეთის უფლებამოსილი პირების მხრიდან ასეთი უმოწყალო მოპყრობის საპასუხოდ, იეჰოვას მოწმეებმა 28 საჩივარი შეიტანეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რათა დაცულ იქნას მათი უფლებები და აუნაზღაურდეთ ზარალი. ვინაიდან ამ საჩივრებიდან 22 ეხება ზემოაღნიშნულ უფლებების დარღვევას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ამჟამად 22-ვე მათგანს ერთად განიხილავს. როგორც იეჰოვას მოწმეების ადვოკატი აღნიშნავს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, სავარაუდოდ, 2015 წლის ბოლოსთვის მიიღებს ამ საქმეების თაობაზე გადაწყვეტილებას.

რა საშიშროება ახლავს თან რელიგიური შეუწყნარებლობის ზრდას

რუსეთში ახლა დღის წესრიგში დგას რელიგიის თავისუფლების უფლებასთან დაკავშირებული საკითხი. თუ ტაგანროგში დამნაშავეებად ცნობენ იეჰოვას მოწმეებს, ეს იმას ნიშნავს, რომ სამარაში, აბინსკსა და რუსეთის სხვა ქალაქებშიც დაადანაშაულებენ იეჰოვას მოწმეებს. ისინი იმედოვნებენ, რომ რუსეთის მთავრობა წერტილს დაუსვამს მათ დევნას და მხარს დაუჭერს თავისი მოქალაქეების რელიგიის თავისუფლების უფლებას.

დროის დიაგრამა

  1. 2008 წლის 9 ივნისი

    როსტოვის საოლქო პროკურატურამ საქმე აღძრა იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ, რომლებიც მათი მტკიცებით, ტაგანროგში ექსტრემისტულ საქმიანობას ეწეოდნენ.

  2. 2009 წლის 11 სექტემბერი

    როსტოვის საოლქო სასამართლომ იეჰოვას მოწმეების 34 პუბლიკაცია ექსტრემისტულად გამოაცხადა და ტაგანროგში იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივი იურიდიული პირის ლიკვიდაცია მოახდინა.

  3. 2009 წლის 8 დეკემბერი

    რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა როსტოვის საოლქო სასამართლოს მიერ 2009 წლის სექტემბერში მიღებულ გადაწყვეტილებას.

  4. 2010 წლის 1 მარტი

    იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა ექსტრემისტული მასალების ფედერალური სია, სადაც იეჰოვას მოწმეების 34 პუბლიკაციაც იყო შესული, რომლებიც როსტოვის საოლქო სასამართლომ ექსტრემისტულად გამოაცხადა. სამართალდამცავებმა ტაგანროგში იეჰოვას მოწმეებს სამეფო დარბაზი ჩამოართვეს.

  5. 2010 წლის 1 ივნისი

    ტაგანროგში იეჰოვას მოწმეებმა საჩივარი შეიტანეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივი იურიდიული პირი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“.

  6. 2011 წლის 30 აპრილი

    დაზვერვის სამსახურმა ფარულად დაიწყო იეჰოვას მოწმეების რელიგიური შეხვედრების ვიდეოჩანაწერების გაკეთება.

  7. 2011 წლის 6 ივლისი

    უფლებამოსილმა პირებმა ტაგანროგში იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივი იურიდიული პირი ექსტრემისტული ორგანიზაციების ფედერალურ სიაში შეიტანეს.

  8. 2011 წლის აგვისტო

    ადგილობრივმა უფლებამოსილმა პირებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ ტაგანროგში და 19 მოწმის სახლი გაჩხრიკეს.

  9. 2012 წლის 31 მაისი

    გამომძიებლებმა გამოსცეს პირველი საბრალდებო ოქმი იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ ტაგანროგში.

  10. 2014 წლის 29—30 ივლისი

    ტაგანროგში საქალაქო სასამართლომ შვიდი იეჰოვას მოწმე დაადანაშაულა ექსტრემისტულ საქმიანობაში. მოგვიანებით, აღნიშნულ საქმეზე 16-მა ბრალდებულმა და აგრეთვე პროკურორმა საჩივარი შეიტანეს.

  11. 2014 წლის 12 დეკემბერი

    როსტოვის საოლქო სასამართლომ დანიშნა საქმის ხელახალი განხილვა, რომელსაც ახალი მოსამართლე წარმართავს.

  12. 2015 წლის 22 იანვარი

    დაიწყო 16 იეჰოვას მოწმის წინააღმდეგ აღძრული საქმის ხელახალი მოსმენა ტაგანროგის საქალაქო სასამართლოში.

a „რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრი ვალდებულება“, 1896 წლის (2012) რეზოლუცია, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, აბზაცები 25, 31.

b „რუსეთის ფედერაციის მე-7 პერიოდული ანგარიში“, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი, აბზაცი 20.