2017 წლის 16 მარტი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ იეჰოვას მოწმეების საქმიანობის აკრძალვის მიზნით მორიგი ნაბიჯი გადადგა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ უზენაეს სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მოითხოვა, რომ იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრის საქმიანობა ექსტრემისტულად გამოცხადდეს, აიკრძალოს და მოხდეს აღნიშნული იურიდიული პირის ლიკვიდაცია. 2017 წლის 15 მარტს უზენაესმა სასამართლომ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსა ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნის თაობაზე. იეჰოვას მოწმეებს მოგვიანებით შეატყობინეს, რომ უზენაესი სასამართლო მათი ადმინისტრაციული ცენტრის ლიკვიდაციის მოთხოვნის განხილვას 2017 წლის 5 აპრილს 10:00 სთ-ზე დაიწყებდა.
თუ უზენაესი სასამართლო იუსტიციის სამინისტროს სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს რუსეთში მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებზე უარყოფითად აისახება. მათ შეიძლება ჩამოართვან თაყვანისცემისთვის განკუთვნილი შენობები და მოახდინონ 400-მდე იურიდიული პირის ლიკვიდაცია. ამასთანავე, შესაძლოა 170 000-ზე მეტი იეჰოვას მოწმე სამართლებრივი დევნის ობიექტი გახდეს მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი თაყვანისცემის მიზნით ერთად იკრიბებიან, ერთად კითხულობენ ბიბლიას და სხვებს თავიანთ მრწამსს უზიარებენ.
რუსეთში იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრის წარმომადგენელი ვასილ კალინი აღნიშნავს: „რუსეთში მცხოვრებ თითოეულ იეჰოვას მოწმეს მხოლოდ ის სურს, რომ თავისუფლად და მშვიდობიან პირობებში შეასრულოს რელიგიური მსახურება. 100 წელზე მეტია, რუსეთის მთავრობა უხეშად არღვევს რელიგიის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებას. ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როცა სტალინმა ჩვენი ოჯახი ციმბირში იმის გამო გადაასახლა, რომ იეჰოვას მოწმეები ვიყავით. სამწუხაროა, რომ ჩემი შვილები და შვილიშვილები დღესაც იმავე პრობლემის პირისპირ დგანან. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ დღეს თანამედროვე რუსეთში კვლავ რელიგიური დევნის მსხვერპლი გავხდებოდით“.