2017 წლის 5 დეკემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
იწყება სასამართლო მოსმენა რუსეთში იეჰოვას მოწმეებისთვის ფილიალის ჩამორთმევის თაობაზე
რუსეთის ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, ხელში ჩაიგდოს სანქტ-პეტერბურგთან ახლოს მდებარე სოლნეჩნოეში არსებული იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრი, სადაც ისინი რელიგიურ საქმიანობას ეწეოდნენ.
2017 წლის 20 აპრილს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირების, მათ შორის ადმინისტრაციული ცენტრის, ლიკვიდაციისა და მათი ქონების კონფისკაციის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ქონება, რომელიც დავის საგნად იქცა, ეკუთვნის აშშ-ს იურიდიულ პირს (პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება). ამიტომ პროკურორი იმის მიღწევას ცდილობს, რომ სასამართლომ ბათილად ცნოს 17 წლის წინ დადებული ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც აღნიშნული უძრავი ქონება აშშ-ს იურიდიულ პირს გადაეცა. რუსეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ეს ხელშეკრულება არასდროს გამხდარა დავის საგანი. ამასთანავე, მისი გაფორმების დღიდან „პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება“ ყოველთვის იხდიდა გადასახადებს. ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, სხვადასხვა ხერხს მიმართონ, რათა როგორმე მიაღწიონ საბოლოო მიზანს და მოწმეების უძრავი ქონება „კანონიერად“ ჩაიგდონ ხელში.
2017 წლის 29 ნოემბერს საქმის წინასწარი მოსმენისას მოსამართლემ იეჰოვას მოწმეების ადვოკატების არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რითაც, ფაქტობრივად, პროკურორს მიზნის მიღწევაში შეუწყო ხელი. მოწმეების ადმინისტრაციულ ცენტრში, რომლის ხელში ჩაგდებასაც სახელმწიფო ცდილობს და რომელიც მილიონობით დოლარის ღირებულებისაა, ცხოვრობდა დაახლოებით 400 ადამიანი — რუსეთის მოქალაქეები და უცხოელები; მათგან ზოგი იქ 20 წელზე მეტ ხანს ცხოვრობდა. ისინი ძალიან წუხან, რომ საცხოვრებელი ადგილის დატოვება მოუწიათ და აღარ აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ნებაყოფლობით რელიგიურ საქმიანობაში, რომელიც რუსი თანამორწმუნეების კეთილდღეობას ემსახურებოდა.
აღნიშნული საქმის მოსმენა სანქტ-პეტრბურგში სესტრორეცკის საოლქო სასამართლოში 2017 წლის 7 დეკემბერს, რუსეთის დროით, 14:00 საათზე დაიწყება.