არჩეულ მასალაზე გადასვლა

კონსტანტინ მოისეიენკო და მისი მეუღლე მარგარიტა

2021 წლის 7 ივლისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

კონსტანტინ მოისეიენკოს მოთმინების ძალას სხვების მაგალითზე ფიქრი აძლევს

კონსტანტინ მოისეიენკოს მოთმინების ძალას სხვების მაგალითზე ფიქრი აძლევს

განახლებული ინფორმაცია | რუსეთის სასამართლო არ აკმაყოფილებს კონსტანტინ მოისეიენკოს საჩივარს

2021 წლის 9 სექტემბერს ამურის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ძმა კონსტანტინეს საჩივარი და ძალაში დატოვა მისთვის გამოტანილი განაჩენი. ამჟამად მას არ მოუწევს სასჯელის ციხეში მოხდა.

2021 წლის 14 ივლისს ამურის ოლქში მდებარე ზეისკის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო ძმა კონსტანტინე და ექვსწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა. ამჟამად მას არ მოუწევს სასჯელის ციხეში მოხდა.

ზოგადი ინფორმაცია

კონსტანტინ მოისეიენკო

  • დაბადების წელი: 1976 (აბაკანი, ხაკასეთის რესპუბლიკა)

  • ბიოგრაფია: ჰყავს უმცროსი ტყუპი ძმები. ახალგაზრდობაში გატაცებული იყო საბრძოლო ხელოვნებით. დაეუფლა კომპიუტერული სისტემების ადმინისტრირებას და კომპიუტერულ ინჟინერიას.

    1998 წელს დაქორწინდა მარგარიტაზე, რომელიც ტანსაცმლის დიზაინერი იყო. 2000 წლის დასაწყისში ორივემ დაიწყო ბიბლიის შესწავლა იეჰოვას მოწმეებთან. მას შემდეგ, რაც კონსტანტინემ დაინახა, რომ ბიბლია ისტორიულ და მეცნიერულ ფაქტებთან სრულ შესაბამისობაში იყო, მას კიდევ უფრო მეტად გაუჩნდა ღვთის სიტყვის გამოკვლევის სურვილი. ის და მისი მეუღლე იმავე წელს მოინათლნენ.

    კონსტანტინეს მამა 10 წლის წინ დაეღუპა. ის ექვსი წელი უვლიდა თავის უსინათლო დედას, რომელიც ახლახან გარდაიცვალა.

სასამართლო საქმე

2019 წლის 11 მარტს ამურის ოლქის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის საგამომძიებლო განყოფილებამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ძმა კონსტანტინ მოისეიენკოს წინააღმდეგ. ამის შემდეგ სამართალდამცავებმა ხუთი ბინა გაჩხრიკეს, მათ შორის კონსტანტინეს ბინა და ჩვენს და-ძმებს ლეპტოპები, მობილური ტელეფონები და პირადი დოკუმენტები ჩამოართვეს.

კონსტანტინე იხსენებს ერთ გამამხნევებელ შემთხვევას 2018 წელს სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში გამართული კონგრესიდან, რომელსაც მეუღლესთან ერთად დაესწრო. პროგრამის მსვლელობის დროს ერთ-ერთმა მომხსენებელმა აუდიტორიას მიმართა და სთხოვა, ფეხზე წამომდგარიყვნენ ისინი, ვისაც ნეიტრალიტეტის გამო ციხეში მოუწია ყოფნა. კონსტანტინე აღნიშნავს: «სტადიონზე მყოფი თითქმის ყველა ძმა წამოდგა ფეხზე. მომხსენებელმა თქვა: „შეხედეთ, ისინი ცოცხლები და ჯანმრთელები არიან!“. ეს შემთხვევა იმის გააზრებაში დამეხმარა, რომ განსაცდელის ატანა სავსებით შესაძლებელია». მომხსენებელმა აგრეთვე ყურადღება გაამახვილა ფსალმუნის 23:5-ზე: „სუფრას მიშლი ჩემი მტრების წინაშე. ზეთს მცხებ თავზე, რომ შვება მომგვარო; ჩემი სასმისი პირთამდეა სავსე“. კონსტანტინეს თქმით, მომხსენებლის ნათქვამმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მსმენელზე.

კონსტანტინე დიდად აფასებს მსოფლიო საძმოს მხარდაჭერასაც. მასზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ის ფაქტი, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მოწმეები გულწრფელად არიან დაინტერესებულნი მისი სასამართლო საქმით და ლოცულობენ მისთვის. ის ამბობს: «ვხედავ, რომ თითოეული ძმისა თუ დის გვერდით, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში იდევნებიან, უამრავი თანამორწმუნე დგას. ისინი 1 იოანეს 3:16-ში ჩაწერილი სიტყვების თანახმად იქცევიან, სადაც წერია: „ჩვენც ვალდებულნი ვართ, რომ სიცოცხლე გავწიროთ ძმებისთვის“».

ვხარობთ, როცა გვესმის, როგორ აძლიერებს იეჰოვა რუსეთში მცხოვრებ ჩვენს და-ძმებს. ეს იმაშიც გვარწმუნებს, რომ იეჰოვა ჩვენც მოგვცემს „ძალასა და ძლევამოსილებას“, როცა მსგავს განსაცდელს შევხვდებით (ფსალმუნი 68:35).