არჩეულ მასალაზე გადასვლა

ორიოლის საოლქო სასამართლო

2019 წლის 14 მაისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

კრისტენსენის საქმის სააპელაციო მოსმენა მალე დასრულდება

კრისტენსენის საქმის სააპელაციო მოსმენა მალე დასრულდება

2019 წლის 7 მაისს, სამშაბათს, ორიოლის საოლქო სასამართლოში დაიწყო დენის კრისტენსენის საქმის სააპელაციო მოსმენა. საქმე ეხება დენის კრისტენსენის წინააღმდეგ რელიგიურ საქმიანობაში მონაწილეობისთვის გამოტანილ ექვსწლიან სასჯელს. აღნიშნული სასამართლო დღემდე მიჰყვება რუსეთის სასამართლოების მიერ შექმნილ ნიმუშს და უარს აცხადებს, კრისტენსენის ადვოკატების მიერ შეთავაზებული მტკიცებულებების სათანადოდ განხილვაზე, რომლებიც ყველაზე მეტად ამტკიცებს ძმა დენისის უდანაშაულობას. სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია სავარაუდოდ ამ კვირის ბოლოს გამოიტანს გადაწყვეტილებას.

სასამართლოს პირველივე დღეს დენისის მხარდასაჭერად უამრავი და-ძმა შეიკრიბა სასამართლოს შენობაში. გარდა ამისა, დამსწრეთა შორის იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური მხარის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ადამიანის უფლებათა დამცველები. თავდაპირველად მოსმენა მიმდინარეობდა პატარა დარბაზში, რომელშიც მხოლოდ 20-25 ადამიანი ეტეოდა. ამის გამო 50-ზე მეტ ადამიანს უარი უთხრეს დარბაზში შესვლაზე. თუმცა სასამართლომ დააკმაყოფილა დენისის ადვოკატების მოთხოვნა და მოსმენა გადაიტანეს უფრო დიდ დარბაზში, სადაც 80-მდე ადამიანი ეტევა. საქმის მოსმენა მხოლოდ სამი საათის შემდეგ განახლდა.

მეორე დღეს მოსამართლეებმა უარი განაცხადეს დაცვის მხარის მოთხოვნაზე, ხელახლა გადაეხედათ დენის კრისტენსენის გამამართლებელი მტკიცებულებებისთვის. ეს ნამდვილად სამწუხარო ფაქტია, რადგან ძმა დენისის ადვოკატები დარწმუნებულები არიან, რომ აღნიშნული მტკიცებულებები ნათელს მოჰფენდა პირველი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უსაფუძვლობას. დღის ბოლოს სასამართლომ გამოაცხადა, რომ მოსმენა ხუთშაბათს, 16 მაისს, განახლდებოდა და მოხდებოდა საქმის შემაჯამებელი განხილვა.

ვლოცულობთ რუსეთში მცხოვრებ ჩვენს და-ძმებზე, რომ მათ შეძლონ სიმტკიცისა და სიმშვიდის შენარჩუნება და პოვონ ნუგეში იეჰოვას დანაპირებში, რომ ის დაიხსნის მათ „ყველასგან, ვინც ზიზღით უყურებს“ მათ (ფსალმუნი 12:5).