არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნიდან მარჯვნივ: ანდრეი ანდრეევი, არტიომ და ალევტინა ბაგრატიანები და ანდრეი რიშკოვი

2021 წლის 16 მარტი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

კურსკის რეგიონში ერთ წყვილსა და ორ ძმას რწმენის გამო პატიმრობა ემუქრება

კურსკის რეგიონში ერთ წყვილსა და ორ ძმას რწმენის გამო პატიმრობა ემუქრება

განახლებული ინფორმაცია | რუსეთის სასამართლო არ აკმაყოფილებს ხუთი და-ძმის საჩივარს

2022 წლის 20 იანვარს კურსკის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ანდრეი ანდრეევის, ანდრეი რიშკოვის, ალექსანდრე ვოსპიტანიუკისა და არტიომ და ალევტინა ბაგრატიანების საჩივარი და ძალაში დატოვა თავდაპირველი განაჩენი.

2021 წლის 3 ივნისს კურსკის ინდუსტრიულმა რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო სამი ძმა და ერთი წყვილი. ანდრეი ანდრეევს ოთხწელიწად-ნახევრით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, ანდრეი რიშკოვს — სამი წლით, არტიომს — ორწელიწად-ნახევრით, ხოლო ალევტინას — ორი წლით. ალექსანდრე ვოსპიტანიუკს, რომლის საქმეც მოგვიანებით გაერთიანდა ამ საქმეში, გარკვეული შეზღუდვები დაუწესდა და ორი წლის მანძილზე პრობაციის სამსახურის დაკვირვების ქვეშ მოუწევს ყოფნა.

ზოგადი ინფორმაცია

ანდრეი ანდრეევი

  • დაბადების წელი: 1976 (კურსკი)

  • ბიოგრაფია: დაქორწინდა სვეტლანაზე 1999 წელს. ჰყავთ ორი ქალიშვილი. ბიბლიით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც გაიგო, როგორ სრულდებოდა მასში მოცემული წინასწარმეტყველებები. მოინათლა 2002 წელს.

ალევტინა ბაგრატიანი

  • დაბადების წელი: 1977 (კურსკი)

  • ბიოგრაფია: ბავშვობიდან დაინტერესებულია ხელოვნებით. ბიბლიის შესწავლა ადრეულ ასაკში დაიწყო. მოინათლა 1997 წელს. დაქორწინდა არტიომზე 2012 წელს. მუშაობს პარიკმახერად, აგრეთვე ზრუნავს ხანდაზმულ დედაზე.

არტიომ ბაგრატიანი

  • დაბადების წელი: 1972 (აბოვიანი, სომხეთი)

  • ბიოგრაფია: სომხეთიდან რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად. ქალაქ კურსკში გაიცნო ალევტინა. ცოლ-ქმარს აერთიანებს ბუნების სიყვარული. არტიომი 2000 წელს მონათლა.

ანდრეი რიშკოვი

  • დაბადების წელი: 1987 (კურსკი)

  • ბიოგრაფია: მამა ბავშვობაში დაეღუპა. უმეტესწილად ბაბუასთან იზრდებოდა, რადგან დედა ორ ადგილას მუშაობდა. ბიბლიით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც პასუხები იპოვა კითხვებზე, რომლებიც წლების განმავლობაში აფიქრებდა. მოინათლა 2011 წელს. დაქორწინდა მარინაზე 2016 წელს. მუშაობდა სარემონტო საქმეზე.

სასამართლო საქმე

2019 წლის 6 ოქტომბერს ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მასობრივი ჩხრეკა ჩაატარეს ქალაქ კურსკში, რის შემდეგაც დააკავეს ძმა ანდრეი ანდრეევი და ბაგრატიანების წყვილი. 2020 წლის 21 იანვარს კი ძმა ანდრეი რიშკოვი დააკავეს. ალევტინა 2020 წლის 17 დეკემბერს გაათავისუფლეს წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან, სადაც მას 13 თვე მოუწია ყოფნა. ამჟამად ის შინაპატიმრობაში იმყოფება, ძმები კი კვლავ წინასწარი პატიმრობის იზოლატორში რჩებიან.

არტიომ ბაგრატიანი დიაბეტითაა დაავადებული. იმ დროსთან დაკავშირებით, როცა ალევტინა და არტიომი სხვადასხვა იზოლატორში იყვნენ დაკავებულნი, ალევტინა ამბობს: „დიდი ხნის განმავლობაში არაფერი ვიცოდი ჩემი ქმრის შესახებ. არ ვიცოდი, როგორი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და საშინლად მენატრებოდა“.

ალევტინას სჯერა, რომ იეჰოვა იზრუნებს მასზე და იმ სამ ძმაზე, რომლებიც დაკავებულნი არიან. ის აღნიშნავს: „იეჰოვა ყოველთვის მაძლიერებდა და ვიცი, რომ მუდამ ასე იქნება. ამაში ოდნავაც არ მეპარება ეჭვი“.

დარწმუნებულები ვართ, რომ იეჰოვა კვლავ იქნება საიმედო საყრდენი ამ და-ძმებისთვის გასაჭირის ჟამს (იგავები 18:10).