2016 წლის 7 აპრილი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
რუსეთის ხელისუფლება იეჰოვას მოწმეებს ფილიალის დახურვით ემუქრება
რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნა იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციულ ცენტრს, რომელიც ორგანიზებას უწევს იეჰოვას მოწმეების რელიგიურ საქმიანობას რუსეთში. იეჰოვას მოწმეები ისე ასრულებენ თავიანთ რელიგიურ მსახურებას მთელ მსოფლიოში, მათ შორის რუსეთში, რომ არავის უქმნიან საფრთხეს. 2016 წლის 2 მარტით დათარიღებულ წერილში, რომელსაც ხელს აწერს პროკურორის მოადგილე ვიქტორ გრინი, იეჰოვას მოწმეთა რელიგიური მსახურება ექსტრემისტულად არის მოხსენიებული და ნათქვამია, რომ მოწმეებმა უნდა აღკვეთონ ნებისმიერი ექსტრემისტული ქმედება. თუ ორი თვის განმავლობაში აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, რუსეთი იეჰოვას მოწმეთა ადმინისტრაციული ცენტრის ლიკვიდაციას მოახდენს.
იეჰოვას მოწმეების მიმართ რუსეთის ხელისუფლების აგრესიამ კულმინაციას მიაღწია, რაც იმაში გამოიხატება, რომ რუსეთი ცდილობს, დახუროს იეჰოვას მოწმეთა ადმინისტრაციული ცენტრი. 2007 წლიდან მოყოლებული რუსეთის ხელისუფლება არასწორად იყენებს კანონს ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ იეჰოვას მოწმეებთან მიმართებით. მან მოწმეთა რამდენიმე იურიდიული პირის ლიკვიდაცია მოახდინა და მათი არაერთი რელიგიური პუბლიკაცია აკრძალა.