არჩეულ მასალაზე გადასვლა

ძმა ანტონ ოსტაპენკო

2021 წლის 28 აპრილი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ლოცვა და სამეფო სიმღერების მღერა აძლიერებდა ძმა ანტონ ოსტაპენკოს წინასწარი პატიმრობის იზოლატორში

ლოცვა და სამეფო სიმღერების მღერა აძლიერებდა ძმა ანტონ ოსტაპენკოს წინასწარი პატიმრობის იზოლატორში

განახლებული ინფორმაცია | რუსეთის სასამართლო დამნაშავედ ცნობს ანტონ ოსტაპენკოს

2021 წლის 25 ოქტომბერს კრასნოიარსკის მხარეში მდებარე შარიპოვოს საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ანტონ ოსტაპენკო და ექვსი წლისა და სამი თვის ვადით პირობითი სასჯელი შეუფარდა. მისთვის გამოტანილი სასჯელი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

ზოგადი ინფორმაცია

ანტონ ოსტაპენკო

  • დაბადების წელი: 1991 (ექიბასთუზი, ყაზახეთი)

  • ბიოგრაფია: მუშაობს ელექტროსადგურში. ბიბლიური ჭეშმარიტება დასთან ერთად მოზარდობის წლებში დედისგან გაიგო. იეჰოვას მოწმედ 2005 წელს მოინათლა.

    2015 წელს დაქორწინდა ნატალიაზე. მათ უყვართ სნოუბორდით და თხილამურებით სრიალი. ანტონს აგრეთვე ძალიან უყვარს გიტარაზე დაკვრა, თევზაობა და ტენისის თამაში.

სასამართლო საქმე

2019 წლის 19 აპრილს სამართალდამცავებმა შარიპოვოში იეჰოვას მოწმეთა ათი სახლი გაჩხრიკეს და და-ძმები დაჰკითხეს. ძმა ანტონ ოსტაპენკო დააკავეს და წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც 2019 წლის 20 დეკემბრამდე იმყოფებოდა. მას ბრალად ედება „ექსტრემისტული“ ორგანიზაციის საქმიანობისთვის ორგანიზების გაწევა.

იზოლატორში ყოფნის ექვსი თვის განმავლობაში ანტონი რამდენჯერმე მივიდა საკნის ნიჟარასთან, სათვალთვალო კამერისგან დაფარულ ადგილას და ძლიერი მწუხარებისგან აქვითინდა.

ლოცვა მისი გაძლიერების მთავარ წყაროდ იქცა. ანტონი გვიყვება: „იეჰოვას ვემუდარებოდი, დამხმარებოდა ამ სიტუაციის ატანაში“, — ის განაგრძობს: „მივხვდი, რომ ბევრი რამ მქონდა სასწავლი. სულიერად იქ უფრო გავიზარდე და გავძლიერდი. … საინტერესოა, რომ ასეთ რთულ მდგომარეობაში ყოფნისას თითქოს თეორიიდან პრაქტიკაზე გადადიხარ. საკანში ყოველთვის არ გაქვს ბიბლია. დაპატიმრებამდე მე უბრალოდ ვკითხულობდი იეჰოვას შესახებ. მაგრამ ციხეში იეჰოვამ სრულად მაჩვენა, როგორი ღმერთია. მინდა გითხრათ, რომ ამან ძალიან აღმაფრთოვანა. ის ჩემთვის იქცა არა მხოლოდ ყოვლისშემძლე ღმერთად, არამედ მოსიყვარულე მამად, რომელსაც კარგად ესმის ჩემი მდგომარეობა და ისე მეხმარება და ისე მიდგას მხარში, რომ ამას ვერც კი წარმოვიდგენდი და თანაც ყოველთვის საჭირო დროს“.

ანტონს სამეფო სიმღერებიც მატებდა ძალებს. „მე და ჩემი მეუღლე ყოველთვის ერთად ვმღეროდით ჩვენს სიმღერებს, რამაც გამიადვილა ტექსტების დამახსოვრება. ეს კი ძალიან გამომადგა იზოლატორში ყოფნის დროს. ღამით, სინათლეს რომ ჩააქრობდნენ, ლოცვა და მღერა მამშვიდებდა და ჩაძინებაში მეხმარებოდა“.

ამჟამად ანტონს, რომელიც განაჩენის მოლოდინშია, აქვს მუშაობის გაგრძელების უფლება. თუმცა მას არ შეუძლია შარიპოვოს დატოვება. ეს შეზღუდვა ხელს უშლის ანტონს, რომ სამედიცინო პროცედურებზე ატაროს დედამისი.

ვლოცულობთ და გვჯერა, რომ იეჰოვა კვლავაც მიცემს სიმშვიდეს ჩვენს და-ძმებს, რომ გაუძლონ დევნებს (იოანე 14:27).