არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნიდან მარჯვნივ: ალექსეი ორეშკოვი, ალექსანდრე რაკოვსკი და ალექსანდრე ვავილოვი

2021 წლის 2 ივლისი
რუსეთი

ლოცვა და შესრულებულ წინასწარმეტყველებებზე ფიქრი სამ ძმას დევნის ატანის ძალას აძლევს

ლოცვა და შესრულებულ წინასწარმეტყველებებზე ფიქრი სამ ძმას დევნის ატანის ძალას აძლევს

განახლებული ინფორმაცია | რუსეთის სასამართლო არ აკმაყოფილებს სამი ძმის საჩივარს

2022 წლის 14 იანვარს ნიჟნი-ნოვგოროდის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ალექსეი ორეშკოვის, ალექსანდრე რაკოვსკის და ალექსანდრე ვავილოვის საჩივარი. მათთვის გამოტანილი სასჯელი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

2021 წლის 25 ოქტომბერს პავლოვოს საქალაქო სასამართლომ (ნიჟნი-ნოვგოროდი) დამნაშავედ ცნო ალექსეი ორეშკოვი, ალექსანდრე რაკოვსკი და ალექსანდრე ვავილოვი და თითოეულს სამწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა.

ზოგადი ინფორმაცია

ალექსეი ორეშკოვი

  • დაბადების წელი: 1971 (პავლოვო, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი)

  • ბიოგრაფია: ბავშვობაში უყვარდა პინგ-პონგის თამაში. დაამთავრა მუსიკალური კონსერვატორია სასულე საკრავების სპეციალობით. ამჟამად პენსიონერია. ბოლო რამდენიმე წელია, ხანდაზმულ დედაზე ზრუნავს. მოინათლა 2011 წელს.

ალექსანდრე რაკოვსკი

  • დაბადების წელი: 1980 (პავლოვო, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი)

  • ბიოგრაფია: ახალგაზრდობაში ისწავლა გიტარაზე დაკვრა და უკრავდა ერთ-ერთ მუსიკალურ ჯგუფში. არის ინტერნეტ-ტექნოლოგიების სპეციალისტი. 2005 წელს დაქორწინდა ტატიანაზე. მას შემდეგ, რაც გაიგეს, რას გვპირდება ბიბლია სამომავლოდ, მათ ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. მოინათლნენ 2009 წელს. მათ ქალ-ვაჟი ჰყავთ.

ალექსანდრე ვავილოვი

  • დაბადების წელი: 1967 (კროპოტკინი, კრასნოდარის მხარე)

  • ბიოგრაფია: ახალგაზრდობაში უყვარდა ცურვა, სირბილი, თხილამურებზე სრიალი და პორტრეტების ხატვა. მსახურობდა ჯარში. ვარჯიშობდა, რომ პროფესიონალი მოკრივე გამხდარიყო. საბოლოოდ, გადაწყვიტა, ძალადობრივი სპორტისთვის თავი დაენებებინა და დალაქი გახდა. ალექსანდრემ და მისმა ცოლმა ელენამ იეჰოვას მოწმეებთან დაიწყეს ბიბლიის შესწავლა. ისინი 1994 წელს დაქორწინდნენ და 1995 წელს მოინათლნენ. უყვართ ბუნებაში დროის გატარება.

სასამართლო საქმე

2019 წლის 16 და 17 ივლისს ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრებმა ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში რეიდები მოაწყვეს იეჰოვას მოწმეთა ბინებში. ალექსეი ორეშკოვი და ალექსანდრე ვავილოვი დაჰკითხეს. მოგვიანებით ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. ალექსეი 211 დღე იყო იზოლატორში, მომდევნო 31 დღე კი — შინაპატიმრობაში. ალექსანდრემ წინასწარი დაკავების იზოლატორში 241 დღე გაატარა.

იზოლატორში ალექსეი ჩვეულებრივზე უფრო ხშირად და მხურვალედ ლოცულობდა. გაღვიძებისთანავე იწყებდა ლოცვას და იეჰოვას სთხოვდა, დადებითი განწყობა არ დაეკარგა და იმ დღის განსაცდელებისთვის მისი თვალით შეეხედა. ის იმაზეც ლოცულობდა, რომ ერთგულება შეენარჩუნებინა და გონება იეჰოვას აზრებით აევსო. ალექსეი ამბობს: „დღის ბოლოს ჩემი ლოცვები უფრო ხანგრძლივი და შინაარსიანი იყო. ვცდილობდი, ლოცვებში ყველა ძმა სახელით მომეხსენებინა. ვლოცულობდი იზოლატორის თანამშრომლებზე, პატიმრებზე, გამომძიებელზე, ჩემს ოჯახზე, კრების წევრებზე და ჩვენს ორგანიზაციაზე“.

ალექსანდრე ვავილოვი ამბობს: „იეჰოვას ძალიან დავუახლოვდი; ვგრძნობდი, რომ მას მარტო ხელი კი არ ჰქონდა ჩაკიდებული ჩემთვის, არამედ ხელში აყვანილს მატარებდა, როგორც მწყემსი ბატკანს. მის მზრუნველობას ყოველ ფეხის ნაბიჯზე თვალნათლივ ვხედავდი“.

2020 წლის 21 სექტემბერს ალექსანდრე რაკოვსკისაც წაუყენეს ბრალი და მისი საქმე ალექსეი ორეშკოვისა და ალექსანდრე ვავილოვის საქმეში გააერთიანეს. სამივე ძმას ბრალად ედება იეჰოვას მოწმეთა რელიგიურ შეხვედრებში მონაწილეობა. მათ ეკრძალებათ საცხოვრებელი ტერიტორიის დატოვება.

ალექსანდრე რაკოვსკის მოთმინების შენარჩუნებაში იმაზე ფიქრი ეხმარება, თუ როგორ სრულდება ბიბლიური წინასწარმეტყველებები, განსაკუთრებით ჩრდილოეთის მეფეზე. ის ამბობს: „როცა ვხედავ, როგორ სრულდება დევნასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებები, ეს მეხმარება, უარყოფით გრძნობებს გასაქანი არ მივცე. ჩემთვის დამხმარეა იეჰოვას დაპირებაზე ფიქრიც, რომ ის მხარში ამოგვიდგება ამგვარი სირთულეების დროს“.

გვჯერა, რომ ეს სამი ძმა ბოლომდე შეინარჩუნებს პოზიტიურ განწყობას, ვინაიდან ძლიერი რწმენა ეხმარება მათ, აიტანონ ეს განსაცდელი (ფილიპელები 1:29).