არჩეულ მასალაზე გადასვლა

2018 წლის 23 ნოემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

რუსეთში მასობრივ დაკავებებსა და დაპატიმრებებს ბოლო არ უჩანს

რუსეთში მასობრივ დაკავებებსა და დაპატიმრებებს ბოლო არ უჩანს

2018 წლის ოქტომბერში დასავლეთ რუსეთში ადგილობრივმა და ფედერალურმა პოლიციამ 30-ზე მეტ სახლში მოაწყო რეიდი. დააკავეს ექვსი ძმა და ორი და. ისინი ექსტრემისტებად შერაცხეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. დღეისათვის 25 და-ძმაა უსამართლოდ დაპატიმრებული, 18 და-ძმა კი შინაპატიმრობაში იმყოფება.

7 ოქტომბერი, ქალაქი სიჩიოვკა, სმოლენსკის ოლქი. ადგილობრივმა პოლიციამ ნიღბებით შეიარაღებულ სპეცრაზმელებთან ერთად ჩხრეკა ჩაატარა ოთხ სახლში. დააპატიმრეს ორი და, 43 წლის ნატალია სოროკინა და 41 წლის მარია ტროშინა. ორი დღის შემდეგ ლენინსკის საოლქო სასამართლომ ამ დებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 2018 წლის 19 ნოემბრამდე. 2018 წლის 16 ნოემბერს კი, იმავე სასამართლომ დებს წინასწარი პატიმრობის ვადა სამი თვით, 2019 წლის 19 თებერვლამდე, გაუხანგრძლივა.

9 ოქტომბერი, ქალაქი კიროვი, კიროვის ოლქი. სულ მცირე, 19 სახლში მოეწყო რეიდი. დააკავეს ხუთი უხუცესი, რომელთაც წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მათგან ოთხი ძმა (მაქსიმ ხალტურინი, ვლადიმირ კორობეინიკოვი, ანდრეი სუვორკოვი და ევგენი სუვორკოვი) რუსეთის მოქალაქეა. ერთი კი, ანჯეი ონიშჩუკი, პოლონეთის მოქალაქეა. ძმა ონიშჩუკი მეორე უცხოელია დანიის მოქალაქე დენის კრისტენსენის შემდეგ, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ რწმენის გამო უსამართლოდ დააპატიმრა.

18 ოქტომბერი, ქალაქი დიურტიული, ბაშკირეთის რესპუბლიკა. პოლიციამ, სულ მცირე, 11 სახლში მოაწყო რეიდი. მათ ჩვენს და-ძმებს ჩამოართვეს ფული, საკრედიტო ბარათები, ფოტოსურათები, პირადი წერილები, კომპიუტერები, სიმ-ბარათები და მობილური ტელეფონები. დააპატიმრეს ანტონ ლემეშევი, რომელიც უხუცესად მსახურობს, და მოგვიანებით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. 2018 წლის 31 ოქტომბერს იგი ციხიდან გაათავისუფლეს და შინაპატიმრობა შეუფარდეს. იგი დღემდე შინაპატიმრობაში იმყოფება.

მართალია, პოლიციის მხრიდან რეიდებისა და პირადი ნივთების უკანონო ჩამორთმევის საფრთხე დღემდე არსებობს, მაგრამ ადგილობრივი და-ძმები კვლავაც გულმხურვალედ ლოცულობენ დაპატიმრებულთათვის. ისინი შეძლებისდაგვარად პრაქტიკულ დახმარებას უწევენ დაპატიმრებულებსა და მათი ოჯახის წევრებს. ჩვენი მსოფლიო საძმო არ წყვეტს ლოცვებს და იეჰოვას ავედრებს რუსეთში მცხოვრებ მის ერთგულ მსახურებს; ისინი ზოგ მათგანს სახელებითაც იხსენიებენ ლოცვებში (ეფესოელები 6:18).