არჩეულ მასალაზე გადასვლა

2021 წლის 1-ლ აპრილს მოსკოვში გაიმართა პრესკონფერენცია იეჰოვას მოწმეების ციმბირში გადასახლებიდან 70-ე წლისთავთან დაკავშირებით.

2021 წლის 5 აპრილი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

მოსკოვში „ოპერაცია ჩრდილოეთის“ განხორციელებიდან 70-ე წლისთავზე პრესკონფერენცია გაიმართა

დაახლოებით 10 000 იეჰოვას მოწმე ციმბირში გადაასახლეს

მოსკოვში „ოპერაცია ჩრდილოეთის“ განხორციელებიდან 70-ე წლისთავზე პრესკონფერენცია გაიმართა

2021 წლის 1-ლ აპრილს მოსკოვში „ოპერაცია ჩრდილოეთის“ 70-ე წლისთავთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. „ოპერაცია ჩრდილოეთის“ დროს, რომელიც 1951 წელს განხორციელდა, საბჭოთა კავშირის ექვსი ქვეყნიდან დაახლოებით 10 000 იეჰოვას მოწმე სატვირთო ვაგონებში შეყარეს და ციმბირში გადაასახლეს. რელიგიათმცოდნეებისა და ადამიანის უფლებათა დამცველებისგან შემდგარი ექვსკაციანი ჯგუფი მოხსენებებით წარდგა აუდიტორიის წინაშე. მათ ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხეს. გამომსვლელებმა არა მხოლოდ ქრონოლოგიურად გაიხსენეს აღნიშნული ისტორია, არამედ პარალელი გაავლეს იმდროინდელ მოვლენებსა და იეჰოვას მოწმეთა ამჟამინდელ დევნას შორის რუსეთში. კონფერენცია პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ინტერნეტით.

იაროსლავ სივულსკიმ, იეჰოვას მოწმეების ევროპული ასოციაციის წარმომადგენელმა, რომლის ოჯახიც ამ ოპერაციის დროს გადაასახლეს ციმბირში, ისაუბრა იმაზე, თუ როგორ სასტიკად ეპყრობოდნენ გზაში ხალხს. მან აღნიშნა: „არქივში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთლიანობაში 9 793 იეჰოვას მოწმე და მათი ოჯახის წევრი გადაასახლეს ციმბირში. ამ რიცხვში შედიან აგრეთვე აღნიშნული ოპერაციის დროს დაბადებულებიც და გარდაცვლილებიც“.

რუსმა რელიგიათმცოდნე სერგეი ივანენკომ ისაუბრა იეჰოვას მოწმეთა წინააღმდეგ მიმართული საბჭოთა პროპაგანდის როლზე „ოპერაცია ჩრდილოეთის“ დროს და ახლა, თანამედროვე რუსეთში მოწმეთა დევნების დროს. დეტალური მიმოხილვის შემდეგ ბატონმა ივანენკომ მოწმეების მოთმინებასა და ამტანობასაც გაუსვა ხაზი. მან განაცხადა: «იეჰოვას მოწმეთა წინააღმდეგ მიმართული სასტიკი პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება 2017 წლიდან მოყოლებული ახორციელებს, ყოვლად წარუმატებელია. ამაზე მოწმობს „ოპერაცია ჩრდილოეთის“ გამოცდილება და არსებული სიტუაციის ანალიზი, რის შედეგადაც კარგად ჩანს იეჰოვას მოწმეთა ურყევი პოზიცია — ბოლომდე დაიცვან თავიანთი რწმენა. ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთის მთავრობის მხრიდან გონივრული ქმედება იქნება, გადადგას გარკვეული ნაბიჯები იეჰოვას მოწმეებისთვის სამართლებრივი უფლებების დასაბრუნებლად».

ყაზახმა რელიგიათმცოდნე არტურ არტემიევმა, რომელიც ავტორია ნაშრომისა „იეჰოვას მოწმეები ყაზახეთში: სოციალურ-ისტორიული და რელიგიური ანალიზი“ (გადამუშავდა 2020 წელს), აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირის სასტიკმა მოპყრობამაც კი ვერ გატეხა იეჰოვას მოწმეები და მცირედაც კი ვერ გაანელა მათი სულისკვეთება. პირიქით, მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა საბჭოთა რეჟიმის დროს. მსგავსი მოსაზრება გამოთქვა მოსკოვ-ჰელსინკის ჯგუფის წევრმა, ადამიანის უფლებათა დამცველმა, ვალერი ბორჩევმა: „დევნა მხოლოდ მოწმეთა გაძლიერებას ემსახურება. ხელისუფლებამ ეს უნდა იცოდეს“.

ვალენტინა გეფტერმა, რუსეთში ადამიანის უფლებათა საგამოძიებო კომისიის დაქვემდებარებაში მყოფი ექსპერტთა საბჭოს წევრმა, ისაუბრა, „თუ საიდან გაჩნდნენ სინდისის პატიმრები თანამედროვე რუსეთში“. სინამდვილეში, რუსეთში დაპატიმრებული იეჰოვას მოწმეები სინდისის პატიმრები არიან და არა პოლიტიკური პატიმრები. ქალბატონმა გეფტერმა ხაზგასმით აღნიშნა: „მოწმეები მთავრობის წინააღმდეგ არ იბრძვიან“. მან ახსნა, რომ მოწმეებს, თავიანთი მრწამსიდან გამომდინარე, პოლიტიკურად ნეიტრალური პოზიცია უჭირავთ. შესაბამისად, უფლებამოსილი პირები მათ უსამართლოდ და უსაფუძვლოდ აპატიმრებენ.

დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა ადამიანის უფლებათა დაცვის საპრეზიდენტო საბჭოს წევრმა და საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის, „სოვა“-ს, დირექტორმა, ალექსანდრე ვერხოვსკიმ. ეს ცენტრი აქტიურ მონიტორინგს ახორციელებს ექსტრემიზმის შესახებ კანონის არასწორად გამოყენების ყველა ფაქტზე, მათ შორის იეჰოვას მოწმეებთან დაკავშირებულ შემთხვევებზე. მან ანალიზი გააკეთა რუსეთში იეჰოვას მოწმეთა მიმდინარე დევნასთან დაკავშირებით. „შეწყდება რუსეთში მოწმეების წინააღმდეგ მიმართული კამპანია? ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, რაზეც პასუხი არ გაგვაჩნია“. ბატონი ვერხოვსკი მიიჩნევს, რომ ადრე თუ გვიან რუსეთმა აუცილებლად უნდა შეწყვიტოს მოწმეების დევნა. მან რამდენიმე რჩევა შესთავაზა კანონმდებლებს, თუ როგორ შეუძლიათ შეიტანონ ცვლილებები კანონში ექსტრემიზმის წინააღმდეგ ისე, რომ სახელმწიფო დაცული იყოს რეალური ექსტრემიზმისგან და ამას არ შეეწიროს მშვიდობიანი მორწმუნე ხალხის, მაგალითად იეჰოვას მოწმეების უფლებები.

მასმედიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, კითხვები დაესვათ მომხსენებლებისთვის.

იმავე დღეს მოლდოვას დედაქალაქ კიშინიოვში აკადემიური კონფერენცია გაიმართა მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის, ბალტის ალეკუ რუსოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კაჰულის ბოგდან პეტრიჩეიკუ ჰაშდეს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით. კიდევ ერთი კონფერენცია გაიმართება უკრაინაში 9 აპრილს.