არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარჯვნიდან მარცხნივ: (ზემოთ) ძმები, ანდრეი ტაბაკოვი, მიხაილ ზელენსკი; (ქვემოთ) ძმები, ალექსანდრე განინი, ხორენ ხაჩიკიანი; ცოლ-ქმარი, სერგეი და ნატალია მისინები

2020 წლის 2 ოქტომბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ოთხ ძმასა და ერთ წყვილს შვიდწლიანი პატიმრობა ემუქრებათ რუსეთში

ოთხ ძმასა და ერთ წყვილს შვიდწლიანი პატიმრობა ემუქრებათ რუსეთში

სავარაუდო სასჯელი

2020 წლის 5 ოქტომბერს a ქალაქ ულიანოვსკში მდებარე ზასვიაჟსკის რაიონული სასამართლო განაჩენს გამოაცხადებს ძმების, ალექსანდრე განინის, ხორენ ხაჩიკიანის, ანდრეი ტაბაკოვისა და მიხაილ ზელენსკის, აგრეთვე ცოლ-ქმრის, სერგეი და ნატალია მისინების, საქმესთან დაკავშირებით. თითოეულ მათგანს სამიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამასთანავე, პროკურატურა ითხოვს, რომ მოხდეს მათ საკუთრებაში არსებული ავტომობილებისა და თანხის კონფისკაცია, რომელთა საერთო რაოდენობაც 1,57 მილიონ რუბლს (20 000 აშშ. დოლარი) შეადგენს.

ზოგადი ინფორმაცია

ალექსანდრე განინი

  • დაიბადა: 1957 წელს (ეხაბი, სახალინის კუნძული)

  • ბიოგრაფია: 20 წელზე მეტია, რაც იეჰოვას მოწმეა. ამჟამად პენსიონერია. უყვარს მებაღეობა.

ხორენ ხაჩიკიანი

  • დაიბადა: 1985 წელს (ერევანი, სომხეთი)

  • ბიოგრაფია: პროფესიით ეკონომისტი. მოზარდობისას იყო მოჭიდავე და მონაწილეობდა შეჯიბრებებში. იცნობენ, როგორც თავმდაბალ და კეთილ ადამიანს.

  • იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო, რადგან სურდა, უკეთ გაეცნო ღმერთი და ეცხოვრა მისი მცნებების თანახმად. აფასებს იმას, რომ ბიბლიაში საკითხები ლოგიკურად არის გადმოცემული და ის არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ აზრებს.

სერგეი მისინი

  • დაიბადა: 1965 წელს (კულებაკი, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი)

  • ბიოგრაფია: საინჟინროზე სწავლობდა, როცა გაიცნო ნატალია. ისინი 1991 წელს დაქორწინდნენ. 20 წელზე მეტია, რაც ერთად ემსახურებიან იეჰოვას. ჰყავთ ორი სრულწლოვანი შვილი. უყვარს სპორტული თამაშები, განსაკუთრებით, ლაკროსი.

ნატალია მისინა

  • დაიბადა: 1971 წელს (ლენინგრადი, ამჟამად სანკტ-პეტერბურგი)

  • ბიოგრაფია: დაიბადა სამხედრო მოსამსახურის ოჯახში. კოლეჯის დამთავრებამდე ცხოვრობდა გერმანიაში. პროფესიით ფარმაცევტია. უყვარს კულინარია.

ანდრეი ტაბაკოვი

  • დაიბადა: 1973 წელს (მინსკი, ბელორუსია)

  • ბიოგრაფია: მუშაობს საინფორმაციო ტექნოლოგიის სფეროში. 2006 წელს იქორწინა მარინაზე. მათ იეჰოვას მოწმეებთან შეისწავლეს ბიბლია და მოინათლნენ. უყვარს ელექტრონული მოწყობილობების შეკეთება, განსაკუთრებით, რადიოების და კომპიუტერების.

მიხაილ ზელენსკი

  • დაიბადა: 1960 წელს (ბულეიეშტი, მოლდოვა)

  • ბიოგრაფია: მუშაობდა მეზღვაურად და სატვირთოს მძღოლად. 1989 წელს იქორწინა ვიქტორიაზე. მათ ბიბლიის შესწავლა დაიწყეს 1990-იანი წლების დასაწყისში. მთელი გულით შეიყვარეს იეჰოვა და მოინათლნენ.

სასამართლო საქმე

დაახლოებით სამი წლის წინ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა დაიწყეს ქალაქ ულიანოვსკში მცხოვრები და-ძმების სატელეფონო საუბრების ფარული მოსმენა და ჩანაწერების გაკეთება. 2019 წლის 24 თებერვალს ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო ცოლ-ქმრის, სერგეი და ნატალია მისინების, აგრეთვე ძმების, ხორენ ხაჩიკიანის, ანდრეი ტაბაკოვისა და მიხაილ ზელენსკის, წინააღმდეგ.

სამი დღის შემდეგ, დილის 5 საათზე პოლიციელებმა ჩხრეკა ჩაატარეს ძმების, ხორენ ხაჩიკიანის, ანდრეი ტაბაკოვისა და მიხაილ ზელენსკის, სახლებში. სამივე ძმა დააკავეს და წინასწარი პატიმრობის იზოლატორში გადაიყვანეს. იმავე დილით და ნატალია მისინას დაურეკეს და შეატყობინეს, რომ მისი ავტომობილი დაზიანებული იყო და ნატალიას და მის ქმარს, სერგეის, გარეთ გასვლა სთხოვეს. როგორც კი ძმა სერგეიმ კარი გააღო, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები მათ ბინაში შეიჭრნენ; ჩხრეკა ჩაატარეს და სახლიდან წაიღეს ელექტრონული მოწყობილობები, ცოლ-ქმარი კი დააკავეს.

მეორე დღეს ქალაქ ულიანოვსკში მდებარე ლენინსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ძმა სერგეი მისინი მოათავსეს წინასწარი პატიმრობის იზოლატორში. და ნატალიას და სამ ძმას შინაპატიმრობა შეუფარდეს.

სერგეი მისინმა წინასწარი პატიმრობის იზოლატორში მთლიანობაში 55 დღე დაჰყო, ხოლო შინაპატიმრობაში — 123; და ნატალიამ და ძმებმა, ხორენ ხაჩიკიანმა, ანდრეი ტაბაკოვმა და მიხაილ ზელენსკიმ 50-დან 55 დღემდე გაატარეს შინაპატიმრობაში.

2019 წლის 15 მაისის დილას ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრებმა ჩხრეკა ჩაატარეს ძმა ალექსანდრე განინის სახლში და დააკავეს ის. მან ორი დღე გაატარა დროებითი მოთავსების იზოლატორში.

ამჟამად ექვსივე მაუწყებელი მინიმალური შეზღუდვების ქვეშ იმყოფება. თუმცა ხელისუფლება კვლავ განაგრძობს მათზე ზეწოლას სხვა მეთოდებით. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სერგეი და ნატალია მისინებს და ძმა ანდრეი ტაბაკოვს დაუბლოკა საბანკო ანგარიშები. მათ ანგარიშებზე აქვთ დაახლოებით 500 000 რუბლის (6 313 აშშ დოლარი) და 600 000 რუბლის (7 575 აშშ დოლარი) ოდენობით თანხა.

მხურვალედ ვლოცულობთ რუსეთში მცხოვრები ჩვენი და-ძმებისთვის, რომ მტკიცედ დაუდგნენ რწმენის გამოცდებს. გვჯერა, მათ აძლიერებთ ფსალმუნმომღერლის სიტყვები: „ღმერთია ჩვენი თავშესაფარი და ძალა, შემწე, რომელიც უსათუოდ შეგვეწევა გაჭირვების ჟამს“ (ფსალმუნი 46:1).

[სქოლიო]

a შესაძლოა შეიცვალოს