13 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ, 2024
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ოლგა ივანოვა ციხიდან გაათავისუფლეს
2024 წლის 11 ივნისს ოლგა ივანოვა ქალაქ ზელენოკუმსკში არსებული შრომა-გასწორების კოლონიიდან გაათავისუფლეს. ის დამნაშავედ 2021 წლის 25 ოქტომბერს ცნეს და სამი წლითა და ექვსი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. იმის გათვალისწინებით, რომ განაჩენის გამოტანამდე ოლგას შინაპატიმრობაში ერთი წელი და ოთხი თვე ჰქონდა გატარებული, მან სასჯელი სრულად მოიხადა. მისი ქმარი, ევგენიც იმავე სასამართლო პროცესზე ცნეს დამნაშავედ. ის ახლა რვა-წლიან სასჯელს იხდის ციხეში.
პატიმრობაში ყოფნისას ოლგას აიძულებდნენ მძიმე ფიზიკური სამუშაო შეესრულებინა. ხშირად ეს სამუშაო კვირაში ექვსი დღის მანძილზე დღეში თორმეტ საათს გრძელდებოდა. პერიოდულად ოლგა რუსეთის სხვადასხვა საპატიმროში გადაჰყავდათ, რის გამოც მის ქვრივ დედას, სვეტლანას, მისი მონახულება უჭირდა. სვეტლანა გვიზიარებს, როგორ გრძნობდა იმ პერიოდში იეჰოვას მხარდაჭერას: „ყოველ ჯერზე, როცა ოლგა სხვა ქალაქში გადაჰყავდათ, ადგილობრივი და-ძმები მის საჭიროებებზე ზრუნვას იწყებდნენ. ისინი საათობით იდგნენ რიგში, რომ ოლგასთვის საჭმელი და საჭირო ნივთები შეეგზავნათ და ცდილობდნენ, თუ შესაძლებლობა მიეცემოდათ, მოენახულებინათ კიდეც. ამას გარდა, და-ძმები ჩემზეც ზრუნავდნენ. როდესაც ოლგას სანახავად მივემგზავრებოდი, ყველაფრით მეხმარებოდნენ. ღამის გასათევსაც კი მთავაზობდნენ. გასაოცარი იყო მათი თანადგომა!“.
ვემადლიერებით იეჰოვას, ასე რომ ზრუნავდა ოლგაზე პატიმრობის პერიოდში. ამავდროულად ვლოცულობთ ოლგას ქმრისთვის, ევგენისთვის და ყველა იმ და-ძმისთვის, ვინც პატიმრობაშია. გვჯერა, რომ იეჰოვა კვლავაც გამოავლენს მათდამი სიყვარულს (დაბადება 39:21).