2018 წლის 8 მაისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ორიოლის სასამართლო დენის კრისტენსენის საქმეზე პირველ ჩვენებას ისმენს
2018 წლის 23 აპრილს განახლდა დენის კრისტენსენის სასამართლო პროცესი ორიოლის ოლქში მდებარე ჟელეზნოდოროჟნის რაიონულ სასამართლოში. დანიის მოქალაქე დენის კრისტენსენი, რომელიც იეჰოვას მოწმეა, 2017 წლის მაისში დააკავეს, როდესაც რელიგიურ შეხვედრას ესწრებოდა. იგი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც დღემდე იმყოფება.
პროკურორმა, ბატონმა ფომინმა, დენის კრისტენსენს ბრალი დასდო ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობის ხელშეწყობაში; საუბარია იეჰოვას მოწმეების ადგილობრივ რელიგიურ ორგანიზაციაზე ორიოლში, რომლის ლიკვიდაციაც 2016 წლის ივნისში მოხდა უსამართლო ბრალდებების საფუძველზე. კრისტენსენის ადვოკატებმა უარყვეს წაყენებული ბრალდებები, ვინაიდან ორიოლში იეჰოვას მოწმეთა კრება იურიდიული პირი კი არ არის, არამედ მშვიდობიან თაყვანისმცემელთა ჯგუფი, რომლის წევრებიც ბიბლიის შესასწავლად იკრიბებიან. მისმა ადვოკატებმა მოიშველიეს რუსეთის უფლებამოსილი პირების განაცხადი იმის თაობაზე, რომ რუსეთის მთავრობას არ აუკრძალავს იეჰოვას მოწმეების რელიგია, და რომ რუსეთის კონსტიტუცია იცავს რელიგიური მრწამსის თავისუფლად გამოხატვის უფლებას. a აქედან გამომდინარე, როდესაც დენის კრისტენსენი რელიგიურ მსახურებაში იღებდა მონაწილეობას, იგი უბრალოდ საკუთარი რწმენის თანახმად მოქმედებდა.
ჩვენებების მოსმენა 2018 წლის 24 აპრილს დაიწყო. პროკურორმა თავდაპირველად მოწმედ ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი გამოიძახა. მან დაადასტურა, რომ 2017 წლიდან ორიოლის სამეფო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეო ჩანაწერებს აკეთებდა. მაგრამ ვერაფერი თქვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა დარბაზის შიგნით, ვინაიდან კადრებში მხოლოდ ის ფაქტები იყო დაფიქსირებული, თუ როგორ თბილად ესალმებოდა დენის კრისტენსენი დარბაზში მისულ ხალხს. პროკურორმა შემდეგ მოწმედ გამოიძახა ერთ-ერთი ადგილობრივი ქალბატონი, რომელიც ადრე იეჰოვას მოწმეების შეხვედრებს ესწრებოდა ორიოლში. მაგრამ ამ ქალბატონმა ვერაფერი თქვა კრისტენსენის საქმიანობაზე, ვინაიდან იგი შეხვედრებს ორიოლში ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაციის ლიკვიდაციამდე ესწრებოდა.
მომდევნო დღეს პროკურორმა მოწმედ გამოიძახა ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე, 78 წლის ქალბატონი. დაკითხვის დროს, რომელიც საათ-ნახევარი გაგრძელდა, პროკურორი ცდილობდა, მოწმის ჩვენებაში რაიმე „ფაქტი“ ეპოვა, რასაც ბრალდებულის წინააღმდეგ გამოიყენებდა. ქალბატონი მხოლოდ იმას ამტკიცებდა, რომ მოწმეებს არც დირექტორები ჰყავთ და არც ლიდერები, და რომ ისინი რელიგიურ შეხვედრებზე არასოდეს იყენებენ რუსეთის ფედერაციაში აკრძალულ რელიგიურ პუბლიკაციებს.
მოწმეთა მოსმენა განახლდება 2018 წლის 14 მაისს და გაგრძელდება რამდენიმე დღე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დენის კრისტენსენს ექვსიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მთელ მსოფლიოში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები თვალყურს ადევნებენ მიმდინარე მოვლენებს. მათ ძალიან აღელვებთ დენის კრისტენსენისა და მისი მეუღლის, ირინას, მდგომარეობა.
a ორიოლის ოლქში იეჰოვას მოწმეების ადგილობრივი ორგანიზაციის აკრძალვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების მხარდასაჭერად უზენაესმა სასამართლომ განაცხადა: „ამ რელიგიური ჯგუფის წევრების უფლება, მონაწილეობა მიიღონ საკუთარი ნებით არჩეული რელიგიის საქმიანობაში, დაცული იქნება იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას ექსტრემისტული შინაარსის რელიგიური ლიტერატურის გავრცელებაში“.