არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნიდან მარჯვნივ: ძმა ვლადიმერ ხოხლოვი, დები ტატიანა შამშევა და ოლგა სილაევა, ძმა ედუარდ ჟინჟიკოვი

2020 წლის 3 სექტემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ორი ძმა და ორი და დამნაშავეებად ცნეს რწმენის საფუძველზე

ორი ძმა და ორი და დამნაშავეებად ცნეს რწმენის საფუძველზე

განაჩენი

2020 წლის 3 სექტემბერს, ნოვოზიბკოვის საქალაქო სასამართლომ (ბრიანსკის ოლქი) განაჩენი გამოუტანა ძმებს, ვლადიმერ ხოხლოვსა და ედუარდ ჟინჟიკოვს, აგრეთვე დებს ტატიანა შამშევას და ოლგა სილაევას. მათი სასჯელის ვადა მერყეობს 12-დან 15 თვემდე. მაგრამ სასამართლომ ისინი გაათავისუფლა პატიმრობიდან იმის გამო, რომ მათ აღნიშნული ხანგრძლივობის დრო უკვე გატარებული ჰქონდათ წინასწარი დაკავების იზოლატორში.

ზოგადი ინფორმაცია

ვლადიმერ ხოხლოვი

  • დაიბადა: 1977 წელს (ნოვოზიბკოვი, ბრიანსკის ოლქი)

  • ბიოგრაფია: პროფესიით მექანიკოსია. სანამ იეჰოვას მოწმე გახდებოდა, გაიარა სამხედრო სამსახური. უყვარს ფეხბურთის თამაში, თევზაობა, კითხვა და გიტარაზე დაკვრა.

  • ბიბლიის კითხვისა და გამოკვლევისკენ მეგობარმა აღძრა. 2007 წელს დაქორწინდა ოლგაზე. ჰყავთ ქალიშვილი, ანასტასია. მთელი ოჯახი ერთად ემსახურება იეჰოვას.

ტატიანა შამშევა

  • დაიბადა: 1977 წელს (ჩერეპოვეცი, ვოლოგდას ოლქი)

  • ბიოგრაფია: ეკონომისტი. წლების განმავლობაში შეისწავლა ეკონომიკა, სამართალი და ბუღალტერია. მოინათლა 1995 წელს. სიამოვნებას ანიჭებს, როცა სხვების ყურადღებას ბიბლიის ბრძნული რჩევებისკენ მიმართავს.

ოლგა სილაევა

  • დაბადა: 1988 წელს (დავიდოვო, მოსკოვის ოლქი)

  • ბიოგრაფია: სამი დედმამიშვილიდან უმცროსია. დაამთავრა ტექნიკური კოლეჯი. უყვარს ქარგვა, კითხვა და ფრენბურთის თამაში. ბიბლიისადმი ინტერესი დედამ გაუჩინა. ცხოვრობს ბიბლიური პრინციპების თანახმად.

ედუარდ ჟინჟიკოვი

  • დაიბადა: 1971 წელს (ნოვოზიბკოვი, ბრიანსკის ოლქი)

  • ბიოგრაფია: მუშაობდა შემდუღებლად და დარაჯად. დასაქმებული იყო ერთ-ერთ პოლიციელთან. იყო მუსიკალური ბენდის წევრი. დაქორწინდა თავისივე ბენდის წევრზე, ტატიანაზე 1993 წელს. უყვარს ლექსების წერა და გიტარაზე დაკვრა.

  • 1990-იანი წლების ბოლოს დაიწყო ბიბლიის შესწავლა, რის შედეგადაც ბევრ კითხვაზე მიიღო პასუხი. ამან აღძრა, მოეშორებინა ცუდი ჩვევები და ოჯახზე უკეთ ეზრუნა. მისმა საქციელმა ტატიანა გააოცა. ბიბლიის შესწავლა მანაც დაიწყო და იეჰოვას მოწმე გახდა.

სასამართლო საქმე

2019 წლის 11 ივნისს, სამართალდამცავებმა ბრიანსკის ოლქში იეჰოვას მოწმეთა 22 სახლი გაჩხრიკეს. დააპატიმრეს დები ტატიანა შამშევა და ოლგა სილაევა. თითოეულმა 245 დღე გაატარა წინასწარი დაკავების იზოლატორში. 2020 წლის მაისში ისინი გაათავისუფლეს. სასამართლოს მოლოდინში მათ თავიანთ ოჯახებში ყოფნის ნება დართეს.

2019 წლის 16 ოქტომბერს, სამართალდამცავებმა საქმე აღძრეს ძმების, ვლადიმერ ხოხლოვისა და ედუარდ ჟინჟიკოვის წინააღმდეგ. მოგვიანებით მათი საქმე დების, ტატიანა შამშევასა და ოლგა სილაევას, საქმესთან გააერთიანეს. შვიდი დღის შემდეგ ძმები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც დღემდე რჩებიან.

ტატიანასგან და ოლგასგან აღებული ინტერვიუები წარმოდგენილი იყო ხელმძღვანელი საბჭოს მე-5 ანგარიშში. და ოლგა სილაევამ აღნიშნა, რომ პატიმრობაში გატარებულმა რვა თვემ კიდევ უფრო მეტად დაარწმუნა იმაში, რომ იეჰოვა ურთულეს სიტუაციებშიც არ ტოვებს თავის მსახურებს და ყოველთვის აძლევს საჭირო ძალას სირთულეების ასატანად. და ტატიანა შამშევამ მტკიცედ განაცხადა: „იეჰოვა ჩვენთან ყოველთვის ახლოსაა, ის ყოველთვის მხარს გვიჭერს, გვაძლიერებს და გვეხმარება“.

გვჯერა, რომ იეჰოვა კვლავაც დაეხმარება რუსეთში დაპატიმრებულ ჩვენს და-ძმებს და მათ, ვინც ამ საშიშროების წინაშე დგას, სიხარულით აიტანონ განსაცდელები და არ დაკარგონ სიმხნევე (1 კორინთელები 10:13).