2021 წლის 15 ნოემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ოჯახის წევრების მაგალითი ძალას მატებს ჩვენს ძმებს
რუსეთში მრავალი ჩვენი და-ძმა ხდება დევნის მსხვერპლი, რომელთა შორის არიან ოლეგ დანილოვი და ვლადიმერ ერმოლაევი. ამ ძმებს მდიდარი სულიერი მემკვიდრეობა აქვთ, რაც მათ სიმტკიცეს და გაბედულებას მატებს.
ოლეგ დანილოვი
ოლეგის პაპა-ბებია, ფიოდორ და ეკატერინე რიგელები, 1958 წელს მოინათლნენ, როცა საბჭოთა კავშირი იეჰოვას მოწმეებს დევნიდა. ოფიცრებმა რიგელების სახლიც გაჩხრიკეს, ქონება ჩამოართვეს და ფიოდორს ჯარიმა დააკისრეს. ამის მიუხედავად, ფიოდორი თავის ოჯახთან ერთად მაინც ახერხებდა, კარგ სულიერ ფორმაში ყოფილიყო.
მოზარდობის დროს ფიოდორის და ეკატერინეს შვილები, ალფრედი და ელაც (ოლეგის დედა), ხვდებოდნენ წინააღმდეგობას, თუმცა მათ ამან რწმენა ვერ შეურყია. როცა ალფრედი ჯარში გაიწვიეს, მან მტკიცე უარი განაცხადა, რის გამოც სამი წლით ციხეში ჩასვეს.
დღეს ოლეგსაც სამი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. 2021 წლის მარტიდან მოყოლებული ის ციხეში ზის. მას ჰყავს მეუღლე, ნატალია, და ორი ბიჭი, ილია და ნიკიტა. დანილოვებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ, ოლეგის პაპა-ბებიისა და ბიძის მსგავსად, იეჰოვა მათაც ყველაფრის ატანის ძალას მისცემს.
ოლეგი აღნიშნავს: „ხშირად ვფიქრობ საბჭოთა კავშირის დროს მცხოვრებ ჩემს ოჯახის წევრებსა და სხვა და-ძმებზე, რომლებმაც დევნაც აიტანეს და თან არც სიხარული დაკარგეს. იეჰოვას მართლაც განუზომლად დიდი ძალა აქვს. დარწმუნებული ვარ, მისი დახმარებით მეც და ჩემი ოჯახიც ავიტანთ დევნას და არც სიხარულს დავკარგავთ“.
ვლადიმერ ერმოლაევი
ვლადიმერის ბებიამ, ანა ერმოლაევამ, ჭეშმარიტება 1953 წელს გაიგო. თავის სოფელში, სერებროვოში (ირკუტსკის ოლქი), ის პირველი იეჰოვას მოწმე იყო, ამიტომ ადგილობრივებისგან დიდ წინააღმდეგობას შეხვდა. მას საკუთარი დედაც კი აუმხედრდა და მას შემდეგ აღარც დალაპარაკებია.
როცა ხელისუფლების წარმომადგენლების ყურამდე მივიდა, რომ ანა ხალხს უქადაგებდა, მისთვის შვილის წართმევა მოინდომეს. მათი ბრალდების მიხედვით, ანა თავისი ვაჟისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.
ანას კრებიდან და-ძმებმა წერილობითი მიმართვა გაუგზავნეს ხელისუფლებას, სადაც მას სამაგალითო დედად ახასიათებდნენ. წერილი ერთმა ძმამ ჩაიტანა მოსკოვში. საბჭოთა კავშირის იმდროინდელმა ლიდერმა, ნიკიტა ხრუშჩოვმა, ამ საქმის გამოძიება ბრძანა. საბედნიეროდ, ანას ბრალდება მოუხსნეს და აღარ ჩამოართვეს მეურვეობის უფლება.
ანას ქალიშვილიც ჰყავდა, სახელად ნადეჟდა. 1970 წელს ის მუცლის მწვავე ტკივილით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა მაშინვე ოპერაციის გაკეთება დაიწყეს ისე, რომ ჯერ ზუსტი დიაგნოზიც არ ჰქონდათ დასმული. მათ დაიჟინეს, რომ სისხლის გადასხმა იყო საჭირო, თუმცა დედაც და შვილიც თავიანთი რწმენის გამო უარს ამბობდნენ ამაზე. ექიმები მათი სურვილის წინააღმდეგ წავიდნენ და მაინც გადაუსხეს სისხლი ნადეჟდას, თანაც არათავსებადი. სამწუხაროდ, ის მალევე დაიღუპა. თავიანთი შეცდომა რომ დაეფარათ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ გაზეთში ანაზე დაწერეს, რომ „მან შვილი გაწირა“.
მოვლენების ასე ტრაგიკულმა განვითარებამ ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა ანას მეუღლეზე. მართალია, ის ანას აქამდეც აძლევდა იმის უფლებას, რომ ბიბლიური პრინციპებით აღეზარდა ბავშვები, მაგრამ თვითონ არ იზიარებდა მეუღლის რწმენას. თუმცა მას შემდეგ, რაც დაინახა, როგორ უჭერდნენ მხარს ამ რთულ პერიოდში მათ ოჯახს ანას თანამორწმუნეები, ბიბლიის შესწავლის დაწყება გადაწყვიტა. მოგვიანებით ის იეჰოვას მოწმე გახდა.
ანა და ვალენტინი თავიანთ ვაჟს, ვლადიმერს, კვლავაც ბიბლიური პრინციპებით ზრდიდნენ. მოგვიანებით ვლადიმერმა ერთ ღვთის ერთგულ დაზე, ლიუბოვზე, იქორწინა. მათ ვაჟი ეყოლათ და მასაც ვლადიმერი დაარქვეს. იეჰოვას სიყვარული თავიანთ შვილს მათაც პატარაობიდანვე ჩაუნერგეს.
2020 წლის თებერვალში სამართალდამცავები უკვე მათი შვილის, ვლადიმერის და მისი მეუღლის, ვალერიას, სახლში შეიჭრნენ. ვლადიმერი დააპატიმრეს, შემდეგ კი თითქმის ორ თვემდე შინაპატიმრობაში ჰყავდათ. მას აკრძალული ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზება ედება ბრალად. თუ ვლადიმერს დამნაშავედ ცნობენ, მას შეიძლება 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს. ვლადიმერი ცდილობს, ნაკლებად იფიქროს თავის სასამართლო საქმეზე და მთელი ყურადღება მშობლებისა და პაპა-ბებიის მაგალითებზე გადაიტანოს.
„ჩვენი მამის სახელის გამო დევნის ატანა, ჩემთვის დიდი პატივია. სირთულეები ჩემმა მშობლებმა და პაპა-ბებიამაც გადაიტანეს, თუმცა ღვთისადმი ერთგულება შეინარჩუნეს. მჯერა, რომ ამას მეც შევძლებ!“ — აღნიშნავს ვლადიმერი.
ოლეგის და ვლადიმერის მსგავსად, რუსეთში მცხოვრები მრავალი იეჰოვას მოწმე ძალიან აფასებს იმ სულიერ მემკვიდრეობას, რომელიც თავიანთი ოჯახის წევრებისგან მიიღეს. იფიქრეთ ღვთის იმ ერთგულ მსახურებზე, რომლებმაც უკვე დაუმტკიცეს ღმერთს ერთგულება ან ახლა უწევთ დევნის ატანა, და მათ „მიჰბაძეთ რწმენაში“ (ებრაელები 13:7).