არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 29 მაისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

რუსეთში, ქალაქ ორიოლში, პოლიციამ იეჰოვას მოწმეების რელიგიური შეხვედრა დაარბია და დანიის მოქალაქე დააპატიმრა

რუსეთში, ქალაქ ორიოლში, პოლიციამ იეჰოვას მოწმეების რელიგიური შეხვედრა დაარბია და დანიის მოქალაქე დააპატიმრა

2017 წლის 25 მაისს კბილებამდე შეიარაღებულმა პოლიციის ოფიცრებმა და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ფე-ეს-ბე) თანამშრომლებმა ქალაქ ორიოლში (რუსეთი) იეჰოვას მოწმეების მშვიდობიანი რელიგიური შეხვედრა ჩაშალეს. დაახლოებით ერთი წლის წინ, 2016 წლის 14 ივნისს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ექსტრემიზმის ბრალდებით ქალაქ ორიოლში იეჰოვას მოწმეების ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაციის ლიკვიდაცია მოახდინეს. ამიტომ უფლებამოსილმა პირებმა განაცხადეს, რომ მოწმეებს ბრალს წაუყენებენ სისხლის სამართლებრივ დანაშაულში იმის გამო, რომ აგრძელებენ „ექსტრემისტულ“ საქმიანობას. გარდა ამისა, სამართალდამცავებმა ჩაიწერეს მათი პირადი მონაცემები, ვინც ზემოხსენებულ რელიგიურ შეხვედრას ესწრებოდა. მოწმეებს ჩამოართვეს ელექტრონული მოწყობილობები. მოგვიანებით ქალაქ ორიოლში მცხოვრები იეჰოვას მოწმეების სახლებიც გაჩხრიკეს.

სამართალდამცავებმა მამაკაცები, რომლებიც ორიოლის კრების წევრები არიან, მათ შორის, დანიის მოქალაქე დენის კრისტენსენი, რომელიც უხუცესად მსახურობს, დააკავეს და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის განყოფილებაში გადაიყვანეს. დენის კრისტენსენი დღემდე პატიმრობაში იმყოფება. პროკურორმა დაუყოვნებლივ მიმართა შუამდგომლობით სოვიეტსკის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა, რომ დენის კრისტენსენი წინასწარ პატიმრობაში დატოვოს, ვიდრე უსაფრთხოების სამსახური შეაგროვებს სამხილებს და მოძებნის მოწმეებს, რათა სასამართლოში საქმის განხილვა დაიწყოს. მოსამართლე სვეტლანა ნაუმოვამ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და დენის კრისტენსენს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამ გადაწყვეტილებას მოწმეები დღეს გაასაჩივრებენ. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 6-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება სისხლის სამართლის კოდექსის 282-ე მუხლის მე-2 პუნქტის 1-ლი ნაწილის თანახმად.

იეჰოვას მოწმეთა ჯგუფი, რომელიც ქალაქ ორიოლში რელიგიურ შეხვედრას ატარებდა, არ არის იურიდიული პირი. რუსეთის უფლებამოსილი პირების ამ ქმედებებმა გამოააშკარავა, რომ მათ სამიზნეს მხოლოდ იეჰოვას მოწმეების ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაციები კი არ წარმოადგენს, არამედ მათი რელიგიური მსახურებაც. მსგავსი რამ მოხდა ქალაქ ტაგანროგშიც, სადაც უფლებამოსილმა პირებმა ჯერ ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაციის ლიკვიდაცია მოახდინეს, შემდეგ კი 16 იეჰოვას მოწმეს, რომლებიც თაყვანისცემის მიზნით იკრიბებოდნენ, ექსტრემიზმში დასდეს ბრალი. 2015 წლის ნოემბერში ყველა მათგანი დამნაშავედ ცნეს, პატიმრობა შეუფარდეს და ფულადი ჯარიმა დააკისრეს. თუმცა განაჩენის აღსრულება გადაიდო. ამ საქმის განხილვა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმდინარეობს.