2017 წლის 26 მაისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
რუსეთის პოლიციამ იეჰოვას მოწმეების ქრისტიანული შეხვედრა დაარბია და დანიის მოქალაქე დენის კრისტენსენი დააპატიმრა
ნიუ-იორკი — 2017 წლის 20 აპრილს რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს მიერ იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება უარყოფითად აისახა მათზე. მაგალითად, 2017 წლის 25 მაისს რუსეთის პოლიციამ დაარბია მოწმეების მშვიდობიანი რელიგიური შეხვედრა და დანიის მოქალაქე რუსეთის მოქალაქეებთან ერთად დააპატიმრა.
ქალაქ ორიოლში (ნაჩვენებია პირველ სურათზე) დაახლოებით 15-მა შეიარაღებულმა პოლიციის ოფიცერმა და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ფე-ეს-ბე) თანამშრომლებმა იეჰოვას მოწმეების მშვიდობიანი რელიგიური შეხვედრა დაარბიეს. პოლიციის თანამშრომლებმა ყველა დამსწრის პირადი მონაცემები ჩაიწერეს და მათ ელექტრონული მოწყობილობები ჩამოართვეს. გარდა ამისა, ფე-ეს-ბეს თანამშრომლებმა ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე დენის კრისტენსენი დააკავეს, რომელიც დანიის მოქალაქეა. მალევე პოლიციამ ქალაქ ორიოლში 4 იეჰოვას მოწმის სახლი გაჩხრიკა.
დენის კრისტენსენი ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის განყოფილებაში ერთი დღით ჰყავდათ დაკავებული; მეორე დღეს სოვიეტსკის საოლქო სასამართლომ დააკმაყოფილა ფე-ეს-ბეს მოთხოვნა და კრისტენსენს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული საქმის თაობაზე მიმდინარეობს გამოძიება. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე დენის კრისტენსენი მთავრობის მიერ მოწმეებზე განხორციელებული თავდასხმების მსხვერპლი გახდა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დენის კრისტენსენს ხანგრძლივი ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მთავრობისა თუ სხვების ინიციატივით იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ თავდასხმის 40-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც რუსეთის უზენაესმა სასამართლომ იეჰოვას მოწმეები ექსტრემისტებად გამოაცხადა და რუსეთში მათი ადმინისტრაციული ცენტრისა და 395 ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაციის ლიკვიდაცია მოახდინა.
უზენაესი სასამართლოს მიერ 20 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში ბოროტმოქმედებმა ვანდალური თავდასხმა განახორციელეს სანქტ-პეტერბურგში მდებარე იეჰოვას მოწმეების თაყვანისცემისთვის განკუთვნილ ყველაზე დიდ შენობაზე და ზოგიერთ მოწმეს დაემუქრნენ კიდეც. ბოროტმოქმედებმა აგრეთვე დააზიანეს იეჰოვას მოწმეების თაყვანისცემისთვის განკუთვნილი სხვა შენობები და მათი სახლები კალინინგრადში, მოსკოვში, პენზაში, როსტოვში, სანქტ-პეტერბურგში, ეკატერინბურგში, ვორონეჟსა და კრასნოიარსკში. 2017 წლის 24 მაისს ჟეშარტში (კომის რესპუბლიკა) მდებარე ერთ-ერთი სახლი, სადაც იეჰოვას მოწმეები შეხვედრებს ატარებდნენ, გადაწვეს. ვანდალური თავდასხმებისა და პოლიციის მხრიდან რეიდების გარდა, იეჰოვას მოწმეებს თავს ესხმიან, სკოლებსა და სამუშაოებზე ემუქრებიან, ხოლო ზოგს სამსახურიდანაც კი ათავისუფლებენ.
იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი დეივიდ სიმონიანი აღნიშნავს: „მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეებს ძალიან აღელვებთ თანამორწმუნეების მდგომარეობა რუსეთში. აშკარაა, რომ ეს შემაშფოთებელი ფაქტები რუსეთის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილების შედეგია. ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილება 2017 წლის 19 მაისს გავასაჩივრეთ. ამით რუსეთის მთავრობას კიდევ ერთხელ ეძლევა შესაძლებლობა, წერტილი დაუსვას იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ მიმართულ ამ უკანონო და უსამართლო ქმედებებს. ჩვენ აგრეთვე ვასაჩივრებთ ჩვენი თანამორწმუნის, დენის კრისტენსენის, უსამართლო დაპატიმრების ფაქტს“.
საკონტაქტო პირი:
საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000