არჩეულ მასალაზე გადასვლა

ძმა ვადიმ კუცენკო მეუღლესთან, ეკატერინასთან ერთად (2018 წელი)

2020 წლის 18 თებერვალი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

პოლიციელებმა აწამეს ძმა ვადიმ კუცენკო რუსეთის ქალაქ ჩიტაში

პოლიციელებმა აწამეს ძმა ვადიმ კუცენკო რუსეთის ქალაქ ჩიტაში

2020 წლის 10 თებერვალს, გვიან საღამოს სამართალდამცავებმა აწამეს ძმა ვადიმ კუცენკო რუსეთის ქალაქ ჩიტაში. პოლიციელები სცემდნენ და გუდავდნენ ძმა ვადიმს და ელექტრო შოკით აწამებდნენ. ისინი აიძულებდნენ მას, რომ კრების წევრების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა მათთვის.

იმავე დღეს, დილით, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა იეჰოვას მოწმეთა დაახლოებით 40 სახლი გაჩხრიკეს ქალაქ ჩიტაში, მათ შორის, ძმა ვადიმის სახლიც. ღამის 11 საათზე სპეცრაზმის თანამშრომლებმა ძმა ვადიმი სიდედრის სახლში დააკავეს. მას ხელბორკილები დაადეს, თავზე ტომარა ჩამოაცვეს, ახლომდებარე ტყეში წაიყვანეს და აწამეს. ყველაფრის მიუხედავად, ძმა ვადიმმა არ გასცა ინფორმაცია თანაქრისტიანების შესახებ. როცა პოლიციელები მიხვდნენ, რომ ამგვარი მეთოდით ვერაფერს გახდებოდნენ, ვადიმი საგამოძიებო განყოფილებაში გადაიყვანეს შემდგომი დაკითხვისთვის.

ძმა ვადიმი წინასწარი პატიმრობის იზოლატორში მოათავსეს სამ ძმასთან ერთად, რომლებიც ჩიტაში ჩატარებული რეიდების შემდეგ იქნენ დაკავებულნი. ესენი იყვნენ: სერგეი კირილიუკი, პაველ მამალიმოვი და ვლადიმერ იერმოლაიევი.

ორი დღის შემდეგ ინგოდსკის რაიონულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და ძმები — კუცენკო, კირილიუკი და მამალიმოვი — 72 საათით წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს, ძმა იერმოლაიევი კი გაათავისუფლეს და შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.

15 თებერვალს დანარჩენი სამი ძმაც გაათავისუფლეს, ვინაიდან გამომძიებელს არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები მათთვის ბრალის წასაყენებლად. ისინი გაათავისუფლეს ისე, რომ მათ საქმეზე არ ჩატარებულა სასამართლო მოსმენა და არც რაიმე შეზღუდვა დაუდგენიათ მათთვის.

ვლოცულობთ, რომ ძმა ვადიმმა და რუსეთში მცხოვრებმა სხვა თანაქრისტიანებმა მოიკრიბონ გამბედაობა და გამაგრდნენ იმაში დარწმუნებულები, რომ იეჰოვა ნებისმიერი სირთულის დროს მათ გვერდით იქნება (იესო ნავეს ძე 1:7, 9).