არჩეულ მასალაზე გადასვლა

2020 წლის 1 ივლისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

პროკურორმა ალექსეი შატუნოვმა შეაჩერა ძმა დენის კრისტენსენის ვადამდელი გათავისუფლება

პროკურორმა ალექსეი შატუნოვმა შეაჩერა ძმა დენის კრისტენსენის ვადამდელი გათავისუფლება

2020 წლის 26 ივნისს ლგოვის ციხის ადმინისტრაციამ უკანონოდ გადაიყვანა ძმა დენის კრისტენსენი კარცერში, სადაც, ჩვეულებრივ, განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეებს სვამენ. თუ მხედველობაში მივიღებთ დენისის ჯანმრთელობის გაუარესების ფაქტს, ზემოაღნიშნული ქმედება, როგორც ჩანს, დენისის მორალურ გატეხვაზეა გათვლილი. პროკურატურამ შეიძლება ახალი ყალბი ბრალდებებიც კი წაუყენოს ძმა დენისს იმ მიზნით, რომ გაასაჩივროს მისი ვადამდელი გათავისუფლების გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე დღით ადრე მიიღო რაიონულმა სასამართლომ და რომელსაც პროკურატურაც უჭერდა მხარს.

ძმა დენისმა, რომელსაც 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, უკვე სასჯელის ნახევარზე მეტი მოიხადა. ერთი წლის მანძილზე მან არაერთხელ შეიტანა განცხადება ვადამდელი გათავისუფლების ან სასჯელის შემსუბუქების თაობაზე. მისი სამი განცხადება არც კი განიხილეს, მეოთხე განცხადების საფუძველზე კი სასამართლო პროცესი დაინიშნა. შედეგად, 2020 წლის 23 ივნისს ლგოვის რაიონულმა სასამართლომ დენის კრისტენსენს სასჯელის ვადა შეუმცირა და სანაცვლოდ ფულადი ჯარიმა დააკისრა. პროკურორმა არტემ კოფანოვმა მხარი დაუჭირა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას.

ორი დღის შემდეგ პროკურორმა ალექსეი შატუნოვმა უკანონოდ ცნო რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მოითხოვა ამავე სასამართლოში ახალი პროცესის დანიშვნა, რომელსაც სხვა მოსამართლე გაუძღვებოდა. ალექსეი შატუნოვის მოთხოვნას საფუძვლად ედო ლგოვის ციხის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული დეზინფორმაცია. ციხის ადმინისტრაცია ირწმუნებოდა, რომ დენის კრისტენსენი თავს არიდებდა მუშაობას და კარგი ყოფაქცევით არ გამოირჩეოდა.

მსგავსი ბრალდებები ისმოდა ციხის ადმინისტრაციის მხრიდან 23 ივნისსაც, როცა სასამართლო დენის კრისტენსენის ვადამდელი გათავისუფლების საკითხს განიხილავდა. მაგრამ მოსამართლემ მათი არგუმენტები ბათილად ცნო, რადგან ბრალდებულის მხარემ სასამართლოს სამედიცინო დასკვნა წარუდგინა, რომელიც ადასტურებდა, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო დენის კრისტენსენს არ შეეძლო ფიზიკური სამუშაოს შესრულება. ჩვენების მიცემის დროს ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენელმაც დაადასტურა, რომ ციხეში ფაქტობრივად არ არსებობდა ისეთი საქმე, რომლის შესრულებასაც გაუარესებული ჯანმრთელობის მიუხედავად დენის კრისტენსენი შეძლებდა.

მაშინ როცა პროკურატურა დენის კრისტენსენის ვადამდელი გათავისუფლების გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ემზადებოდა, ციხის ადმინისტრაციამ ძმა დენისის საწინააღმდეგოდ ორი ანგარიში მოამზადა. პირველ ანგარიშში ირწმუნებოდნენ, რომ დენის კრისტენსენი სასადილოში ყოველთვის აგვიანებდა, მეორე ანგარიშში კი ბრალს სდებდნენ, რომ ყაზარმაში ქურთუკს არ იცვამდა და მაისურით დადიოდა. სწორედ ამ მიზეზების გამო გადაიყვანეს ძმა დენისი კარცერში 10 დღით. არადა რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით, ციხის ადმინისტრაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია მიმართოს ასეთ ზომას, როცა პატიმარი უხეშად და ხშირად არღვევს ციხის წესებს. გასათვალისწინებელია ერთი გარემოებაც: ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაშიც კი კარცერში გადაყვანამდე პატიმარს ჯერ სამედიცინო შემოწმება უნდა ჩაუტარდეს. ძმა დენისს არც ციხის წესები დაურღვევია და კარცერში გადაყვანამდე არც სამედიცინო შემოწმება გაუვლია, ამიტომ მის მიმართ ასეთი მკაცრი ზომის გატარება ყოვლად გაუმართლებელია.

ამჟამად ძმა დენისი სხვა პატიმართან ერთად ზის საკანში, რომელიც 6 კვადრატული მეტრიც კი არაა. ვინაიდან სავენტილაციო სისტემა გაუმართავია, საკანი საკმაოდ ნესტიანდება, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ძმა დენისის ჯანმრთელობას. მან რამდენიმე თვის წინ პნევმონია გადაიტანა და ხერხემლის სერიოზული პრობლემებიც აქვს. დენის კრისტენსენის ადვოკატი ამბობს: „მიუხედავად იმისა, რომ ციხის ადმინისტრაციისთვის კარგადაა ცნობილი დენისის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ის მაინც გადაიყვანეს კარცერში. დენისს ხმელ საწოლზე უწევს ძილი, რის გამოც აუტანელ ტკივილს გრძნობს“.

როგორც ძმა დენისმა უთხრა თავის ადვოკატს, ციხის წესების დარღვევაში ადმინისტრაციამ სხვა პატიმრებიც დაადანაშაულა, თუმცა კარცერში მხოლოდ ის გადაიყვანეს. ადვოკატი დასძენს: „მოვლენების ამგვარ განვითარებას იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ ეს იყო კარგად მოფიქრებული გეგმა, რათა ხელი შეეშალათ ძმა დენისის ვადამდელი გათავისუფლებისთვის“.

რუსეთის ხელისუფლება ახალ და უფრო ცბიერულ მეთოდებს მიმართავს ჩვენი რუსი ძმების წინააღმდეგ. დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვა მათთვის კვლავაც საიმედო თავშესაფარი იქნება. მოდი ყველამ ვილოცოთ ძმა დენისისა და მისი მეუღლისთვის, ირინასთვის, რათა იეჰოვამ გააძლიეროს ისინი და ამ მეტად მძიმე პერიოდში ერთგულების შენარჩუნებაში დაეხმაროს (ფსალმუნი 94:13, 21, 22).