2015 წლის 2 დეკემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ტაგანროგის საქალაქო სასამართლომ 16 იეჰოვას მოწმე დამნაშავედ ცნო
11-თვიანი ხელახალი მოსმენის შემდეგ ტაგანროგის საქალაქო სასამართლომ 16 იეჰოვას მოწმე დამნაშავედ ცნო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ორგანიზებას უწევდნენ და ესწრებოდნენ მშვიდობიან რელიგიურ შეხვედრებს. სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება იმ კანონის საფუძველზე მიიღო, რომელიც ითვალისწინებს მათ დასჯას, ვინც ექსტრემისტულ საქმიანობასა და მის ორგანიზებაში იღებს მონაწილეობას. ეს სამართლებრივი დევნა არ განხორციელდებოდა, რომ არა 2009 წელს მომხდარი პრეცედენტი, როდესაც რაიონულმა სასამართლომ ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ კანონი უმართებულოდ გამოიყენა. a
2015 წლის 30 ნოემბერს მოსამართლე ალექსეი ვასიუჩენკომ ბრალდებული მოწმეებიდან ოთხს რელიგიური მსახურების ორგანიზებისთვის ხუთ წელზე მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა და თითოეულს 100 000 რუბლის (1 511 აშშ დოლარი) ოდენობის ჯარიმა დააკისრა. რაც შეეხება სხვა 12 ბრალდებულს, მოსამართლემ თითოეულს 20 000-დან 70 000-მდე რუბლის (300-დან 1 050-მდე აშშ დოლარი) ოდენობის ჯარიმა დააკისრა. მაგრამ იქვე მოსამართლემ გამოაცხადა, რომ ეს სასჯელი პირობითი იყო, დაკისრებული ჯარიმები კი გააუქმა. მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, რას შეიძლება ნიშნავდეს პირობითი სასჯელი მსჯავრდებულებისთვის. თუმცა ერთი რამ ცხადია: ამ გადაწყვეტილების შედეგად, ეს მოწმეები დღეს სისხლის სამართლის დამნაშავეებად ითვლებიან.
რთული არჩევნის წინაშე
ტაგანროგში მცხოვრები 800-ზე მეტი მოწმე საგონებელშია ჩავარდნილი, რადგან მათთვის უცნობია, რა შეიძლება მოჰყვეს მათ მშვიდობიან შეკრებებს, რომელთა დროსაც ბიბლიას განიხილავენ და ლოცულობენ. 16-ვე მოწმემ სასამართლოზე არაორაზროვნად განაცხადა, რომ როგორც იეჰოვას მოწმეები, კვლავაც განაგრძობენ ღვთისმსახურებას. ახლა, როცა მათ წინააღმდეგ განაჩენია გამოტანილი, ისინი შეიძლება სერიოზული გამოცდის წინაშე დადგნენ. მსჯავრდებულმა ალექსეი სკვორცოვმა ასეთი რამ თქვა: „სასამართლომ, შეიძლება ითქვას, განგვიცხადა, რომ თუ უარს არ ვიტყოდით საკუთარ რწმენაზე, დანაშაულის განმეორებით ჩადენისთვის დავისჯებოდით“.
რუსეთში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები შეაშფოთა ტაგანროგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ. ტაგანროგის მსგავსად, სამარასა და აბინსკშიც უმართებულოდ გამოიყენეს კანონი ექსტრემიზთან ბრძოლის შესახებ — იმის გამო, რომ იეჰოვას მოწმეები მშვიდობიანად ასრულებდნენ რელიგიურ მსახურებას, ექსტრემისტულ საქმიანობაში დაადანაშაულეს და მათი ადგილობრივი იურიდიული პირების ლიკვიდაცია მოახდინეს. სანამ რუსეთის მთავრობა ასეთ ტაქტიკას მიმართავს, მოსალოდნელია, რომ იეჰოვას მოწმეების თაყვანისცემის თავისუფლების უფლება კვლავაც დაირღვეს ამ ქვეყანაში.
გრძელდება ბრძოლა რელიგიის თავისუფლებისთვის
მიღებული გადაწყვეტილება იმის დასტურია, რომ რუსეთის მთავრობა ყოველ ღონეს ხმარობს, რათა აიკრძალოს იეჰოვას მოწმეების რელიგია რუსეთში. გასულ წელს უფლებამოსილმა პირებმა იეჰოვას მოწმეების ორი ადგილობრივი იურიდიული პირის საქმიანობა ექსტრემისტულად გამოაცხადეს. 2015 წლის მარტიდან მოწმეებს აეკრძალათ ქვეყანაში ნებისმიერი სახის რელიგიური ლიტერატურის შეტანა, თვით ბიბლიებისაც კი. ამა წლის ივლისში რუსეთმა ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, როგორიც მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ მიუღია — მან აკრძალა იეჰოვას მოწმეების ოფიციალური ვებგვერდი jw.org. მოწმეები ადგილობრივ სასამართლოებში ასაჩივრებენ ამ გადაწყვეტილებებს; ამასთანავე, მათ 28 საჩივარი შეიტანეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რათა მეტად აღარ დაირღვეს მათი უფლებები რუსეთში.
ტაგანროგში ზემოხსენებული 16 მოწმე გაასაჩივრებს მიღებულ გადაწყვეტილებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ხანგრძლივი იურიდიული ბრძოლა კვლავ გაგრძელდება. რუსეთში იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრის წარმომადგენელი, იაროსლავ სივულსკი აღნიშნავს: „მათი საქმე უკვე ორწელიწად-ნახევარზე მეტია, რაც მიმდინარეობს. რა სამწუხაროა, რომ მათ კვლავ მოუწევთ სასამართლოში სიარული მხოლოდ იმიტომ, რომ თავიანთი რელიგიის თავისუფლების უფლება დაიცვან, რაც კონსტიტუციით გარანტირებული ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა“.
იეჰოვას მოწმეები არ არიან ექსტრემისტები. მათი რელიგიური საქმიანობა, ძირითადად, იმას ემსახურება, რომ ხალხს ღვთისა და მოყვასის სიყვარული ასწავლონ. ტაგანროგში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები ზუსტად იმ მასალას განიხილავენ თავიანთ ყოველკვირეულ კრების შეხვედრებზე, რასაც მათი თანამორწმუნეები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში სამართალდამცავების მხრიდან იეჰოვას მოწმეების შეურაცხყოფისა და სასტიკი მოპყრობის 1 700-ზე მეტი ფაქტია დაფიქსირებული, შურისძიების მიზნით მოწმეების მხრიდან ერთხელაც არ ჰქონია ადგილი სამოქალაქო დაუმორჩილებლობას.
იეჰოვას მოწმეები იმედოვნებენ, რომ რუსეთის მთავრობა აღიარებს, რომ მათი რელიგიური მსახურება მშვიდობიანი ხასიათისაა და შეწყვეტს მათ სამართლებრივ დევნას ტაგანროგსა თუ სხვა ქალაქებში. რუსეთის მთავრობამ უფლება უნდა მისცეს იეჰოვას მოწმეებს, ისარგებლონ რელიგიის თავისუფლების ფუნდამენტური უფლებით, როგორც ქვეყანაში კანონით აღიარებული სხვა რელიგიები სარგებლობენ.
დროის დიაგრამა b
2015 წლის 22 იანვარი
ტაგანროგის საქალაქო სასამართლოში 16 იეჰოვას მოწმის საქმის ხელახალი განხილვა დაიწყო.
2015 წლის ივნისი
მოსამართლემ გადადო საქმის განხილვა და განაცხადა, რომ შემოდგომამდე არ მიიღებდა გადაწყვეტილებას.
2015 წლის 13 ნოემბერი
მოსამართლემ გადადო განაჩენის გამოტანა.
2015 წლის 30 ნოემბერი
ტაგანროგის საქალაქო სასამართლომ 16-ვე მოწმე დამნაშავედ ცნო. ყველას დაეკისრა ფულადი ჯარიმა, ხოლო ოთხ მათგანს ხუთ წელზე მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. თუმცა მოსამართლემ გამოაცხადა, რომ სასჯელი პირობითი იყო.
a იხილეთ სტატია „რუსეთში იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული“.
b იხილეთ სტატია „როდის მიიღებენ გადაწყვეტილებას 16 იეჰოვას მოწმის საქმის თაობაზე ტაგანროგში?“, რათა გაიგოთ, რით დაიწყო ყველაფერი და როგორ განვითარდა მოვლენები.