არჩეულ მასალაზე გადასვლა

რინატ კირამოვი 2023 წლის აპრილში გამართული სასამართლო მოსმენის დროს

20 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ, 2024
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

რინატ კირამოვს რუსეთის ციხეში ოთხი დღე აწამებდნენ

რინატ კირამოვს რუსეთის ციხეში ოთხი დღე აწამებდნენ

რინატ კირამოვი, რომელსაც 2023 წლის აპრილში შვიდი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, სასჯელს შრომა-გასწორების კოლონიაში იხდის. ერთი წლის შემდეგ, 2024 წლის 18 აპრილს, ციხის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, რინატი მოულოდნელად ახლომდებარე ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მტკიცებით, არსებობდა ეჭვი, რომ რინატი ტუბერკულოზით იყო დაავადებული. გადაყვანიდან ორი დღის შემდეგ პატიმრებმა რინატს დაკითხვა მოუწყვეს. რინატისგან ისინი ითხოვდნენ მის მშობლიურ ქალაქ ახტუბინსკში მცხოვრები იეჰოვას მოწმეების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. უარის მიღების შემდეგ პატიმრებმა მისი წამება დაიწყეს. ისინი მასზე ოთხი დღის განმავლობაში ფიზიკურად ძალადობდნენ და ელექტროშოკური იარაღიც კი გამოიყენეს. ისინი აგრეთვე რინატს დაძინების, დაჯდომის და ბანაობის საშუალებას არ აძლევდნენ; აიძულებდნენ, ღამითაც ფეხზე მდგარიყო. ნებას რთავდნენ, დღეში მხოლოდ ერთხელ ეჭამა.

რამდენიმე დღის შემდეგ ციხეში რინატის მოსანახულებლად მისი მეუღლე გალინა მივიდა. მის დანახვაზე შოკში ჩავარდა; რინატს მთელი სახე დალურჯებული ჰქონდა, ძლივს დადიოდა და ხელები უკანკალებდა. მომხდარის შესახებ გალინამ რინატის ადვოკატს შეატყობინა, რომელმაც დაუყოვნებლივ მოითხოვა მისთვის სამედიცინო შემოწმების ჩატარება და აღნიშნულ ფაქტზე გამოძიების დაწყება.

მომხდართან დაკავშირებით პროკურატურის წარმომადგენლები რინატს შეხვდნენ. მათ საჭიროდ ჩათვალეს, ჩატარებულიყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება. წამების ფაქტზე საკმარისი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ საქმე განსახილველად შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. გარდა ამისა, დადგინდა, რომ რინატს ტუბერკულოზი არ აღმოაჩნდა და 2024 წლის 17 მაისს სამედიცინო დაწესებულებიდან შრომა-გასწორების კოლონიაში დააბრუნეს, სადაც დღემდე იხდის სასჯელს.

რინატი გალინასთან ერთად დაპატიმრებამდე

რინატმა მეუღლეს გაუზიარა, რა დაეხმარა მას ამ უმძიმესი მომენტების ატანაში: „ერთადერთი, რაც შემეძლო, ლოცვა და ბიბლიურ მუხლებზე ფიქრი იყო. ამას ვერავინ წამართმევდა. მიხარია, რომ სანამ ეს მოხდებოდა, ბიბლიას ყოველთვის გულმოდგინედ ვიკვლევდი. ეს დამეხმარა, ბევრი ბიბლიური მუხლი გამეხსენებინა“. რინატმა მეუღლესთან საუბარში კიდევ ასეთი რამ თქვა: „არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავიანთი იდეოლოგიის ერთგულები რჩებიან და მზად არიან, ამის გამო სასტიკი მოპყრობაც კი აიტანონ. ისინი წამებას იეჰოვას წმინდა სულის დახმარების გარეშე უძლებენ. მე კი იეჰოვას უსაზღვრო ძალა მაძლიერებდა. ჩემთვის ვფიქრობდი: „სწორედ ახლა მაქვს შანსი, იეჰოვას ერთგულება დავუმტკიცო. ამიტომ უკან არ დავიხევ“.

რთულია, სიტყვებით გადმოსცე, რამხელა ტკივილის ატანა მოუწევდა რინატს ამ არაადამიანური მოპყრობის გამო. თუმცა გვამხნევებს იმაზე ფიქრი, რომ იეჰოვა ყოველთვის გვაძლევს „ძალას, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ (2 კორინთელები 4:7).