არჩეულ მასალაზე გადასვლა

2014 წლის 28 ნოემბერი
რუსეთი

გაამართლებს თუ პატიმრობას მიუსჯის როსტოვის საოლქო სასამართლო იეჰოვას მოწმეებს?

გაამართლებს თუ პატიმრობას მიუსჯის როსტოვის საოლქო სასამართლო იეჰოვას მოწმეებს?

2014 წლის 11 დეკემბერს როსტოვის საოლქო სასამართლოში 16 იეჰოვას მოწმის საქმის მოსმენა გაიმართება. მოწმეები ასაჩივრებენ მათ წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას. ისინი შევიწროების მსხვერპლი იმიტომ გახდნენ, რომ ესწრებოდნენ მშვიდობიანი სახის რელიგიურ შეხვედრებს და ორგანიზებას უწევდნენ მათ.

მოწმეების შევიწროება 2011 წელს დაიწყო, როცა ადგილობრივი სამართალდამცავები ძალის გამოყენებით შეიჭრნენ მათ სახლებში და გაჩხრიკეს, აგრეთვე ფარულად გადაიღეს მათი რელიგიური შეხვედრები. საბოლოოდ ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ მოწმეების წინააღმდეგ საქმე აღიძრა. საქმის განხილვამ ტაგანროგის საქალაქო სასამართლოში 15 თვეს გასტანა, და 2014 წლის 30 ივლისს გამოტანილი განაჩენის თანახმად, 7 იეჰოვას მოწმე დამნაშავედ ცნეს. მოსამართლემ შვიდივე მსჯავრდებულს დიდი ჯარიმა დააკისრა და ოთხ მათგანს ხანგრძლივი პატიმრობა შეუფარდა, მაგრამ დაუყოვნებლივ მოუხსნა ჯარიმები და სასჯელი პირობითად ცნო. მოსამართლემ ფორმალური საფუძვლების გამო უდანაშაულოდ ცნო სხვა ცხრა მოწმე, თუმცა მხარი დაუჭირა ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი „ექსტრემისტულ“ საქმიანობას ეწეოდნენ. 16-ვე მოწმემ გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება და მოითხოვა, რომ სრულიად მოუხსნან ბრალდება.

სასამართლო გადაწყვეტილება პროკურორმაც გაასაჩივრა. ის მოითხოვს, რომ როსტოვის საოლქო სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯოს ოთხ მოწმეს, რომლებიც რელიგიური მსახურები არიან და საქმის მოსმენის დასრულებისთანავე დააკავოს ისინი. ის აგრეთვე ითხოვს, რომ სასამართლომ შეცვალოს სხვა ცხრა მოწმესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება და დამნაშავედ ცნოს „ექსტრემისტული საქმიანობის“ გამო.

იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრის წარმომადგენელი რუსეთში, ვასილი კალინი, აღნიშნავს: „ვიმედოვნებ, რომ როსტოვის საოლქო სასამართლო დაინახავს, თუ როგორ გამრუდდა სამართალი იმ 16 ადამიანის შემთხვევაში, რომლებიც უკვე იყვნენ თავიანთი აღმსარებლობის გამო წნეხის ქვეშ, და მოუხსნის მათ ბრალდებას“.