2017 წლის 27 დეკემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
რუსეთის სააპელაციო სასამართლომ მხარი დაუჭირა ბიბლიის ექსტრემისტულად გამოცხადების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას
სააპელაციო სასამართლომ მხარი დაუჭირა ვიბორგის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსულ ენაზე შესრულებული ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ექსტრემისტულად გამოცხადების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე ძალაში შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიბლიის ეს თარგმანი აკრძალულია და მალე ექსტრემისტული მასალების ფედერალურ სიაში შევა. დღეს უკვე ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გავრცელება რუსეთში სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ითვლება. ამ წიგნის პირადი ეგზემპლარის ქონას შეიძლება დაჯარიმება ან უფრო მძიმე სასჯელი მოჰყვეს.
სასამართლომ უგულებელყო ის ფაქტი, რომ „ექსპერტებმა“ ბიბლიის წინააღმდეგ საფუძვლიანი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინეს
2017 წლის 20 დეკემბერს ლენინგრადის საოლქო სასამართლომ მხარი დაუჭირა ვიბორგის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ პროკურორისა თუ სასამართლოს მიერ დანიშნულმა „ექსპერტებმა“ ვერ დაასახელეს საფუძვლიანი მიზეზები, რის გამოც ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ექსტრემისტულად უნდა შერაცხულიყო. სასამართლოების გადაწყვეტილებები ეფუძნება იმ ეგრეთ წოდებულ ექსპერტთა მოსაზრებებს, რომლებიც ბიბლიის რუსულ ენაზე შესრულებულ ამ თანამედროვე თარგმანს არ ცნობენ.
საოლქო სასამართლოს სამკაციანმა კოლეგიამ აღიარა, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ შესახებ „ექსპერტთა“ დასკვნაში გარკვეული უზუსტობები შეინიშნებოდა, ამიტომ „ექსპერტები“ დაკითხვაზე გამოიძახა. სასამართლოს თავმჯდომარემ ლარისა გორბატოვამ ერთ-ერთ წამყვან „ექსპერტს“ ქალბატონ კრიუკოვას ჰკითხა, იყო თუ არა „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ბიბლია, რაზეც მან მიუგო, რომ ტრადიციული მართლმადიდებლური ეკლესიის მიხედვით, ეს წიგნი ბიბლია არ იყო. როდესაც დაცვის მხარის ერთმა ადვოკატმა ქალბატონ კრიუკოვას სთხოვა, ბიბლიიდან ერთი ციტატა მაინც მოეყვანა, რომელიც ექსტრემიზმის ნიშნებს შეიცავდა, მან მსგავსი ციტატის მოყვანა ვერ შეძლო. შემდეგ მოსამართლე გორბატოვამ ქალბატონ კრიუკოვას ჰკითხა, რა მიანიშნებდა იმაზე, რომ ეს თარგმანი ექსტრემისტული იყო; მან თავი აარიდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემას და თქვა, რომ ეს იურიდიული ხასიათის შეკითხვა იყო.
დაცვის მხარის ერთ-ერთი ადვოკატის კითხვაზე, რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით დაასკვნეს, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ბიბლია არ არის, ქალბატონმა კრიუკოვამ უპასუხა: „ბიბლიაში აღნიშნული უნდა იყოს, რომ ის პატრიარქის მიერ არის კურთხეული ან სიტყვასიტყვით უნდა მიჰყვებოდეს ამგვარ თარგმანებს“. შემდეგ კრიუკოვას ჰკითხეს, რატომ დაასკვნა მან და მისმა კოლეგებმა, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ არ იყო ადეკვატური თარგმანი. ქალბატონმა კრიუკოვამ და სხვა „ექსპერტებმა“ თავიანთი დასკვნის გასამყარებლად ვერანაირი დამაჯერებელი არგუმენტი ვერ დაასახელეს, რის შემდეგაც სასამართლომ მათი დაკითხვა დაასრულა.
იეჰოვას მოწმეების ადვოკატებმა სასამართლოს სთხოვეს, ეღიარებინა ის აშკარა ფაქტი, რომ „ექსპერტთა“ დასკვნა, რომელიც ვიკიპედიიდან ამოღებულ მასალებსა და მართლმადიდებლური სასულიერო სემინარიის სტუდენტთა მოსაზრებებს შეიცავდა, მიკერძოებული და არაობიექტური იყო. მოსამართლეებმა ეს თხოვნა დააკმაყოფილეს, თუმცა უარი განაცხადეს დაცვის მხარის შუამდგომლობაზე, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მიუკერძოებელ ექსპერტებს შეესწავლათ და სასამართლო პროცესი კვლავ დანიშნულიყო.
რის მიღწევა სურს რუსეთის ხელისუფლებას ბიბლიის აკრძალვით?
დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას იეჰოვას მოწმეების ერთ-ერთმა ადვოკატმა სასამართლოს შემდეგი კითხვებით მიმართა: „რა იურიდიული საფუძველი გააჩნია პროკურატურის ქმედებას? რის მიღწევა სურს? იმის მიღწევა ხომ არა, რომ რუსეთის ათასობით მოქალაქემ, ვინც ბიბლიის ამ თარგმანს იყენებს, დაწვას ეს წიგნი? ან, თუ ეს არ არის მათი მიზანი, მაშინ ის უნდათ, რომ ამ ადამიანების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი საქმეები აღიძრას?“.
რუსეთის სასამართლოებმა იეჰოვას მოწმეების ლიტერატურა ექსტრემისტულად გამოაცხადეს, რაც იმის შედეგია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნულ საქმეზე სათანადო რეაგირება არ მოახდინა. მოწმეებს ძალიან აშფოთებთ ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულება. ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ რუსეთის კანონმდებლობა კრძალავს ექსტრემისტული შინაარსის ლიტერატურის გავრცელებას ან მათ შენახვას დიდი რაოდენობით, თუმცა შემაშფოთებელია ის, რომ რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების ქმედებები ამ კანონის ყოველგვარ ფარგლებს სცდება. ისინი ჩხრეკენ იეჰოვას მოწმეების სახლებს და ადმინისტრაციულ საქმეებს აღძრავენ მოწმეების წინააღმდეგ მხოლოდ იმის გამო, რომ მათ რამდენიმე პუბლიკაციის პირადი ეგზემპლარები აღმოუჩინეს. გარდა ამისა, უფლებამოსილმა პირებმა სამხილების გაყალბების მიზნით რამდენიმე აკრძალული პუბლიკაცია იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზებში შეიტანეს და შემდეგ ჩხრეკის დროს ვითომ აღმოაჩინეს. მოგვიანებით კი ამ ყალბი სამხილების საფუძველზე იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირების ლიკვიდაცია მოახდინეს და მოწმეების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი საქმეები აღძრეს.
ხომ არ გახშირდება იეჰოვას მოწმეების სახლების ჩხრეკის ფაქტები? აღძრავენ მოწმეების წინააღმდეგ ადმინისტრაციულ თუ სისხლის სამართლებრივ საქმეებს იმ შემთხვევაში, თუ მათ ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ პირად ეგზემპლარებს აღმოუჩენენ? დრო გვიჩვენებს, რა შედეგები მოჰყვება ამ გადაწყვეტილებას და რა ზომებს მიმართავს რუსეთის ხელისუფლება იეჰოვას მოწმეების რელიგიის თავისუფლების შესაზღუდად.