არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნიდან მარჯვნივ: ანდრეი მაგლივი, ვლადიმერ კულიასოვი, გალია ოლხოვა, ტატიანა ალუშკინა, ვლადიმერ ალუშკინი და დენის ტიმოშინი (ლენინსკის რაიონული სასამართლო, 2019 წლის 5 დეკემბერი)

2019 წლის 17 დეკემბერი
რუსეთი

რუსეთის სასამართლომ ძმა ვლადიმერ ალუშკინს ექვსწლიანი პატიმრობა შეუფარდა, ხუთ იეჰოვას მოწმეს კი — პირობითი სასჯელი

რუსეთის სასამართლომ ძმა ვლადიმერ ალუშკინს ექვსწლიანი პატიმრობა შეუფარდა, ხუთ იეჰოვას მოწმეს კი — პირობითი სასჯელი

2019 წლის 13 დეკემბერს, პარასკევ დილას, პენზაში ლენინსკის რაიონულმა სასამართლომ ძმა ვლადიმერ ალუშკინს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას სასამართლო დარბაზშივე დაადეს ხელბორკილები და ციხეში გადაიყვანეს. იმავე ბრალდებით იყო დაკავებული სხვა ხუთი იეჰოვას მოწმეც, მათ შორის ვლადიმერის მეუღლე ტატიანაც. სასამართლომ ხუთივეს (სამი ძმა და ორი და) ორწლიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდა. ექვსივე და-ძმა გაასაჩივრებს აღნიშნულ განაჩენს.

როგორც ცნობილია, 2018 წლის 15 ივლისს ძმა ვლადიმერ ალუშკინი მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც მის სახლში დაახლოებით თორმეტი ნიღბიანი პოლიციელი იარაღის მუქარით შეიჭრა. ისინი დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში ჩხრეკდნენ მის სახლს. მათ წაიღეს მობილური ტელეფონები, ელექტრონული მოწყობილობები, ბიბლიები და ჩვენი ორგანიზაციის მიერ გამოცემული ზოგიერთი პუბლიკაცია. იმ დღეს პოლიციელებმა სხვა ხუთი იეჰოვას მოწმის სახლიც გაჩხრიკეს და ორმოცამდე და-ძმა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს დასაკითხად.

სანამ ძმა ვლადიმერს „პერვომაისკის რაიონული სასამართლოს“ ბრძანებით წინასწარი პატიმრობის იზოლატორში გადაიყვანდნენ ორი თვით, ის ორი დღე ადგილობრივ სამეთვალყურეო დაწესებულებაში ამყოფეს. რაიონულმა სასამართლომ ვლადიმერს ორჯერ გაუხანგრძლივა წინასწარი პატიმრობის ვადა. ექვსი თვის შემდეგ მას შინა პატიმრობა მიუსაჯეს; 13 დეკემბერს კი საბოლოო განაჩენი გამოუტანეს.

ვლადიმერთან ერთად დააკავეს სამი ძმაც, რომელთა წინააღმდეგაც მსგავსი შინაარსის სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული. მათი სახელებია: ვლადიმერ კულიასოვი, ანდრეი მაგლივი და დენის ტიმოშინი. ისინი შინა პატიმრობაში რჩებიან საბოლოო განაჩენის გამოტანამდე. ორ დას, ტატიანა ალუშკინსა და გალია ოლხოვას, სასამართლომ 2019 წლის თებერვლიდან გარკვეული შეზღუდვები დაუწესა, რაც გულისხმობს ქვეყნიდან გასვლისა და სხვებთან ურთიერთობის აკრძალვას.

2019 წლის აგვისტოში თვითნებურად დაკავების საკითხებზე მომუშავე გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა აღნიშნული საქმის თაობაზე გამოაქვეყნა 12-გვერდიანი დასკვნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ „ძმა ალუშკინის დაკავება, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანა და მისთვის ბრალის წაყენება ყოვლად უსაფუძვლო იყო“. ამ დასკვნაში აგრეთვე აღნიშნული იყო, რომ „მდგომარეობის გამოსასწორებლად, ვლადიმერ ალუშკინი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“. ამ ექვსი და-ძმის ადვოკატებმა თავიანთი მტკიცებულებები სწორედ გაეროს ზემოხსენებული ჯგუფის შეხედულებებზე დააფუძნეს. 13 დეკემბრის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ 2017 წელს რუსეთის უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც იეჰოვას მოწმეების საქმიანობის აკრძალვას ეხებოდა, გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე თვითნებურად დაკავების საკითხებზე მომუშავე გაეროს ექსპერტთა ჯგუფის მოსაზრებები.

წელს რუსეთის მთავრობამ 18 და-ძმა ცნო დამნაშავედ, რომელთაგან 9 ძმას სხვადასხვა ხანგრძლივობის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 40-ზე მეტ და-ძმას პირობითი მსჯავრი აქვს შეფარდებული, 19-ს კი — შინაპატიმრობა. მთლიანობაში რუსეთში დაახლოებით 300 და-ძმის წინააღმდეგაა აღძრული სისხლის სამართლის საქმე.

გულს გვიკლავს ჩვენი და-ძმების შესახებ ასეთი ამბების გაგება, თუმცა ეს ჩვენთვის მოულოდნელი არ არის, რადგან ეს ყველაფერი ნაწინასწარმეტყველები იყო. მაგრამ ისიც ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ მოსიყვარულე ღმერთი, იეჰოვა თავისი ერთგული ხალხის გვერდით იქნებოდა. ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ თქვენზეც დაავანოს „დიდების სული, ღვთის სული“ (1 პეტრე 4:12—14).