2019 წლის 11 ნოემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
რუსეთის სასამართლომ ძმა სერგეი კლიმოვს ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, რაც ყველაზე მკაცრი სასჯელია 2017 წლის აკრძალვის შემდეგ
განახლებული ინფორმაცია | რუსეთის საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს სერგეი კლიმოვის საჩივარს
2022 წლის 27 იანვარს რუსეთის საერთო იურისდიქციის მერვე საკასაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სერგეი კლიმოვის საჩივარი. ის კვლავ პატიმრობაში რჩება.
2019 წლის 5 ნოემბერს ქალაქ ტომსკის რაიონულმა სასამართლომ ძმა სერგეი კლიმოვს ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. კიდევ ერთი ძმა, ვისაც ასეთი ხანგრძლივი ვადით აქვს პატიმრობა მისჯილი, დენის კრისტენია. თუმცა სასამართლომ ძმა სერგეის დამატებითი შეზღუდვებიც დაუწესა, რის გამოც მისი განაჩენი 2017 წლის აკრძალვის შემდეგ ყველაზე მკაცრ განაჩენად ითვლება.
სერგეი 2018 წლის 3 ივნისს დააკავეს, მაშინ როცა პოლიცია იეჰოვას მოწმეთა ორ სახლში რეიდს ატარებდა. იმ დროს 30 იეჰოვას მოწმე, მათ შორის 83 წლის ხანდაზმული და, დასაკითხად გადაიყვანეს განყოფილებაში. ძმა სერგეის გარდა ყველა გაათავისუფლეს. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. პატიმრობის ვადა სერგეის შვიდჯერ გაუზარდეს და სანამ საბოლოო განაჩენს, ექვსწლიან პატიმრობას მიუსჯიდნენ, წელიწადი და ხუთი თვე მოუწია ოჯახისგან განცალკევებით, წინასწარი პატიმრობის იზოლატორში ყოფნა.
ძმა სერგეი კლიმოვის ადვოკატები აღნიშნულ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ. 2018 წლის 20 აგვისტოს მათ უკვე შეიტანეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი, სათაურით „კლიმოვი რუსეთის წინააღმდეგ“, რომელიც სერგეის წინასწარ პატიმრობას უკავშირდება.
2019 წლის განმავლობაში რუსეთში გახშირდა რეიდები, იეჰოვას მოწმეთა დაკავებები და დაპატიმრებები. მიუხედავად ამისა, ჩვენი და-ძმები ერთგულებას და მხნეობას ინარჩუნებენ. გვამხნევებს რუსეთში მცხოვრები და-ძმების მაგალითი, რომლებიც ბოლომდე იეჰოვაზე არიან მინდობილნი (ფსალმუნი 56:1—5, 9).