2019 წლის 19 თებერვალი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
რუსეთის სასამართლოს უსამართლო განაჩენი გამოაქვს და ექვსწლიან პატიმრობას უსჯის დენის კრისტენსენს
როგორც 2019 წლის 6 თებერვალს გახდა ცნობილი, ორიოლის ოლქში მდებარე ჟელეზნოდოროჟნის რაიონულმა სასამართლომ ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა დენის კრისტენსენს მშვიდობიან რელიგიურ საქმიანობაში მონაწილეობის გამო. აღნიშნულ საქმეზე სარჩელი აღძრულია ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში.
დენის კრისტენსენისთვის გამოტანილ განაჩენს ექვსწლიანი პატიმრობის შესახებ საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. ევროსაბჭოს დაქვემდებარებაში მყოფმა ორგანიზაციებმა, ევროკავშირმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიამ, გაეროს ადამიანის უფლებათა საგამოძიებო კომისიამ და სხვა ორგანიზაციებმა დაგმეს რუსეთის ხელისუფლების მიერ დენის კრისტენსენის უსამართლო და უკანონო დევნა.
გაეროს ადამიანის უფლებათა საგამოძიებო კომისიის წარმომადგენელმა, მიშელ ბაშელემ, გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ის აღნიშნავს: „კრისტენსენისთვის გამოტანილი სასტიკი განაჩენი ქმნის სახიფათო პრეცედენტს და მნიშვნელოვანწილად ახდენს რუსეთში მცხოვრებ იეჰოვას მოწმეთა მრწამსისა და რელიგიური თავისუფლების უფლების კრიმინალიზაციას“. მან მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, რომ „კიდევ ერთხელ გადახედოს ექსტრემისტულ საქმიანობასთან ბრძოლის შესახებ ფედერალურ კანონს, უფრო გასაგები გახადოს „ექსტრემისტული საქმიანობის“ ბუნდოვანი და ორაზროვანი განმარტება და დარწმუნდეს, რომ განმარტებაში შევა ძალადობისა და სიძულვილის ელემენტები“. ქალბატონმა ბაშელემ ბოლოს მოსთხოვა რუსეთის ხელისუფლების უფლებამოსილ პირებს: „შეწყვიტეთ მათი დადანაშაულება და გაათავისუფლეთ ყველა, ვინც სიტყვის, აზრის, რელიგიის, მშვიდობიანი შეკრების უფლებებით სარგებლობის გამოა დაპატიმრებული“.
ძმა დენისისთვის განაჩენის გამოტანიდან ორი დღის შემდეგ ადამიანის უფლებების დამცველმა ოთხმა ცნობილმა ექსპერტმა პრესკონფერენცია გამართა მოსკოვში. დარბაზი ბოლომდე სავსე იყო ხალხით, ხოლო 6 000-ზე მეტი ადამიანი პირდაპირი ტრანსლაციის საშუალებით ადევნებდა თვალყურს ამ ერთსაათიან შეხვედრას. ყველა გამომსვლელი თავის სიტყვაში იცავდა იეჰოვას მოწმეებს და ამტკიცებდა, რომ ეს მშვიდობისმყოფელი ხალხი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა საზოგადოებისთვის.
პრესკონფერენციანზე მონაწილეობას იღებდა ძმა დენის კრისტენსენის ადვოკატი ანტონ ბოგდანოვი, დენისის მეუღლე ირინა და იეჰოვას მოწმეების ევროპული ასოციაციის წარმომადგენელი, იაროსლავ სივულსკი. მათ გააკეთეს განცხადებები ამ უსამართლო გადაწყვეტილების თაობაზე და უპასუხეს პრესის მიერ დასმულ შეკითხვებს.
თითქმის ორწლიანი პატიმრობის მიუხედავად, ძმა დენისი ინარჩუნებს სიხარულს და გადაწყვეტილი აქვს, ბოლომდე მიენდოს იეჰოვას. საბოლოო განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე დღით ადრე, სიტყვით გამოსვლისას ძმა დენისმა დასძინა: „ადრე თუ გვიან სიმართლეს ნათელი ეფინება და ასე იქნება ამ შემთხვევაშიც“. მან წაიკითხა გამოცხადების 21:3—5 და მთელი დამაჯერებლობით განაცხადა: „აქ საუბარია დროზე, როცა ღმერთი სამართლიანობითა და ნამდვილი თავისუფლებით უზრუნველყოფს ადამიანებს. თავისუფლება და სამართლიანობა მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. ღმერთი აუცილებლად იზრუნებს, რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს“.
ძმა დენისი 20 თვეზე მეტია, რაც ორიოლის ოლქში მდებარე ნომერ პირველ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება და ელის საქმის შემდგომი გასაჩივრების პროცესს.
ჩვენ კვლავ ვთხოვთ იეჰოვას, რომ გააძლიეროს ძმა დენის კრისტენსენი, მისი მეუღლე და რუსეთში მცხოვრები ყველა ჩვენი თანაქრისტიანი (1 პეტ. 3:12).
განაჩენის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე საერთაშორისო მედიის, RFE/RL-ის, წარმომადგენლებმა, გადაიღეს დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით «რუსეთის სასამართლო — „რელიგიური თავისუფლების გამოცდა“».