2021 წლის 21 იანვარი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
რუსეთის სასამართლო დამნაშავედ ცნობს და ანასტასია სიჩიოვას კრების შეხვედრებში მონაწილეობის გამო
განაჩენი
2021 წლის 21 იანვარს ებრაელთა ავტონომიურ ოლქში მდებარე ობლუჩენსკის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ანასტასია სიჩიოვა. მას ორწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს. ამჟამად ანასტასიას არ მოუწევს სასჯელის ციხეში მოხდა.
ზოგადი ინფორმაცია
ანასტასია სიჩიოვა
დაიბადა: 1977 წელს ტეპლოოზიორსკში (ებრაელთა ავტონომიური ოლქი).
ბიოგრაფია: ჰყავდა ოთხი დედმამიშვილი, რომელთაგან ორი გარდაცვლილია. დაამთავრა სამედიცინო სასწავლებელი და მიიღო ექთნის სპეციალობა. მუშაობდა სტომატოლოგიურ კლინიკაში, შემდეგ კი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. უფროსი დის გარდაცვალების შემდეგ საკუთარ თავზე აიღო ორი დისშვილის მეურვეობა. უვლიდა დედას, რომელიც ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
მოზარდობის წლებში ბევრს ფიქრობდა იმაზე, თუ რა ხანმოკლეა ადამიანის ცხოვრება. ამის გამო დაიწყო ბიბლიის შესწავლა, რის შემდეგაც თავის კითხვებზე დამაკმაყოფილებელი პასუხები იპოვა. მოინათლა და იეჰოვას მოწმე გახდა 1994 წელს.
სასამართლო საქმე
2019 წლის ოქტომბერში რუსმა სამართალდამცავებმა ანასტასია „ექსტრემისტთა“ სიაში შეიყვანეს. 2019 წლის 25 სექტემბერს ბირობიჯანში მდებარე რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო განყოფილებამ საქმე აღძრა ანასტასიას წინააღმდეგ. მას ბრალად წაუყენეს იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაციის საქმიანობებში მონაწილეობა. კერძოდ ის, რომ იგი ესწრებოდა კრების შეხვედრებს და თავისი რწმენის შესახებ სხვებთან საუბრობდა.
სასამართლო მოსმენების დროს პროკურორი რთავდა ანასტასიას სატელეფონო საუბრების და შეხვედრებზე დასწრების დამამტკიცებელ აუდიო და ვიდეოჩანაწერებს. პროკურორმა განაცხადა, რომ ჩანაწერები მოწმობდა ჩვენი დის „ექსტრემისტულ“ საქმიანობაში მონაწილეობის ფაქტებს. ანასტასიამ კი ეს ეგრეთ წოდებული მტკიცებულება დამოწმების საშუალებად გამოიყენა. მან ახსნა, რომ იეჰოვას მოწმეთა შეხვედრებზე ადამიანები სწავლობენ, როგორ განივითარონ თანაგრძნობა, მიმტევებლობა, მოთმინება და სხვა ქრისტიანული თვისებები.
სასამართლოს წინაშე საბოლოოდ გამოსვლისას ანასტასიას უფლება მისცეს, აეხსნა, რა დადებითი გავლენა მოახდინა ბიბლიამ მის ცხოვრებაზე. მან ასეთი სიტყვები თქვა: «დღეს მე ჩემი რწმენის გამო მასამართლებენ და იმიტომ, რომ მონაწილეობას ვიღებ რელიგიურ საქმიანობაში, რაშიც შედის ის, რომ ვკითხულობ ბიბლიას, მეგობრებთან ერთად განვიხილავ წმინდა წერილებს, ვმღერი იეჰოვას განმადიდებელ სიმღერებს და მას ლოცვით მივმართავ.
როგორ უნდა უგულებელვყო მოწოდება, რომელიც ებრაელების მე-10 თავის 24-ე და 25-ე მუხლებშია ჩაწერილი? იქ ასეთი რამ წერია: „ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისკენ. ნუ მოვიშლით ერთად შეკრებას ზოგიერთებივით, პირიქით, გავამხნეოთ ერთმანეთი, მით უმეტეს, რომ ვხედავთ იმ დღის მოახლოებას“. თუ თავად უზენაესი ღმერთი იეჰოვა მომიწოდებს იმისკენ, რომ შევხვდე ჩემს მეგობრებს, ჩემს თანაქრისტიანებს, რათა ერთად წავიკითხოთ ბიბლია, გავამხნეოთ ერთმანეთი და გამოვავლინოთ სიკეთე ერთმანეთის მიმართ, როგორ არ უნდა დავემორჩილო მას? ღმერთი ძალიან მიყვარს, პატივს მივაგებ და ვეთაყვანები მას!»
გვიხარია, რომ ანასტასიამ ასე გაბედულად დაიცვა საკუთარი რწმენა და აჩვენა, რომ მას სიმტკიცე და შემართება არ დაუკარგავს. ვლოცულობთ, რომ მან კვლავ შეინარჩუნოს სიხარული და რწმენის ამგვარმა გამოცდებმა უფრო გააძლიეროს (იაკობი 1:2, 3).