2020 წლის 18 დეკემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
რუსეთის სასამართლო დამნაშავედ ცნობს ძმებს, ნიკოლაი კუზიჩკინს და ვიაჩესლავ პოპოვს
განაჩენი
2020 წლის 18 დეკემბერს სოჭში მდებარე ხოსტინსკის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო ძმები ნიკოლაი კუზიჩკინი და ვიაჩესლავ პოპოვი. სასამართლომ ძმა ნიკოლაის წელიწადი და ერთი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ხოლო ვიაჩესლავს — წელიწადი და ათი თვით. თუმცა ამ ძმებს არ მოუწევთ სასჯელის ციხეში მოხდა, რადგან განაჩენის გამოტანამდე ეს ვადა მათ უკვე მოხდილი ჰქონდათ წინასწარი დაკავების იზოლატორში. ვიაჩესლავს, რომელიც ჯერ კიდევ წინასწარი დაკავების დაწესებულებაში იმყოფება, სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთანავე გაათავისუფლებენ; ნიკოლაი კი უკვე გათავისუფლებულია შინაპატიმრობიდან.
ზოგადი ინფორმაცია
ნიკოლაი კუზიჩკინი
დაიბადა: 1951 წელს კოსტრომის ოლქში.
ბიოგრაფია: მუსიკალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ პიანინოს ამწყობად დაიწყო მუშაობა. მეუღლე ოლღასთან ერთად სამი ვაჟი აღზარდა. აგრეთვე არის გამოცდილი მეფუტკრე.
იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო 1990-იანი წლების დასაწყისში. ბიბლიური წინასწარმეტყველების შესრულების საკუთარი თვალით დანახვამ აღძრა, თავი მიეძღვნა იეჰოვასთვის. მოინათლა 1993 წელს.
ვიაჩესლავ პოპოვი
დაიბადა: 1974 წელს ტომსკში.
ბიოგრაფია: ბავშვობიდან აინტერესებდა ხელოვნება და გახდა ინტერიერის დიზაინერი. კოლეჯში სწავლის დროს გაიცნო იულია და მასზე იქორწინა 1998 წელს. ჰყავთ გოგონა და ორი ვაჟი. 2010 წელს საცხოვრებლად გადავიდნენ სოჭში. ოჯახის ჰობია თხილამურებით სრიალი და ზღვის სანაპიროზე სეირნობა.
იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა თავდაპირველად იულიამ დაიწყო. მამის გარდაცვალების შემდეგ ვიაჩესლავი დიდად ანუგეშა ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ. მოინათლა 2004 წელს.
სასამართლო საქმე
2019 წლის 10 ოქტომბერს საიდუმლო სამსახურის ოფიცერთა შეიარაღებულმა ჯგუფებმა, რომელთაც თან ძაღლები ჰყავდათ, ჩხრეკა ჩაატარეს ქალაქ სოჭში (რუსეთი) მდებარე იეჰოვას მოწმეების 36 სახლში.
ჩხრეკის დროს დიდი თუ პატარა სახით იატაკზე დააწვინეს. მოახდინეს მობილურების, პლანშეტების, კომპიუტერების, ლიტერატურის, ბლოკნოტებისა და საფოსტო ბარათების კონფისკაცია. ზოგ სახლში ოფიცრებმა აკრძალული რელიგიური ლიტერატურა ფარულად შეიტანეს და ჩხრეკის დროს „აღმოაჩინეს“. ამ ცრუ მტკიცებულების საფუძველზე დააპატიმრეს ძმები ნიკოლაი კუზიჩკინი და ვიაჩესლავ პოპოვი. მეორე დღეს ორივე მათგანი წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.
ძმა ნიკოლაის ჯანმრთელობის არაერთი სერიოზული პრობლემა აქვს. მან ბევრჯერ მოითხოვა სამედიცინო დახმარების მიღება, მაგრამ სასამართლოს მოხელეებმა არცერთხელ არ დააკმაყოფილეს მისი მოთხოვნა. მათ განაცხადეს, რომ ნიკოლაის დაავადებები არ შედის „იმ დაავადებათა ჩამონათვალში, რომელთა საფუძველზეც ადამიანი თავისუფლდება სასჯელის მოხდისგან“. მოგვიანებით ნიკოლაის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა იმის გამო, რომ ის გადაიყვანეს პატიმრებით გადაჭედილ საკანში, სადაც მწეველებიც იმყოფებოდნენ.
მართალია, ციხის პირობებში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ ნიკოლაიმ დადებით ფაქტზე გაამახვილა ყურადღება: „ციხე რენტგენივითაა, რომელიც შინაგან პიროვნებას ააშკარავებს. აქ კარგად ჩანს, გაქვს თუ არა ქრისტიანული თვისებები“. ასეთი რთული მდგომარეობის მიუხედავად ნიკოლაი ციხეში მშვიდობიანი და კეთილი ადამიანის რეპუტაციით სარგებლობდა. ის დიდ დახმარებას უწევდა პატიმრებს, რომლებიც დეპრესიით იტანჯებოდნენ და თვითმკვლელობაზე ფიქრებს ებრძოდნენ.
წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნის ვადა ნიკოლაის ექვსჯერ გაუხანგრძლივეს. 2020 წლის 22 აპრილს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ის შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. ნიკოლაი ძალიან დასუსტდა და ფეხზე დგომაც აღარ შეეძლო. მხოლოდ ამ დროს დართეს მას მკურნალობის ნება.
ვიაჩესლავს ერთ წელზე მეტი ხნით მოუწია ოჯახთან განშორება, რადგან მას 14-ჯერ გაუხანგრძლივეს წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნის ვადა.
ნიკოლაი და ვიაჩესლავი ძლიერ რწმენას ავლენენ და მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, ბოლომდე იეჰოვას უზენაესობას დაუჭირონ მხარი, რითაც შესანიშნავ მაგალითს გვაძლევენ. ისინი ჰბაძავენ ფსალმუნმომღერალს, რომელმაც ფსალმუნის 16:8-ში ასეთი სიტყვები დაწერა: „ყოველთვის თვალწინ მიდგას იეჰოვა. არ წავიფორხილებ, რადგან მხარში მიდგას იგი“.